ნანახია: 646
პინგ-პონგი ქართულ ბიზნესში
ანზორ ქოქოლაძე და "თიბისი ბანკი" _ ვინ ვის?
ქოქოლაძე ბრძოლაში დაღლას არ აპირებს
"ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველმა და დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ "თიბისი ბანკთან" დაპირისპირება საჯარო პრიზმაში გადაიტანა და გასულ კვირას გამართულ პრეს-კონფერენციაზე "თიბისი ბანკის" მიმართ საჯარო ბრალდებები გააცხადა. ქოქოლაძის თქმით, "თიბისი ბანკი" სურვილებს სხვისი ქონების მიტაცების ხარჯზე ისრულებს. ქოქოლაძე აცხადებს, რომ მისი პროგნოზი "თიბისი" ბანკის მიერ კომპანიის წილის მითვისების თაობაზე, გამართლდა - "თიბისი ბანკმა" 5,5 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი არაკეთილსინდისიერად, თითქმის უფასოდ, 116 ათას ლარად ოფიციალურად გადაიფორმა. "აქციების 55% 116 ათას ლარად "თიბისი ბროკერმა" შეაფასა, ეს "თიბისი" ბანკის დიდი ხნის სურვილი იყო, რომელიც როგორც თავად ფიქრობს, მარტივად აისრულა და მუქთად ჩაიგდო ხელში, თუმცა ამის საშუალებას არ მივცემთ~, - ამბობს ქოქოლაძე. `ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე ვაპირებდით საფონდო ბირჟაზე გასვლას და ამ პროცესში "თიბისი" ბანკი აქტიურად იყო ჩართული. მეტიც, მაშინ მის მიერ "ელიტ ელექტრონიქსი" 80 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა. ასე რომ, "თიბისი" ბანკისთვის დეტალურად იყო ცნობილი ჩვენი კომპანიის რეალური შესაძლებლობები და პოტენციალი. საინტერესოა, რომ 2009 წლის მაისში `თიბისი~ ბანკმა გამოთქვა სურვილი, შეესყიდა "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 51%, თუმცა საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე უარი ვთქვით. ამ ფაქტის შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ `თიბისი" ბანკს "ელიტ ელექტრონიქსის" დაპატრონება სურდა. თავისი გეგმის განხორციელებას ბანკი მას შემდეგ შეუდგა, რაც კომპანია მცირე პერიოდით დაიკეტა და ამით "თიბისი" ბანკს მიეცა საფუძველი, რომ კომპანიის გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. ბანკმა "ელიტ ელექტრონიქსის" გადახდისუუნარობაზე აღძრა საქმე და აქციების 55%-ზე მართვის უფლება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 14 წლის არსებობის მანძილზე არც ერთი ვადაგადაცილება არ ჰქონდა კრედიტის დაფარვის გრაფიკზე, ხოლო ყველა კრედიტორთან დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა 40% გადაჭარბებით სრულდებოდა, "თიბისი" ბანკმა მაინც გამოიყენა საკონტროლო პაკეტის მართვის უფლება და 23 თებერვალს კომპანიის მმართველობაში "თიბისი" ბანკის თანამშრომლები მოიყვანა, რადგან ის შედეგები, რა შედეგებიც ვაჩვენეთ ბოლო პერიოდში, "თიბისი" ბანკს არ მისცემდა კომპანიის მითვისების საშუალებას და ისე მარტივად ვეღარ აისრულებდა სურვილებს. საკუთარი თანამშრომლებით ჩვენი გუნდის ჩანაცვლება კი იმიტომ სჭირდებოდა, რომ შეექმნა აქციების დასაკუთრებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი, რაც დადასტურდა კიდეც მენეჯმენტის ცვლილებიდან 20 დღეში, როცა `თიბისი~ ბანკის მიერ ხელდასმულმა "ელიტ ელექტრონიქსის" მენეჯმენტმა დაურღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი თავად `თიბისი~ ბანკს და 500 ათასი ლარი შეგნებულად არ გადაიხადა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ სწორედ ამის საფუძველზე მოეხდინა დაგირავებული აქციების დასაკუთრება, თუმცა როცა ამის შესახებ განვაცხადე პრესით, ცილი დამწამეს და