ნანახია: 617
ორი თვის განმავლობაში ირანში 200 000 ცხვარის გაიყვანენ
ქართული ცხვრის პირველი ექსპორტი ირანში
13 და 15 აგვისტოს ირანში ქართული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. კომპანია, რომელმაც ჯამში 2025 სული ქართული ცხვარი გაიყვანა ირანში "ფასტ პლიუსია", ინვესტორი კი ირანული კომპანია "ძმები კასიანებია". კომპანია ცხვრის ექსპორტს მომდევნო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე მოახდენს. საბოლოო ჯამში, ორი თვის განმავლობაში კომპანია ირანში 200 000 სული ცხვრის ექსპორტს მოახდენს. ცხვრების ექსპორტის შედეგად საქართველოში 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის შემოსვლას ელოდებიან. ტრადიციულად, ირანი ცხვრის ხორცის მსხვილი მომხმარებელია, ამასთან, რამადანის დღესასწაულის შემდეგ, ტრადიციული ცხვრის შეწირვის ცერემონიალი იწყება. სწორედ ამითაა განპირობებული მოკლე ხანში ცხვარზე ასეთი დიდი მოთხოვნა. კომპანია "ფასტ პლიუსის" ხელმძღვანელის ნაზი ალასანიას განცხადებით, მათ მიერ წარმოებული საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია, რადგან საქართველოში 110 ლარად შეძენილი ცხვარი ირანში ბევრად ძვირად, დაახლოებით 400-500 დოლარად იყიდება. კომპანია ცხვარს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყიდულობს. მისი თქმით, პირველად ახალციხეში მოხდა ცხვრის შეძენა, შემდეგი კი მთა-თუშეთი იქნება. ირანში ცხვრის ექსპორტი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ირანელი ინვესტორები საქართველოში ცხვრის სასაკლაოს აშენებასაც აპირებენ. რის შედეგადაც ირანულ ბაზარზე უკვე ქართული ხორციც გავა. ექსპერტთა განცხადებით, ნედლეულის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შემთხვევაში ცხვარი, შესაძლოა, უფრო ფასეულ პროდუქტადაც იქცეს და ფერმერმაც, სახელმწიფო ბიუჯეტმაც და ნედლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულმა ადამიანებმაც უფრო მეტი მოიგონ. გარდა ირანისა, წელს 70 ათასი ცხვრის გაყვანა მოხდება ყატარში. ექსპერტთა შეფასებით, პროდუქციაზე არსებული ასეთი დიდი მოთხოვნა მის ფასს კიდევ გაზრდის. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტო-იანვარში საქართველოდან არაბულ ქვეყნებში 240 ათასი სული ცხვარი გავიდა, ფასი კი 65-დან 120 ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობა იზრდება და, სავარაუდოდ, ცხვრის ფასიც კიდევ უფრო მოიმატებს.
რატომ ინტერესდებიან არაბები და ირანელები ქართული ცხვრით
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ქართულმა ცხვარმა ირანის და სხვადასხვა არაბულ ბაზრებზე წარმატებით ჩაანაცვლა ავსტრალიური, ბრაზილიური და უკრაინული პროდუქცია. "აგრო-განვითარების ჯგუფის" მთავარი კონსულტანტი მიხეილ ჭიჭაყუა არაბი ბიზნესმენების მზარდ ინტერესს ასე ხსნის: "დიდი ინტერესი, შესაძლოა, იმ საგემოვნო თვისებებით იყოს განპირობებული, რომელიც ქართული ცხვრის ხორცს გააჩნია. გარდა ამისა, ქართულ ცხვარს ახასიათებს მაღალი შემგუებლობის უნარი და სტრესებისადმი მდგრადია. ასევე, იგი ეკოლოგიურად სუფთაა. მთავარი მაინც, ალბათ, დაბალი ფასია. ნაკლები ფაქტორი არც სატრანსპორტო გზის სიახლოვე უნდა იყოს". რაც შეეხება ცხვრის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროსა და ხარჯებს, არაბულ ქვეყნებში ცხვრის საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანას 3-4 დღე და სულზე დაახლოებით 15-25 დოლარი სჭირდება.
ქართული ცხვრის პოტენციალი
ქართული ცხვრის სულადობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 600 ათასიდან 1 მილიონამდე სული ცხვარი და თხა უნდა იყოს, რომლის 80-85% თუშურ ცხვარზე მოდის. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მლნ-მდე სულია (ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის ყოლაც შეიძლება). როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მუშავდება წარმოების ახალი სტრატეგია, რაც სანაშენე წარმოების განვითარებას, მიუვალ საძოვრებზე გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი, ალპური საძოვრების ათვისების შესაძლებლობას გულისხმობს. მეორე კომპანია, რომელიც ირანში ცხვრის ექსპორტს ახორციელებს კომპანია ერკემალია. კომპანიის ხელმძღვანელი და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონიაშვილის განცხადებით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მიმდინარე წელს დაახლოებით 280 000 სული ცხვარია. ეს არის წლიური ნამატი, ის ცხვარი, რომელიც იანვარ-თებერვლის თვეშია დაბადებული. მიხეილ ჭიჭაყუას განცხადებით, ცხვარზე მოთხოვნის ზრდა საქართველოში მეცხვარეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და საძოვრების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. `ცხვრის ექსპორტი მეცხვარეობის მთელ კომპლექსს გააუმჯობესებს. რაც მეცხვარეებისთვის იქნება სტიმული, რომ რაც შეიძლება მეტი ცხვარი მოაშენონ.
ემუქრება თუ არა ქართულ ცხვარს გადაშენება
ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით, ქართველ ექსპერტებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ ნამატის რეალიზაციაზე ზრუნვისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარების გარეშე ცხვრის ირანსა თუ სხვა ქვეყანაში გაყვანა ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს და შეიძლება ქვეყნისთვის კატასტროფულიც აღმოჩნდეს. ექსპერტების მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში ცხრვის სულადობა 603 ათასი იყო, მომდევნო წელს ეს რაოდენობა ზუსტად 402 ათასამდე შემცირდა. ამასთან, ცნობილია, რომ არაბი ბიზნესმენები მხოლოდ მსხვილი გარიგებებით ინტერესდებიან და ძირითადად მამალ ცხვრებს ყიდულობენ. კოღუაშვილის ვარაუდით, პროცესები ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე ქართული ცხვარი კლებით 300 ათასამდე ჩამოვა. "გავიდეს ექსპორტზე, ეს არ არის ცუდი, მაგრამ უნდა მოხდეს გადახალისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დარგის გარეშე დავრჩებით", - აცხადებს კოღუაშვილი
შოთა ბუჩუკური
|