"დღეს კომპანიის მდგომარეობა გაცილებით სტაბილურია, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთის ბაზარზე ვიყავით"
- როგორ შეაფასებდით დღეს "ბორჯომის” ბიზნესის მდგომარეობას? ერთი მხრივ, რუსულმა ემბარგომ, ხოლო, მეორეს მხრივ, მსოფლიო საფინანსო კრიზისმა რა ზეგავლენა მოახდინა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე?- სანამ 2006 წლის 6 მაისს "ბორჯომი” და საერთოდ ქართული პროდუქცია რუსეთში აიკრძალებოდა, მანამდე ჩვენი ბრენდი საკმაოდ სერიოზულად იყო წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე. ჩვენი წარმოებული პროდუქტის 65% რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა და კომპანიის ყოველწლიური ზრდა შეადგენდა 30%-ს. 2006 წელს ამ ზრდით ჩვენ გავდიოდით იმ მასშტაბზე, რა პიკური წარმოებაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. სამწუხაროდ, გამოცხადებული ემბარგოს შედეგად ეს ზრდა შეჩერდა და ბაზარი დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო კომპანიისათვის და ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო. კომპანია თითქმის გაჩერების პირას დადგა, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქციის ქსელიდან ამოღება მოგვიხდა. რომელსაც სერიოზული ფინანსური დანახარჯები მოჰყვა. კომპანიამ ათობით მილიონის ზარალი განიცადა. ის, რომ კომპანია გამოვიდა ამ მძიმე ვითარებიდან მენეჯმენტის დამსახურებაა, რომელსაც ეყო გამოცდილება და მართვის შესაძლებლობის უნარი კრიზისულ პერიოდში. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მდგომარეობაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ გაგვესტუმრებინა ვალდებულებები რომლებიც კომპანიას გააჩნდა იმ დროისთვის. უნდა მომხდარიყო ყველა მომწოდებელთან შეხვედრა, შეთანხმება, რომ მომხდარიყო ამ უკვე დამდგარი ვალდებულებების გადავადება, რადგან ყველა ბანკმა დაფინანსებაზე უარი გვითხრა. ჩვენ მოვახერხეთ ვალდებულებების გადავადება და ამისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. შემდეგ კომპანიამ დასახა კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს იყო დაკარგული გაყიდვების დივერსიფიცირება სხვა ბაზრებზე. ასევე, დავიწყეთ აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკის წარმოება იმ ბაზრებზე, სადაც იმ პერიოდისათვის `ბორჯომი” იყო წარმოდგენილი. დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ დასახული სტრატეგია კარგად განვახორციელეთ. მივაღწიეთ იმას, რომ მოვახდინეთ გაყიდვების გადანაწილება სხვადასხვა ბაზრებზე, ამასთან, დამატებით შევედით ახალ ბაზრებზე. ჩვენ ვაწარმოეთ აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკა ისეთ ბაზრებზე როგორიც იყო უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბალტიისპირეთი, ამით ჩვენ ფაქტობრივად გავასამმაგეთ გაყიდვები. 2007 წელს საქართველოს ბაზარზე გამოვუშვით ახალი პროდუქტი, პოპულარული მინერალური წყალი `ლიკანი”, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ წარმატებას მიაღწია და დღესდღეობით ბაზრის საკმაოდ სერიოზულ წილს ფლობს. აი, ამ შედეგებით მივედით 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე. 2008 წელს ჩვენ ვუახლოვდებოდით გაყიდვების იმ მაჩვენებლებს, რაც გვქონდა 2006 წლის 6 მაისამდე ანუ ემბარგომდე. ეს იყო სერიოზული წარმატება. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ამბიციური გეგმებიც, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა ამბიციური გეგმა რისკის ქვეშ დააყენა. 2008 წლის ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ჩვენი გაყიდვები 40%-ით შემცირდა, რითაც საკმაოდ სერიოზული ზარალი განვიცადეთ, მაგრამ 2009 წელს ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის, რომ გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან და შეგვენარჩუნებინა ის გაყიდვები, რაც 2008 წელს მთლიანობაში გვქონდა. ახლა წლის ბოლოა და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი.
