ნანახია: 541
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბით "საქკაბელი" ერთ-ერთი სერიოზული საწარმოა და მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ეკონომიკისთვის. საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ქარხანამ, რომ მუშაობს და საკმაოდ წარმატებულად. საიდან მოიპოვებენ ნედლეულს, რა ტიპის პროდუქციას აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. ამასთან დაკავშირებით "ბ&ფ"-ს "საქკაბელის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე ესაუბრა.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1997-1998 მუშაობდა ეროვნული ბანკის ქუთაისის განყოფილებაში 1998 მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში 1998-2001 "თბილკომბანკი" 2001-2006 "კანარგო სტანდარტ ოილი" (დღევანდელი ვისოლი) 2006 - დღემდე "საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
- ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საწარმოში, ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოა, რომელიც რეალურად მუშაობს. როგორ მოვიდა "საქკაბელი" დღემდე და რა ინვესტიციებით განაახლა საწარმომ მუშაობა? - ჩვენი გუნდი "საქკაბელში" საკუთარი ინვესტირებით და ბანკიდან მოზიდული სახსრებით 2006 წელს შევიდა. თავიდანვე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი გაგვეზარდა, გაგვეუმჯობესებინა ხარისხი და გადაიარაღება გაგვეკეთებინა. გავაკეთეთ გადაიარაღება, შემოვიტანეთ თანამედროვე ტიპის დაზგა-დანადგარები, გავაკეთეთ ასევე ძველის მოდერნიზება და ახალი ტიპის პროდუქცია გამოვუშვით. ამ ყველაფერმა უკვე ბაზარზე იმოქმედა. ჩვენი მიღწევები, ამ ხნის განმავლობაში იმით გამოიხატება, რომ ისეთი ტიპის პროდუქცია გამოვუშვით, რომელიც საქართველოში ადრე არ იწარმოებოდა. მისი ძირითადი მომხმარებლები საქართველოში დღესდღეობით მოქმედი ელექტროსაწარმოები და დიდი კომპანიები არიან. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ეს პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ. - რა ტიპის პროდუქციას აწარმოებს "საქკაბელი?" - ჩვენ ალუმინისა და სპილენძის ელექტროკაბელებსა და სადენებს ვაწარმოებთ. ქარხანას ადრე ჰქონდა მაქსიმალური კვეთი, 50 მილიმეტრ კვადრატამდე იზოლირებული და 95 მილიმეტრ კვადრატამდე -არაიზოლირებული. დღევანდელი პოზიციებით გვაქვს: 240 მილიმეტრ კვადრატამდე იზოლირებული და 600 მილიმეტრ კვადრატამდე - არაიზოლირებული. ანუ ამით შესაძლებლობა გვეძლევა მონაწილეობა მივიღოთ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობაში, რომელშიც ვღებულობთ კიდეც მონაწილეობას და ორგანიზაციებს ამ ტიპის სადენებს ვაწვდით. ჩვენ ასევე ვცდილობთ ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პროექტში მივიღოთ მონაწილეობა. - რამდენად მაღალია ქართულ ბაზარზე კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა, როდესაც ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებული პროდუქციითაა გაჯერებული? - მე ზემოთაც აღვნიშნე, რომ დავიწყეთ გადაიარაღებით და ხარისხზე ზრუნვითმეთქი, ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც ჩვენმა პროდუქციამ ხარისხიანი პროდუქციის ნიშანი მიიღო და თავისი ადგილი ამ კუთხით და ამ ნიშნით დაიმკვიდრა, მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი გახდა. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. 2008 წელს ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღეთ. 2009 წელს ქართული ხარისხის ნიშანი მოგვენიჭა. 2009 წელს, ასევე, ყველა მოთხოვნის შესაბამისად ლაბორატორია შევქმენით, რომელიც საქართველოში დღესდღეობით ერთადერთია, რომელიც კაბელის ხარისხს ამოწმებს და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე მხოლოდ ამ ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნით გამოდის. - საიდან მოიპოვებს "საქკაბელი" ნედლეულს? - ჩვენი მომწოდებლები ისეთი ქვეყნები არიან როგორიცაა: უკრაინა, გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი, თურქეთი და ბელორუსი. - რომელ ქვეყნებში გადის "საქკაბელის" მიერ წარმოებული პროდუქცია და რომელი ქვეყანაა თქვენი პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელი? - საექსპორტო ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით მიწოდება მხოლოდ სომხეთზე გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ მისაწოდებელი ქვეყნების რაოდენობა გავზარდოთ. - რამდენი ადამიანია დასაქმებული საწარმოში და რამდენია თანამშრომელთა საშუალო ხელფასი? - "საქკაბელში" სულ 150 თანამშრომელია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 400 ლარია. - როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა ახალი ტიპის პროდუქციის გამოშვებას? - დიახ, ახალი ტიპის პროდუქციის გამოშვებას ვაპირებთ. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური კაბელები ელექტროსისტემებისთვის. ეს არის გერმანული ტიპის პროდუქცია, რომელიც დამკვეთმა უკვე ნახა და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენ ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ მაღალტექნოლოგიური საკაბელო პროდუქციის წარმოება და მომხმარებლისთვის მიწოდება.
ესაუბრა დიმიტრი ლელაძე
|