ეს რაუნდი გია ჯოხთაბერიძემ, დავით კეზერაშვილს აშკარა უპირატესობით მოუგო
"მაგთი” "მერსედესს” ისევ გაათამაშებს. დარეკეთ 5959, თქვენ ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 50 თეთრი და რამდენიმე დღე ტკბილად იბორიალებთ იასამნისფერ ბინდში. ყოველ საღამოს ტკბილად დაგეძინებათ და სიზმრად თქვენი ოცნების რაშს, სველი ასფალტისფერ "მერსედესს” ნახავთ. "მაგთი" აქედან მოგებას მიიღებს, ერთ ბედნიერს გაუმართლებს, მაგრამ კანონი დაირღვევა.
შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის თანახმად, ის რასაც "მერსედესების” გათამაშებით "მაგთი" აკეთებს, წამახალისებელი აქცია არ არის. ასეთ აქციაში მონაწილეობისთვის "მაგთის” აბონენტი, მოქალაქე ფულს არ უნდა იხდიდეს. აქ აშკარად სახეზეა კომერციული მომენტი.
"საქართველოს ლატარიის კომპანია” ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად მართალია. მას მოგებული აქვს საერთაშორისო ტენდერი და მას და მხოლოდ მას აქვს უფლება ყოველგვარი ლატარიის ჩატარების საქართველოში. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს, `მაგთისთვის~ უნდა აეკრძალათ "მერსედესის" გათამაშების გაგრძელება.
ასეთია საქმის ფაქტობრივი მხარე. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში გადაწყვეტილებები წესისა და კანონის შესაბამისად არ მიიღება. აქ საქმე გვაქვს ქართული ბიზნესის ორ ვეშაპთან, ორ გიგანტთან, რომელთაც ხელისუფლებისგან აქვთ სრული კარდ-ბლანში. "მაგთის”, რომელიც ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის ბიზნესს წარმოადგენს, ხელშეუხებლობის სრული გარანტია აქვს. როგორც იცით, ჩვენთან არ არის საშუალება და ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაიგონ, თუ ვინ არის ამა თუ იმ კომპანიის მესაკუთრე. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ინტერნეტ-საიტებზე აქა-იქ გაბნეული მასალის და კულუარული ვერსიების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ. ეს ხმები კი, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, ყოველთვის როდია მოგონილი, ანუ Haud semper errat fama! ამ ხმების მიხედვით კი "მაგთის" მესაკუთრე ბორის ბერეზოვსკიცაა. სხვა "ხმებს” მოსკოვისკენ მივყავართ. თუმცა, "მაგთი" მაინც ამერიკული ინვესტიციაა, მიუხედავად იმისა, რომ "მეტრომედია” დიდი ხანია გავიდა მოცემული ბიზნესიდან. მაინც ამას უკავშირებენ ამერიკის ახალი ელჩის, ბატონ ჯონ ბასის ვიზიტს კომპანიაში და მოარულ ხმებს მისი წვლილის შესახებ "საქართველოს ლატარიის კომპანიასთან” "მაგთის” გამარჯვებაში.
ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ "მაგთის" მთავარ კონკურენტს, ისევდაისევ დაუდასტურებელი ინფორმაციით, 101 მილიონი ლარის გადახდა აჰკიდა, მაშინ როცა "მაგთისთვის" თითიც არ დაუკარებია. ეს, ბუნებრივია, "მაგთის" და "ბილაინის” წისქვილზე ასხამს წყალს. ხდება თუ არა ამ ორი ბიზნეს-სუბიექტისთვის ახალი სივრცის გამოთავისუფლება, ამას მომავალი აჩვენებს.
მანამდე კი გაზეთ "ვერსიის" მიხედვით უკვე მილიარდერი ჯოხთაბერიძე თავისი უზარმაზარი შემოსავლების გასამრავლებლად ლატარიის გამოყენებაზეც არ ამბობს უარს, ხოლო რაც შეეხება ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფებს, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, სამჯერ ძვირი, ვიდრე გერმანიაში, ოთხჯერ ძვირი ვიდრე იტალიაში და მეტად ძვირი უზბეკეთში, ჩინეთსა და ჰონკონგშიც კი - დაახლოებით 20-ჯერ ძვირი.
რაც შეეხება, "საქართველოს ლატარიის კომპანიას”, მას დავით კეზერაშვილის სახელთან აკავშირებენ, თუმცა, ჯოხთაბერიძე, ბერეზოვსკისთან და სხვა შესაძლო უცნობ მაგნატებთან, პრეზიდენტთან ახლობლობის მიუხედავად, იგი დამარცხდა. ეს კი გია ჯოხთაბერიძის და შევარდნაძის ოჯახის ძალმოსილებაზე მიუთითებს.
ბოლოს მაინც უნდა დავსვათ ერთი მარტივი კითხვა, რომელ ლიბერალიზმზეა ლაპარაკი, როცა სახელდახელოდ შექმნილი კომპანია ვითომდა, საერთაშორისო ტენდერში იმარჯვებს და ლატარიების მოწყობის ექსკლუზივს იღებს, ხდება მონოპოლისტი ამ სარფიან და შემოსავლიან ბიზნესში.
ვიდრე გვექნება ასეთი მონოპოლიები და ვიდრე ერთი-ორი ფავორიტი კომპანია, ფაქტობრივად, კარტელური ფასებით ზემოგებას მიიღებს, საქართველოს ეკონომიკას არაფერი ეშველება.
შოთა ბუჩუკური