ახალი ბაზრების ათვისების პროცესი არ შეჩერებულა. წელს ჩვენ შევედით იაპონიაში, თურქეთში, ავსტრიაში, შევდივართ ეგვიპტეში. ეს პროცესი მიმდინარეობს, რადგან სტრატეგია, გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოების კუთხით, 2010 წელსაც აქტუალურია. ახალ ათვისებული ბაზრებიდან ყველაზე პერსპექტიული თურქეთია. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი იმედები გვაქვს.
- საერთაშორისო კომპანია IDS-დ ჩამოყალიბება, რა სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება, როგორია IDS-ს სტრუქტურა, რა მიმართებაა IDS INTERNATIONAL-ს, IDS RUSSIA-სა და საკუთრივ IDS-ს შორის, სად მდებარეობს კომპანიის სათაო ოფისი, სად არის განთავსებული ევროპული, უკრაინული და რუსული ოფისები? - საერთაშორისო კომპანია "IDS Borjomi International" ჩამოყალიბდა ბორჯომის კომპანიის ბაზაზე 2004 წელს, როცა მოხდა ერთის მხრივ ქართული კომპანიის და მეორეს მხრივ უკრაინული მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიის გაერთიანება. მოგვიანებით ჩვენს გაერთიანებაში შემოვიდა რუსეთის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია ცნობილი ბრენდით "ედელვეისი". 2009 წელს კი ჩვენ კიდევ გავაფართოეთ ჩვენი სტრუქტურა და კომპანია "ნესტლესგან" შევიძინეთ რუსეთში საკმაოდ ცნობილი მინერალური წყლის ბრენდი ~სვიტოი ისტოჩნიკი~. მთლიანობაში შეიქმნა საერთაშორისო კომპანია "IDS ბორჯომი ინტერნეიშენელი" რომელიც არის ლიდერი წყლის მწარმოებელი კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში. სათაო ოფისი ქ. კიევშია, უკრაინა. საქართველოში გვაქვს "IDS ბორჯომი საქართველო", რუსეთში "IDS ბორჯომი რუსეთი", უკრაინის ბაზარზე კი ოპერირებს "IDS Group - უკრაინა". უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაერთიანება თავის დროზე კომპანია ბორჯომის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ისიც უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო კომპანიის პორტფელში, სადაც 12 ბრენდია გაერთიანებული, თავისი საექსპორტო პოტენციალით ლოკომოტივის ფუნქციას "ბორჯომი” ასრულებს.
ამ გაერთიანებას, ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად ის, რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ უკრაინაში გაყიდვები ნიშანდობლივად გაიზარდა, ჩვენი უკრაინელი კოლეგების დამსახურებაა. ჩვენ უმოკლეს ვადებში მოვახერხეთ უკრაინული კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის ათვისება და უკრაინის მასშტაბით შევედით ყველა არსებულ გასაყიდ წერტილში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს `ბორჯომს~ უკრაინის ყველაზე მიყრუებულ სოფელში არსებული მაღაზიის თაროზეც კი ნახავთ.
რაც შეეხება რუსეთს. ზევით მოგახსენეთ, რომ ჩვენი კომპანიის წევრები არიან, რუსული კომპანიები "ედელვაისი" და "სვიატოი ისტოჩნიკი". ამ კომპანიების შესყიდვის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ შეგვენარჩუნებინა რუსეთში არსებული ინფრასტრუქტურა, სადისტრიბუციიო ქსელი, ადგილი თაროზე, რომელიც კომპანიას ემბარგომდე გააჩნდა. თუკი მომავალში ქართული პროდუქტისათვის გაიხსნება რუსეთის ბაზარი, ჩვენ მომზადებულნი ვართ, რომ ჩვენი პროდუქტი დაუყოვნებლივ განვათავსოთ რუსეთის ბაზარზე. ადგილის დაკარგვა უსწრაფესად ხდება, ხელახალი მოპოვება კი უზარმაზარ ხარჯებს და დიდი დროს მოითხოვს.
