ნანახია: 603
გიორგი ჭირაქაძე, ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი: ქართული საგადასახადო კოდექსი ინვესტორებს აფრთხობს
ქართული საგადასახადო კოდექსის ბუნდოვანება ინვესტორებს აფრთხობს. ამის შესახებ ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს. გიორგი ჭირაქაძე იმასაც აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა გაჭიანურდა, თუმცა, მისივე თქმით, თუ პრობლემა ივნისისთვის მოგვარდება, ეს ქვეყანას ინვესტიციების მიმართულებით დიდ შედეგს მოუტანს. ინვესტორთა ნაწილიც ადასტურებს, რომ საგადასახადო კოდექსის ორაზროვანი მუხლები მათ გარკვეულ სირთულეებს უქმნის. "ერ სი აი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის განცხადებით, საგადასახადო კოდექსი რაც შეიძლება მარტივი და იოლად აღსაქმელი უნდა იყოს. თემურ ანჯაფარიძის თქმით, როცა უცხოელი ინვესტორი ქვეყანაში ფულის დაბანდებას გეგმავს, იგი პირველ რიგში ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობას ეცნობა და მას დიდ ყურადღებას აქცევს. "ერ სი აი ჯორჯია" ინვესტიციებს კახეთის რეგიონში ახორციელებს. კომპანია თელავში ღვინის ქარხანას და ახალგაზრდულ გასართობ ცენტრს ფლობს, ხოლო სიღნაღში გასართობ კომპლექსს აშენებს. კომპანიას რეგიონში 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ინფორმაციისთვის: ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს–ასოციაციას საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მზა ვარიანტს სწორედ ივნისის დასაწყისში მიაწვდის. ამის შემდეგ მისი ერთობლივი განხილვა მოხდება. თუმცა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ მთავრობა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს 15 მაისს წარმოადგენდა.
|