ვინ იქნება შემდეგი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ვინ იქნება შემდეგი
ნანახია: 1257

პრეზიდენტის მორიგი მსხვერპლი - ნავთობპროდუქტების ბაზარი, მობილური კავშირგაბმულობა თუ ენერგეტიკა?

მონოპოლია (მონოპოლია = მონო + პოლია = ერთადერთი + გამყიდველი) ალტერნატივების უქონლობას, ერთადერთობას გულისხმობს. ის მაშინ ჩნდება, როცა პიროვნება ან ფირმა საკმარის კონტროლს იძენს მოცემულ საქონელზე იმისათვის, რომ განსაზღვროს ვაჭრობის პირობები, საკუთარი ფასი უკარნახოს ბაზარს. რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მონოპოლიის წარმოქმნას? კერძო ანუ კარტერული გარიგებები _ ეს ის შემთხვევაა, როცა ბაზარზე მონაწილე რამდენიმე ფირმა შეთანხმებულ ფასს აწესებს, ან ერთიანდება, რითაც მომხმარებელს ალტერნატივებს უსპობს. მომხმარებელი კი იძულებულია შეიძინოს ძვირად. ამგვარი გარიგებების თავიდან აცილების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა კანონმდებლობით მსგავსი შეთანხმებების აკრძალვა, რაც საქართველოში არ არსებობს.
მონოპოლიის ერთ-ერთი სახეა ოლიგოპოლია - როცა რამდენიმე ფირმა აკონტროლებს ბაზარს, მათ შორის არსებობს კარტერული გარიგებები და ისინი ისეთ პირობებს ქმნიან ბაზარზე, რომ რეალურად სხვა კონკურენტები იქ ვეღარ შედიან.
მონოპოლიების გამომწვევ მიზეზთა კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ბუნებრივი მონოპოლიები, როდესაც ბუნებრივი (ტექნიკური) პირობების გამო ვერ ხერხდება რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე მრავალი ფირმის ფუნქციონირება (სატელეფონო, გაზით და წყლით მომარაგების და ა.შ. სისტემები).
საქართველოს პრეზიდენტი პერმანენტულად "ილაშქრებს" ხოლმე ქვეყანაში არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ. ასე მაგალითად, 2007 წლის ოქტომბერში მარილთან და შაქართან დაკავშირებით გაჩნდა სერიოზული პრობლემა და მაშინ პრეზიდენტმა ამ მონოპოლიებთან ბრძოლა შს მინისტრს დაავალა, 2009 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის აღმოფხვრა ჯანდაცვის მინისტრს მიანდო. მაშინ გაირკვა, რომ ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 80% სამ კომპანიას უჭირავს. შემდეგ თბილისის აეროპორტის ჯერი დადგა. თუმცა, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ საქართველოში ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არის საჭირო და 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, ყოველგვარი დებატების გარეშე, მოულოდნელად გააუქმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო პარლამენტმა, რომელიც მნიშვნელოვნად პასუხობდა საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას. მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.
"თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არარეგულირებას არ ნიშნავს, სწორედაც, რომ რეგულირებას ნიშნავს, მაგრამ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებში მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტერული შეთანხმებები, მართალია, რეგულირდება, მაგრამ აკრძალვა ხდება მხოლოდ თავგასულობის, რომელსაც ხშირად საქართველოს ბაზარზე ვაწყდებით ხოლმე", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.
"საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური ლიბერტარიანული იდეებს შეეწირა. ბენდუქიძის, სამსახურის გაუქმების მთავარი ინიციატორის, არგუმენტი ანტიმონოპოლიურის კორუმპირებულობა იყო, რის გამოც რიგი ეკონომისტებისა ამ გადაწყვეტილებას მიესალმა კიდეც. გაუქმდა მარეგულირებელი და ქვეყანა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა. თუ მანამდე ანტიმონოპოლიური კორუმპირებული იყო და ეს საზოგადოებას აზარალდებდა, მისი გაუქმების შედეგ საქართველოში ბიზნესის თითქმი ყველა სექტორის მომენტალური მონოპოლიზება მოხდა და მოქალაქეები იმაზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, ვიდრე რეგულატორის არსებობამდე იყო.
