ნანახია: 732
რა აწუხებს დღეს ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას? ამ საკითხზე ფართომასშტაბიანი სოციალური კვლევა რომ ჩავატაროთ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, აუცილებლად ჯანდაცვის სფეროს შეეხება, რომელიც თავის თავში ფარმაცევტულ ბაზარსაც მოიცავს. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე განუკითხაობაა და მდგომარეობა კატასტროფულადაც შეიძლება ჩაითვალოს, მედიკამენტები რეალურ ფასზე, არც მეტი, არც ნაკლები, 40%ით ძვირია. საკმარისია ერთი ჩვეულებრივი (გნებავთ უჩვეულო) გრიპის შეყრა და თქვენი ერთი თვის წვალებით მოპოვებული ხელფასი თვალსადახელს შუა აფთიაქში ქრება. ამ განუკითხაობის შესახებ, ხუთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე ხნის წინ შეიტყო და ფარმაცევტული კომპანიები მონოპოლისტობაშიც მაშინვე დაადანაშაულა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი საპატენტო ბიუროსთან კორუფციული გარიგებით ცდილობენ მედიკამენტებზე მაღალი ფასების შენარჩუნებას და რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ გადასაჭრელი იყო. ამ განცხადებიდან ორიოდ თვის თავზე "საქპატენტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე გასულ კვირას ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ფართო მოხმარების მედიკამენტებზე, რომელთა საერთო რიცხვი 50-დან 100-ს შეადგენს, შემოტანის და რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება საქართველოში არცერთ კომპანიას აღარ ჰქონდეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ ფართო მოხმარების მედიკამენტების უმრავლესობის შემოტანაზე ექსკლუზიური უფლება აქამდე სხვადასხვა უცხოურ კომპანიას და მათ შორის უკრაინულ კომპანია "ფარმაკია"-ს ჰქონდა და შესაბამისად, ბაზარზე ფასებს ისინი თავადვე ადგენდნენ. "ბ&ფ" უფრო დეტალური ინფორმაციისთვის "საქპატენტის" ხელმძღვანელს, ბატონ ღვალაძეს, წამლის სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს და ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს დაუკავშირდა იმის გასარკევად, თუ რა რეალურ შედეგს მოუტანს ეს ნაბიჯი მოსახლეობას. ჩვენთან საუბრისას "საქპატენტის" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ისეთი წამლების დასახელებები, როგორიცაა "ანალგინი", "კლოფელინი", "ასკოფენი", "ციტრამონი", "ვალიდოლი" და ამ ტიპის სხვა მედიკამნტები, "საქპატენტში" სასაქონლო ნიშნად აღარ დარეგისტრირდება, რათა გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მონოპოლიზაციის მცდელობა აღიკვეთოს და მათზე ფასები ბაზარზე ჯანსაღი და კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში დარეგულირდეს. "აქამდე იყო უკრაინული კომპანია, რომელსაც დარეგისტრირებული ჰქონდა ისეთი ფართო მოხმარების მედიკამენტი, როგორიც არის "ვალიდოლი" და ამ კომპანიის გარდა, აღარავის ჰქონდა უფლება ამ წამლის არც წარმოების და არც შემოტანის. ახლა კი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომავალში აღარ მოხდეს ასეთი ექსკლუზიური უფლების მინიჭება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე და ფასიც შესაბამისად იყოს უფრო დაბალი. ანუ ჩვენ მივცემთ ყველა მსურველს დაპატენტების უფლებას. თუმცა, იმის გამო, რომ ესა თუ ის მედიკამენტი სხვადასხვა კომპანიის მიერ იქნება შექმნილი, ამას ექნება თავისივე სახელწოდებაში დანამატი, მაგალითად, "ვალიდოლი ავერსი ფარმა" და ა.