საპასუხოდ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებდნენ აქციების გასხვისებას და, მით უმეტეს, დასაკუთრებას. თუმცა, ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებს - 7 მაისს, "თიბისი ბროკერმა", ფარულად მოახდინა 5,5 მილიონ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55% თითქმის უფასოდ - 116 ათას ლარად გასხვისება "თიბისი" ბანკზე და ამის შესახებ მხოლოდ 28 მაისს მაცნობეს. ეს გამიზნულად მოხდა არჩევნების წინა დღეებში, რათა "ელიტ ელექტრონიქსის" მითვისების თემა სხვა თემებით გადაფარულიყო და საზოგადოებას არაფერი შეეტყო `თიბისი" ბანკის მიერ კომპანიის დატაცების შესახებ. – აცხადებს ქოქოლაძე. 23 თებერვლიდან "ელიტ ელექტრონიქსს" ახალი გუნდი მართავს. შესაბამისად, ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას ახალი მენეჯმენტი იღებდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს მსოფლიო ბანკმა "ელიტ ელექტრონიქსი" ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე კომპანიად აღიარა და 7 მაისამდე კომპანიის აქციების 70% ჩემს საკუთრებაში იყო, ჩემთვისაც კი ხელმიუწვდომელი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი. დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" ჩარაზულ ციხე-სიმაგრეს უფრო ჰგავს, ვიდრე მსოფლიო ბანკის რჩეულს. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა "თიბისის" აქციების მისაკუთრების უფლება, გეტყვით, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნამდვილად ჰქონდა უფლება აქციები გაესხვისებინა, მაგრამ ჩვენ ხელშეკრულების პირობები არ დაგვირღვევია, ამიტომაც ვთვლით, რომ "თიბისიმ" უკანონოდ მიითვისა აქციები. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, სადაც ამ გარიგების გაბათილებას მოვითხოვთ! აქციების 55% ნამდვილად იყო სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული. მაგრამ საქმე ისაა, რომ "ელიტ ელექტრონიქსის" 55% დაგირავებული იყო 5,5 მილიონ დოლარად, ხოლო "თიბისი ბანკმა" ეს ქონება სულ რაღაც 116 ათას ლარად შეიძინა. აქ ორი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღვნიშნო. პირველი - თავისთავად დარღვევაა ის ფაქტი, რომ ქონების შეფასება მოხდა "თიბისი ბროკერის" მერ და არა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საბროკერო კომპანიის მიერ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ "თიბისი ბანკს" არ ჰქონდა განზრახული ჩვენი აქციების მითვისება, მაშინ რატომ არ მოხდა ამ აქციების სხვა კომპანიაზე გასხვისება? ასეთ შემთხვევაში, "ელიტ ელექტრონიქსის" ძველ მმართველ გუნდს თავად შეეძლო აქციები 110 ათას ლარად გამოესყიდა. ვფიქრობ, დღესავით ნათელია ის, რომ "თიბისი ბანკს" თავიდანვე ჰქონდა განზრახული ამ აქციების მისაკუთრება, რასაც ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს. 2010 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი კომპანიის აქციების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა, როგორც ხედავთ, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე "თიბისი ბანკმა" აქციები მიისაკუთრა. როგორც ჩანს, "თიბისი ბანკი" საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს. ამიტომ, ამჯერად კიდევ ერთი სარჩელი შევიტანეთ აქციების გასხვისების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და, დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გზით სამართლიანობა აღდგება. დაუშვებელია, რომ `თიბისი ბანკს~ მივცეთ საშუალება ასე მარტივად აისრულოს