საერთოდაც გაუგებარია სამსახურის კორუმპირებულობის გამო გაუქმება. შევარდნაძის დროს თითქმის ყველა ორგანო კორუფციის ჭაობში იყო ჩავარდნილი მათ შორის პოლიცია და საეთოდაც მთელი მთავრობა. ხომ არავის მოსვლია აზრად პოლიციის, ან თუნდაც მთელი მთავრობის გაუქმება, უბრალოდ ამ სფეროების რეფორმირება მოხდა. "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია", შესაბამისად ამ სამსახურს უბრალოდ, ნორმალური რეფორმირება სჭირდებოდა.
ბენდუქიძე ორგანოებს ჯერ ასუსტებდა, ხოლო შემდეგ კორუმპირებულობისა და არაეფექტიანად მუშაობის არგუმეტით მათ გაუქმებას ითოხვდა. ზუსტად ანალოგიური სქემა მოქმედებდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც. ჯერ პრეზიდენტი არ დაუნიშნეს თითქმის 2,5 წელი, ამ პერიოდში ბენდუქიძე-გურგენიძის ყურმოჭრილი მონის დავით ამაღლობელის ხელით დაანგრიეს ქვეყნის ცენტრალური რეგულატორი და მას სრულფასოვანი პოლიტიკის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ. ხოლო შემდეგ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სებ-ი მაინც ვერ ართმევდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს და რამდენიმე ფუნქცია ჩამოერთმიათ მისთვის. სამწუხაროდ მაშინ ეს განახორციელეს კიდეც. ანალოგიური მიდგომა დაუშვებელია, როგორც ანტიმონოპოლიური სამსახურის, ისე ეროვნული ბანკისა თუ სხვა ორგანოს მიმართ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" (აფბა).
პრაქტიკაში ანტიმონოპოლიური სამსახური არაქმედითუნარიანი აღმოჩნდა, მაგრამ ეს კანონის ბრალი არ იყო, არამედ იმ პერიოდში არსებული სახელმწიფო მართვის სისუსტეებისა და პოლიტიკური ნების უქონლობისა. ანტიმონოპოლიური კანონის გაუქმებას ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებაც მიაყოლეს. მსოფლიოში ვერ იპოვით ანალოგს ამჟამად არსებული მოქმედი კანონისა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, რომელმაც თითქოს 1996 წელს მიღებული ანტიმონოპოლიური კანონი შეცვალა.
მონოპოლიების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტმა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო უმოქმედობაში დაადანაშაულა, მაგრამ როგორც ამ სააგენტოში აცხადებენ, მათ მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად პირდაპირ არ ევალებათ. მათ მოვალეობაში შედის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე მონოპოლიები არ იქმნებიან. ეს ორი განსხვავებული რამ არის და ამიტომ ეს სააგენტო არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ანტიმონოპოლიური სამსახურის სამართალმემკვიდრედ. ჯერ ერთი, "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" მცირერიცხოვანი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, არ არსებობს რეგულირების ბერკეტები, რადგან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გაუქმებულია და თანაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მონოპოლიები არეგულირონ.
"არ აქვს მნიშვნელობა ამას ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს, ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გააკეთებს, ანტიმონოპოლიური სამსახური იარსებებს ამისთვის, თუ რაღაც ტრანსნაციონალური სინდიკატი. მთავარია ქვეყანაში არსებობდეს ანტიმონოპოლიური რეგულირება და კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც ეს მოექცევა და იქნება ამაზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირი", - აცხადებს ლევან კალანდაძე.
ექსპერტთა უმრავლესობა იზიარებს ლევან კალანდაძის აზრს და ასევე აცხადებენ, რომ არავინ არის წინააღმდეგი მსხვილი კომპანიების, ქსელების, კონგლომერატების არსებობის. თავისთავად, მათი არსებობა კი არ არის დანაშაული, არამედ მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია. მეწარმის მთავარი საქმიანობის არსი არის ის, რომ მან მოგება მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მომხმარებლების ხარჯზე.
