ნანახია: 543
"ბილაინი" საქართველოში მობილური ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის სიძვირეს უჩივის "ბიზნეს კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ვიმპელკომის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი გაუმართლებლად მაღალია და საშუალო ევროპულ ფასს 2-ჯერ მაინც აღემატება. აქვე ბორის ნემშიჩი იმასაც დასძენს, რომ კომისია ტარიფის შემცირებაზე მუშაობს და, სავარაუდოდ, ეს ტარიფი 6-7 თეთრამდე შემცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც ადასტურებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კომისიის ინფორმაციით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს საკუთარი ხარჯების გაანგარიშება 15 აპრილამდე უნდა წარმოედგინათ. თუმცა, ვადამ თვის ბოლომდე გადაიწია. ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ მარეგულირებელი ურთიერთჩართვის ზღვრულ ტარიფს დააწესებს. საქართველოში მობილური ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფის სიძვირეს "ბილაინშიც" ადასტურებენ. თუმცა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, "მაგთისთან" და "ჯეოსელთან" დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. "ზუსტად ის რეკომენდაციები გააჟღერა ამ ადამიანმა, რომელიც აფბამ, იგივე კომპანიებს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინა. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდეს და არა მხოლოდ ახლა შემცირდეს, არამედ წინასწარ იყოს განსაზღვრული, ყოველ წელს რამდენი თეთრით შემცირდება ურთიერთჩართვის ტარიფი, როგორც ეს ხდება ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში, იგივე ევროკავშირში, რომლის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წინასწარ აქვს განსაზღვრული, 2013 წლამდე როგორ შემცირდება ურთიერთჩართვის ტარიფი, რა პერიოდულობით და რამდენით. ზუსტად ასეთი პროგრამა თუ იქნება და ასეთი ნაბიჯები წინასწარ ექნება განსაზღვრული კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ძალიან კარგი იქნება. ამასთან აღსანიშნავია, რომ "ვიმპელკომის" გენერალური დირექტორის განცხადებით ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელია 6-7 თეთრიანი ტარიფის დადგენა საქართველოში, რაც პირველ რიგში ხალხისათვის იქნება მისაღები", - განაცხადა "ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოში ურთიერთჩართვის ტარიფი უკვე 2-ჯერ 2003 წელს 22,8-დან, 18,8-მდე, ხოლო 2007 წელს 18,8 თეთრიდან 14,8 თეთრამდე შემცირდა. თუკი ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება პირდაპირ უნდა აისახებოდეს საცალო ბაზარზე, როგორც ამას ახლა კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რატომ არ შემცირდა მობილურით საუბარი საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე, როცა ურთიერთჩართვის ტარიფი მთელი 8 თეთრით შემცირდა? აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ არც ახლო მომავალში დაგეგმილ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას უნდა მოყვეს კომპანიების მხრიდან თავის შეწუხება. თუ ზედამხედველი ორგანო არ აპირებს მკაცრი ნაბიჯების გადადგმას მობილური ოპერატორების მიმართ. კომუნიკაციები კომისიის ლოიალურობას, როგორც ვხედავთ, კომპანიები მშვენივრად იყენებენ და საერთოდაც, ყურსაც არ იბერტყავენ ტარიფების შემცირების გამო. აქვე შეგახსენებთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ პრობლემები აქტიური განსჯის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" კვლევა გამოქვეყნა, რომლის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მობილური ტარიფების სიძვირით საქართველო მსოფლიოში მესამეა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას მერობის კანდიდატებიც გამოეხმაურნენ, რომლთა განცხადებითაც ისინი სრულიად ეთანხმებიან "აფბას" მოთხოვნებს ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. მობილური ტარიფების შემცირების მოთხოვნით "აფბა" მობილურ ოპერატორებს მარეგულირებელ კომისიაშიც უჩივის. ნინო თამაზაშვილი
|