სურვილები! "ელიტ ელექტრონიქსის" პრობლემა მხოლოდ ჩვენი პირადი სატკივარი არ გეგონოთ. ჩემი ინფორმაციით, "თიბისი ბანკს" ასეთი გზით მანამდეც მიუთვისებია სხვადასხვა კომპანიები თუ კერძო პირების ქონება. ვფიქრობ, ვიღაც აუცილებლად უნდა აღუდგეს წინ "თიბისი ბანკს" შესაჩერებლად, არ მისცეს მას სურვილების ასე მარტივად ასრულების შესაძლებლობა და იყოს სამაგალითო დამწყები ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც გულწრფელად სწამთ და სჯერათ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შეიძლება. ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ საზოგადოებას იმედები გავუცრუოთ. ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად და, დარწმუნებული ვარ, სულ მალე სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მფლობელის და ხელმძღვანელის ბრალდებებს "თიბისი ბანკმა" რამდენიმე დღეში კონტრბრალდებებით უპასუხა. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა "თიბისი"-მ ანზორ ქოქოლაძის საქმიანობის შესწავლის თხოვნით პროკურატურას მიმართოს. ბანკი "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ მმართველს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახლო მომავალში დაინტერესდება, რა სახსრებით შეძლო ქოქოლაძემ მაღაზიათა ახალი ქსელის, "ტექნო ბუმის" შექმნა. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, გვეთანამშრომლა ბატონ ანზორ ქოქოლაძესთან და ერთობლივი ძალისხმევით გამოგვეყვანა "ელიტ-ელექტრონიქსი” კრიზისიდან, მან ამის სანაცვლოდ, ძალიან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ახალი ქსელი, რაც ბუნებრივია საკმაოდ სერიოზულ ინვესტირებას საჭიროებდა". "არ გამოვრიცხავთ, პროკურატურასაც მივმართოთ, რათა მან გამოიძიოს, ხომ არ არის ეს სწორედ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ანზორ ქოქოლაძემ თავის დროზე "თიბისისგან" მიიღო "ელიტ ელექტრონიქსის" ბიზნესის გასავითარებლად". - ნათქვამია ბანკის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ანზორ ქოქოლაძე კი აცხადებს, რომ "თიბისი" ყურადღების გადატანას ცდილობს და ამისთვის არაკეთილსინდისიერ მეთოდებს იყენებს. მისი თქმით, "ელიტ ელექტრონიქსი" ყოველთვის გამჭვირვალე კომპანია იყო და ამ კუთხით 2009 წელს მსოფლიო ბანკის აღიარებაც მიიღო. თუმცა, ქოქოლაძის განცხადებით, კომპანიაში "თიბისის" მისვლის შემდეგ "ელიტ ელექტორნიქსი" აქციონერებისთვისაც კი დახურული გახდა. მისივე მტკიცებით, ის დაღლას არ აპირებს და მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს და დაამტკიცოს, რომ ახალი კომპანიისთვის რესურსი კანონიერი გზით, მათ შორის, ბანკებიდან საკრედიტო ხაზების და მომწოდებლებისგან სასაქონლო საკრედიტო ხაზების მეშვეობით მოიპოვა. ამასთან, "თიბისი ბანკის" კომენტარის კომენტირებისას ქოქოლაძემ გაკვირვებაც გამოთქვა იმის შესახებ, თუ რამ გააოცა და შეაშფოთა მრავალი ბიზნესის ჭირ-ვარამის კარგად შემტყობი ბანკი, როცა უსამართლოდ დაჩაგრულმა 14 წლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე ათეულობით ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა ბაზრისთვის ტექნიკის მაღაზიათა ახალი ქსელის შეთავაზება გადაწყვიტა. ფაქტია ერთია, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ და არსებულ მფლობელებს შორის, დაპირისპირება მწვავდება და ეს ამბავი ქართული ბიზნესგარემოს სიჯანსაღეზე ნაკლებად მიანიშნებს. ორივე მხარე სასამართლოს გზებით აპირებს საკუთარი სიმართლის დაცვას.
თეონა ჭიტაძე
|