შ. მონოპოლიები უნდა მოისპოს და ამის მოსასპობლად ჩვენ ასეთი გამოსავალი მოვძებნეთ", - აცხადებს ღვალაძე. ღვალაძისვე განცხადებით, ეს ქმედება ხარისხზე არანაირად არ აისახება. რა მოთხოვნაც იყო ხარისხთან დაკავშირებით, ის მოთხოვნა დარჩება ისევ და ამას წამლის სააგენტო გააკონტროლებს და სპეციალური საწარმოები, ვისაც ეს ევალებოდა. დაახლოებით ამდაგვარივე იყო წამლის სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის კომენტარიც, რომ ეს არის დაწყებული ბრძოლა საავტორო უფლებების მანკიერი, არასწორი გამოყენების დასაცავად, რაც თავისთავად მისასალმებელი ნაბიჯია, –"აქამდე მონოპილისტი კარნახობდა სახელმწიფოს, ბაზარს, მოქალაქეებს და სადაზღვევო კომპანიას ფასს, რაც დაუშვებელია. ჩვენ ახლა ვქმნით ბაზარზე კონკურენტულ გარემოს, ვაძლევთ საშუალებას ფარმაცევტულ კომპანიებს შექმნან ასეთი მედიკამენტები, დაადონ შესაბამისი ფასი და ამით წარმოშვან ბაზარზე კონკურენტული, ჯანსაღი გარემო. ბაზარი იქნება ფართო და ფასები მისაღები. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოგიერთ სხვა ღონისძიებასთან ერთად, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს და გახდის მომხმარებლისთვის მისაღებს". განსხვავებული შეხედულებები აქვს აღნიშნულ საკითხზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, რომელიც ამ საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, - "ეს ქმედება ემყარება კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას, რომელიც საშუალებას იძლევა საცალო ვაჭრობის ქსელში გაიყიდოს მედიკამენტები. რაც მიმართულია, ერთის მხრივ, მონოპოლიური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ, მეტიც, ასევე წახალისებულია ხელისუფლების მიერ, მეორეს მხრივ კი მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად. თუმცა, რა ტიპის ინიციატივა ეკუთვნის თავად ბატონ ღვალაძეს, გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ესმის ამ სამსახურის ფუნქცია თავად პრეზიდენტს. როდესაც ბრალდება "საქპატენტის" მიმართ არის ის, რომ თითქოს ის ხელს უწყობს წამლების გაძვირების ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს, რასაკვირველია, კრიტიკას ვერ ჰპოვებს. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს "საქპატენტის" ბრალი, თუ რომელიმე სხვას აუკრძალავდა ანალოგიური პროდუქციის შემოტანას, ეს უკვე ვაჭრობის კანონმდებლობის საკითხია. სრულიად უსაფუძვლოდ არის მისი ხელმძღვანელობა გამოცხადებული ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად, ეს სამსახური გახლავთ ევროკავშირის საკმაოდ სერიოზული გრანტებით შექმნილი და ხელშეწყობილი, მას ჰქონდა სწორედაც რომ ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ახალი ხელმძღვანელობის დროს აღარ აქვს და ვფიქრობ, ბევრ სხვა საკითხშიც საქართველო ამის გამო იზარალებს. ხოლო ხელოვნურად მიწებებული ბრალდება მედიკამენტების გაძვირებისა ამ სამსახურისთვის, არის უკვე არა ანალიზის, არამედ დიაგნოზის საკითხი. წარმოების თვალსაზრისს რაც შეეხება, ყველა ვერ აწარმოებს ამ მედიკამენტებს, თუ იარსებებს სერიოზული კონტროლი თავად ხარისხზე. მაგრამ როცა პარალელურად ქმნი კანონმდებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც დაკავებულია მედიკამენტების იმპორტით, თავადვე აწარმოოს იგივე დასახელების მქონე მედიკამენტები, თავადვე შექმნას ამ პროდუქციის ხარისხის შემმოწმებელი ლაბორატორია, ამას რუსული ტერმინოლოგიის გამოყენებით "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ" ჰქვია. ექსპერტი ასევე ვარაუდობს, რომ მოხერხებულობის თვალსაზრისით ამ ნაბიჯმა პოზიტიური შედეგი უნდა გამოიღოს. მაგრამ ფასებზე რაიმე ტიპის ზემოქმედებას მოახდენს თუ არა ეს ნაბიჯი, ძნელად წარმოსადგენია. რადგან, მისივე თქმით, ფასებს ჩვენთან აყალიბებს არა ბაზარი, არამედ ხელისუფლების მადა. თათია ჩაფიჩაძე
|