ნანახია: 925
"ეს არის იაფფასიან კონცენტრატზე დამზადებული ლიმონათი, რომელსაც თურქული კომპანია ასხამს. "ნატახტარი" მომხმარებელს ატყუებს, როდესაც აცხადებს, რომ იგი ქართულ ლიმონათს ამზადებს"
gbc.ge-ს ცნობით ასეთი განცხადება გააკეთა ცნობილმა ქართველმა მეწარმემ თემურ ჭყონიამ, როცა ის საუბრობდა, რომ ქართული რესტორნების ქსელში უალკოჰოლო სასმელების ნიშის ათვისება სურს. სააგენტოს ინფორმაციით, მას არა დაუმალავს, რომ ამ მარკეტინგული ნაბიჯით იგი, ბუნებრივია, "ნატახტარსაც" გაუწევს კონკურენციას. სადღეისოდ, აღნიშნა მეწარმემ, ქართულ რესტორნებში ძირითადად თურქული წარმოების უალკოჰოლო სასმელი იყიდება. 250 გრამიან შუშის ბოთლებში "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" 6 სახეობის პროდუქცია იქნება ჩამოსხმული. პროდუქციის გარდა კომპანია რესტორნებს რეტრო-სტილის მაცივრებითაც უზრუნველყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რესტორნებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მათი მხრიდან დაინტერესება დიდია. ამასთან დაკავშირებით "კოკა-კოლამ" პროდუქციის ჩამოსასხმელად სპეციალური შუშის ბოთლები ბულგარეთში უკვე შეუკვეთა. ახალი პროდუქცია ქსელში 22 ივნისიდან გამოჩნდება. თემურ ჭყონია განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი დიზაინის ბოთლებში ჩამოსხმული პროდუქციით აღნიშნული სექტორი მომარაგდება, ეს პროდუქცია უკვე სავაჭრო ქსელშიც გამოჩნდება. პროექტის განხორციელება კომპანიას ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი უჯდება.
|