"ყველა ნორმალური განვითარებაზე და მოგებაზე ორიენტირებული კომპანია იღწვის იმისათვის, რომ ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა შეიქმნას. ამაში გასაოცარი, გასაკვირი და კანონსაწინააღმდეგო არაფერია. საერთოდ გაუგებარია, საქართველოში მოქმედ კომპანიებს რატომ ეშინიათ იმის აღიარება, რომ გარკვეულ სექტორში საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. უბრალოდ როდესაც კომპანია მიაღწევს მონოპოლისტურ მდგომარეობას, მაშინ ვინმემ ან რამემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ ფირმამ თავისი ვიწრო ინტერესებისდა შესაბამისად მომხმარებლის უფლებები არ შელახოს" - განაცხადეს "აფბა"-ში
დღევანდელ სიტუაციაში ყველა ის კომპანია, რომელიც არის გარკვეულ სექტორში მონოპოლისტი, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საგანგებო პირობები სახელმწიფომ შეუქმნა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ სინამდვილეში მონოპოლიის შექმნა სახელმწიფოს შეუძლია და არა ბაზარს. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ერთდროულად უნდა იცავდეს როგორც მომხმარებლის, ასევე მეწარმის უფლებებს.
"სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია არის ოქროს შუალედის დადგენა მეწარმის უფლების არ შეზღუდვასა და მომხმარებლის უფლების დაცვას შორის. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც ერთი დავაზარალოთ და არც მეორე", - განმარტავს კალანდაძე.
დღეისათვის მთლიანად მონოპოლიზებულია ყველა მნიშვნელოვანი სფერო - ენერგეტიკა, კომუნიკაციები, რკინიგზა, ნავთობპროდუქტების ბაზარი და მონოპოლიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. მონოპოლისტები ეკონომიკის ამ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მომგებიან ბიზნესსაქმიანობად ითვლება, თითქმის უკონკურენტოდ არიან დარჩენილნი. მონოპოლიები მუშაობენ გაზის სადისტრიბუციო ბიზნესში - თბილისში "ყაზტრანსგაზი", დანარჩენ საქართველოში - "იტარა"; თბილისში ელექტროენერგიას ერთადერთი ენერგოკომპანია "თელასი" ანაწილებს. სატელეფონო მომსახურების სფეროში ამჟამად უკვე ყაზახური კომპანია "გაერთიანებული ტელეკომია" მონოპოლისტი. ის, იმავდროულად, სატელეფონო ქსელის ერთპიროვნული მფლობელია. მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს თითქმის შუაზე იყოფს ორი მონოპოლისტი - "მაგთი" და "ჯეოსელი", რომლებიც ერთსა და იმავე შეთანხმებულ ტარიფს სთავაზობენ მომხმარებელს. ამ ბაზარზე რუსული "ბილაინიც" გამოჩნდა, თუმცა, მომსახურების ფასს მას ისევ მონოპოლისტები კარნახობენ. რაც შეეხება ტვირთების გადაზიდვის ბაზაარს, აქ ერთადერთი ბუნებრივი მონოპოლისტი - საქართველოს რკინიგზაა. ანალოგიური მდგომარეობაა ნავთობის იმპორტიორ კომპანიებში. მსოფლიოში ნავთობზე ფასების შემცირება ჩვენ ქვეყანას რატომღაც არ შეხებია. არსებობს ეჭვი, რომ ესეც მონოპოლიური მდგომარეობის გამოვლინებაა, როდესაც ფასებთან დაკავშირებით კომპანიების "შეთქმულება" ხდება და ისინი სტაბილურად მაღალ ფასებს ინარჩუნებენ. რადგან შეუძლებელია ევროპულ და აზერბაიჯანულ ბენზინს ჰქონდეს ერთი ფასი.
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მომგებიან ბიზნესსექტორს საქართველოში მონოპოლისტები აკონტროლებენ. სქემა ასეთია: როგორც წესი, მსხვილი კომპანიები ხელოვნურად შემცირებული ფასებით ჯერ სხვა წვრილ კომპანიებს აკოტრებენ, ხოლო მათი შემოერთების და ბაზრის დიდი სეგმენტის დაპყრობის შემდეგ კი მომხმარებელს საკუთარ ფასებს და პირობებს კარნახობენ.
ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის პროგნოზი ასეთია: "ხვალ პრეზიდენტი აღმოაჩენს, რომ რომელიღაც სფეროში ახალი მონოპოლიები არსებულა, ზეგ აღმოაჩენს კიდევ ახალ მონოპოლიებს, შეიძლება ეს კავშირგაბმულობაში აღმოაჩინოს, მაზეგ აღმოაჩენს ნავთობპროდუქტებში და ასე გაგრძელდება, მაგრამ შედეგი ამას არ მოყვება".

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48