ნანახია: 869
”ეარ ვისოლს” საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის (IATA) მიერ 2009 წლისთვის ე.წ. ”მწვანე ფერი” მიენიჭა. დასკვნა ადასტურებს, რომ კომპანია ”ეარ ვისოლი”აკმაყოფილებს საწვავის მიწოდების ყველა საერთაშორისო ნორმას და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, IATA-ს მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს. ასოციაციის დასკვნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავიაციის სფეროში და ავიაკომპანიებისათვის სანდო წყაროს წარმოადგენს. IATA-ს საინსპექციო ჯგუფის მიერ გასულ თვეს «ეარ ვისოლის” ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებული საწვავის რეზერვუარები, საწვავის მიმღები ესტაკადა, ჰიდრანტის საოპერატორო ოთახი, ჰიდრანტის ჭები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საწვავ-გამმართველი მანქანა-დანადგარები, ადგილობრივი ლაბორატორია, ჰიდრანტის სისტემის მართვის პულტი შემოწმდა. საინსპექციო ჯგუფის მიერ შეფასდა ”ეარ ვისოლის” მომსახურე პერსონალის კვალიფიციურობა და მათ მიერ საერთაშორისო სამუშაო და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაცია 1945 წელს ჰავანაში დაარსდა და ამჟამად 230 ავიაკომპანიას, 126 ქვეყნის აეროპორტებს, ტურისტულ სააგენტოებს და ტვირთის გადამზიდავ კომპანიებს აერთიანებს. ასოციაციის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო სახელმძღვანელოში მკაფიოდაა განსაზღვრული სამუშაო სტანდარტები, პროცედურები და უსაფრთხოების ნორმები. ”ეარ ვისოლი” საწვავით ამარაგებს ისეთ დიდ ავიაკომპანიებს, როგორებიცაა: Lufthansa-ს პარტნიორი კომპანია Jade Cargo, Cargo Lux, უკრაინული Aerosvit და Donbass, Aero, Turkish Airlines და სხვა.
|