ასევე, უნდა მოგახსენოთ, რომ 2009 წლის დასაწყისში, კომპანიამ გახსნა საკუთარი წარმომადგენლობა ევროპაში, რომელსაც ოფისი აქვს ვილნიუსში, ლიტვა. აღნიშნული წარმოამდგენლობა, დაკავებულია `ბორჯომის~ გაყიდვებით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე და ასევე, ამ ტერიტორიაზე ახალი ბაზრების მოძიების კუთხით.
- კომპანიის მიერ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაში რა წილი უჭირავს "ბორჯომს”, "ლიკანს” და სასმელ წყალს? - ჩვენი კომპანიის, ანუ "IDS ბორჯომი საქართველოს" პორტფელში საქართველოს ბაზრისთვის ნაწარმოები პროდუქციის 30%-ს "ბორჯომი" შეადგენს, 40%-ს "ლიკანი", 20%-ს კი "ბორჯომის წყაროები" და "ბაკურიანი".
- თუ კომერციული საიდუმლოება არ არის, გაყიდვების რა წილი მოდის საქართველოს ბაზარზე, უკრაინის ბაზარზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და ევროპაზე? რა ახალი ბაზრების ათვისება ხდება და გაქვთ თუ არა რომელიმე ახალ ბაზარზე რამდენადმე შესამჩნევი შედეგები?- საქართველოს ბაზარზე გაყიდვების 30%-35%, ხოლო უკრაინის ბაზარზე გაყიდვების 25% მოდის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ევროპის ქვეყნებზე კი დანარჩენი 40%.
- ხომ არ გაქვთ მონაცემები, 2007 წლის პირველი 9 თვის, 2008 წლის პირველი 9 თვის და 2009 წლის პირველი 9 თვის შედეგების თაობაზე? გაყიდვები შემცირდა, გაიზარდა, რა ტენდენციები დაფიქსირდა? - მე ამ კითხვაზე, ფაქტობრივად გიპასუხეთ. ჩვენ 2008 წლის 9 თვის მონაცემებით გავედით იმავე ნიშნულზე, რაც იყო ემბარგომდე. წელს ჩვენ ვინარჩუნებთ იმ მაჩვენებლებს, რაც 2008 წელს გვქონდა, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურმა კრიზისმა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სერიოზული ზიანი მოგვაყენა და 40%-ით შეგვიმცირა გაყიდვები.
- რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილების თემაა, მაგრამ, თქვენი აზრით, არის თუ არა საერთოდ, პერსპექტივა რუსეთის ბაზარზე დაბრუნების? - მე, როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან კომპანიის მდგომარეობა გაცილებით სტაბილურია, ვიდრე ეს რუსეთის ემბარგომდე იყო. მაშინ ჩვენ მხოლოდ ერთ ბაზარე ვიყავით დამოკიდებული, სადაც 65% იყიდებოდა, ხოლო დანარჩენ ბაზარზე 35%. დღეს გაყიდვები დივერსიფიცირებულია. ჩვენ უკვე მესამე წელია აღარ ვართ ერთ ბაზარზე დამოკიდებული და ეს გაცილებით უკეთესია "ბორჯომის” ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დღევანდელი გადასახედიდან კომპანია უფრო ძლიერია, მენეჯმენტიც უფრო გამოცდილია ვიდრე იყო ემბარგომდე. რაც შეეხება, რუსეთში დაბრუნებას, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუ დავბრუნდებით ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, როგორც `ბორჯომისთვის”, ისე საქართველოს ბიუჯეტისთვის.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარი სათანადოდ არ აქვს "ბორჯომს” ათვისებული? თუ არ ეთანხმებით ამ თვალსაზრისს, რა ფაქტობრივი მონაცემების მოტანა შეგიძლიათ? - ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ჩვენ დღეს ექსპორტს ვაკეთებთ ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს სეგმენტში, ანუ იმპორტირებული წყლის სეგმენტში, ლიდერის პოზიცია გვიკავია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ფასის მიხედვით `ბორჯომი~ პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი (პროდუქტის ფასზე მოქმედებს ლოჯისტიკის და საბაჟო მოსაკრებლების ხარჯები), გაყიდვების კუთხით ლიდერები ვართ და წინ ვუსწრებთ სხვა იმპორტირებულ წყლებს. ასათვისებელი რესურსი კი ნამდვილად დიდია. თუკი ჩვენ შევადარებთ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში არსებული წყლის მოხმარების მაჩვენებელს ევროპის ქვეყნებს, ვნახავთ რომ სხვაობა უზარზამზარია. დროთა განმავლობაში პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ბაზარი აუცილებლად გაიზრდება ეს კი გაყიდვების ზრდაზე აისახება.
