ნანახია: 10116
დედაქალაქში ყველაზე იაფი სააფთიაქო ქსელის დახურვა ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას ურტყამს
"ფარმადეპოს" აფთიაქი, რომელიც ვარკეთილის მეტროს წინ, სულ რაღაც 10 დღე ფუნქციონირებდა, გაურკვეველი მიზეზების გამო დაიხურა. კომპანიას ვარკეთილში ფართი იჯარით ჰქონდა აღებული, მეიჯარემ "ფარმადეპოს" ხელმძღვანელობას იჯარის გაორმაგება მოსთხოვა, ან კიდევ კონკურენტებთან საქმის გარკვევა. "კონკურენცია რომ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არის, ბიზნესი კონკურენციის დროს ვითარდება. უბრალოდ, კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი. ვგულისხმობ იმას, რომ ადეკვატურად უნდა მოიქცეს განვითარებისთვის ბიზნესგზებს მიმართავდეს და არა იმას, რომ დაძიროს ვიღაცა, იმის ხარჯზე, რომ მხოლოდ თვითონ იყოს", - განგვიცხადეს კომპანიაში. "ფარმადეპოში" კონკრეტული სახელი და გვარის დასახელებისგან თავს იკავებენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თვითონ, ვარკეთილის მეტროს წინ, შეგვიძლია ვნახოთ, ვის აქვს აფთიაქი გახსნილი და, სავარაუდოდ, ისინი ცდილობენ "ფარმადეპოს" ჩაძირვას. იმისი გარკვევა, რომელი აფთიაქებია ვარკეთილის მეტროს წინ, რა თქმა უნდა, არ გაგვჭირვებია. ვარკეთილის მოსახლეობამ ეს ისედაც კარგად იცის. სხვების გასაგებად კი ვიტყვი, რომ ეს "პსპ" და "ავერსია". "პსპ"-ში ბრალდებებს უარყოფენ, მათი განცხადებით "ფარმადეპოსთან" მათ არანაირი შეხება არ აქვთ და არც მეიჯარესთან ჰქონიათ რაიმე კავშირი. ბრალდებებს "ავერსშიც" უარყოფენ. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ გარდა უამრავი წვრილი აფთიაქია და "ავერსი" ყოველთვის ჯანსაღი კონკურენციის მომხრეა. მოკლედ, იმისი გარკვევა, ვინ ცდილობს "ფარმადეპოს" ფარმაცევტული ბაზრიდან მოშორებას და ვინ დააშინა მეიჯარე, ძალზედ რთულია. 2009 წლის ბოლოს "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში მთავრობის ინიცირებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიზანი ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის ამაღლება და მედიკამენტების გაიაფება იყო. ამ წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისგან ხდებოდა, ახალა უკვე წამლის ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება. "სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის კანონი შეცვალა იმ მხრივ, რომ შეგიძლია დამოკიდებული არ იყო მწარმოებელზე და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოიტანო წამალი. რა თქმა უნდა, ამან ხელი შეუწყო განვითარებას. არ იქნები მიბმული იმ კომპანიაზე, რომელსაც მხოლოდ თვითონ შემოჰქონდა და ის წყვეტდა, მოეცა შენთვის თუ არა მედიკამენტი. ახლა შეგიძლია სხვა გზა მონახო და სხვა გზით შემოიტანო. უბრალოდ, სხვა მოთამაშეები ცდილობენ მაინცა და მაინც არაკორექტულად, არაეთიკურად, ნებისმიერი გზებით არ განავითარონ სხვა ობიექტები", - აცხადებენ "ფარმადეპოში". ფაქტი ერთია – პრეზიდენტის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი კომპანიაა და ისინი აკონტროლებენ ამ ბაზარს, დიდად არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ბაზარზე შექმნილი პრობლემებისა, "ფარმადეპო" გაფართოებას აპირებს. კომპანიის მესვეურთ იმედი აქვთ, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაჯანსაღდება. "რა თქმა უნდა, ამ ერთი აფთიაქის დახურვით არ შევწყვეტთ ჩვენს საქმიანობას. ვაპირებთ გაფართოვებას, ისევე ჯანსაღად, როგორც ადრე ვმუშაობდით", - აცხადებენ კომპანიაში. "ფარმადეპო" მომხმარებელს ახალ ევროპულ და ქართულ მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. კომპანია ბაზარზე უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ამ მოკლე ხანში კლიენტურის დიდი რაოდენობა მოიზიდა. მომხმარებლის ასეთი აქტიურობა იმ ფასების დამსახურებაა, რასაც აფთიაქი მათ სთავაზობს. "ფარმადეპოში" მედიკამენტები ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 10%-ით დაბალია. კომპანია ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტიორი "ეი ბი სი ფარმაციის" კუთვნილებაა და ამჟამად ორ ფილიალს აერთიანებს. ჯანდაცვის სამინისტროს წამლის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში კომპანიამ 1,910 მლნ. აშშ დოლარის მედიკამენტების იმპორტი განახორციელა და 2009 წლის მაჩვენებლით ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის იმპორტის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.
ნანა კალანდაძე
|