- არის თუ არა ისევ აქტუალური "ბორჯომის” ფალსიფიკაციის თემა, როგორ გადაწყდა "ყვიბისის” და სხვა კუსტარულად ჩამომსხმელების საკითხი?- მე შემიძლია ვთქვა, რომ ბორჯომის ფალსიფიკაციის თემა აქტუალური აღარაა, რადგან ჩვენი და სახელმწიფო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით ფალსიფიკაცია მინიმიზებულია.
- როგორია, თქვენი აზრით, ბიზნეს-გარემო დღევანდელ საქართველოში? - ჩვენი პროდუქცია გარკვეულწილად საექსპორტოა და ამისთვის გვაქვს მაქსიმალური ხელშეწყობა და ყველა შესაძლებლობა, რომ განვვითარდეთ. შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ბიზნეს-გარემო საკმაოდ ჯანსაღია.
- ხართ თუ არა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ან სხვა რომელიმე მეწარმეთა გაერთიანების წევრი? თქვენი აზრით, არის თუ არა საჭირო ასეთი გაერთიანებების არსებობა? როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მეწარმეებსა და ხელისუფლებას შორის? - ჩვენ "ბიზნესასოციაციის” წევრი ვართ. რა თქმა უნდა, საჭიროა ასეთი გაერთიანებების არსებობა. მეწარმეებსა და ხელისუფლებას შორის უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა და ურთიერთხელშეწყობა, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
- ასეთ საკითხებს და ასეთ მომენტებს, პირველ რიგში ბიზნესმენები გრძნობენ ხოლმე, ამიტომ გკითხავთ, დამთავრდა თუ არა რეცესია საქართველოში, თუ დაიწყო რეცესიის მდგომარეობიდან გამოსვლა? და ასევე აქვე კიდევ ერთი კითხვა, მსოფლიო ეკონომიკა როდის დაუბრუნდება კრიზისამდელ სიტუაციას, რამდენად რეალურია სადღეისოდ დასახული პირველი პოზიტიური სიმპტომების შეჩერება და კრიზისის განმეორება?- მე შემიძლა ვთქვა, რომ დიდი შეხება მაქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ჩვენს გაყიდვებზე ძალიან მნიშვმნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები და აღვნიშნე კიდეც, რომ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ყაზახეთში მიმდინარე ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული ზიანი მოგვაყენა. რაც შეეხება, საქართველოს, მე ვფიქრობ რომ ამ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მოსახლეობამაც ყველაზე ნაკლებად იგრძნო ეკონომიკური კრიზისი, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით. დღეს კრიზისიდან გამოსვლის პროცესი მიმდინარეობს. მსოფლიო ეკონომიკას რაც შეეხება, ჩემი შეფასებით, იგი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინა პერიოდის მდგომარეობას ორ წელიწადში დაუბრუნდება.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური