ნანახია: 1227
სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკურ და არა მარტო ეკონომიკურ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. დღეისათვის ასეთი ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება, სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქციაში შედის. სწორედ ეს სტრუქტურა აქვეყნებს ქვეყნის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებს. ასეთი ინფორმაციის საფუძველზე კი უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღება. მაგალითად, ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. გარდა ამისა, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ინვესტორებს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უქმნის წარმოდგენას და ამის შემდეგ მიიღება ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებები. ამ ფონზე, სტატისტიკის დეპარტამენტის მუშაობის მიმართ უამრავი პრეტენზია არსებობს. ყველაზე მთავარი საკითხი ამ სტრუქტურის ინსტიტუციური მოწყობის საკითხია. სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. სტატისტიკის დეპარტამენტი სწორედ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქმიანობას აფასებს, ბუნებრივია, მას ზემდგომი ორგანო არასოდეს მისცემს უფლებას გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია, რომ სამინისტროს საქმიანობა უარყოფითად შეაფასოს. პრაქტიკულად კი შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობის პიარის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. მას შემდეგ, რაც მას დამოუკიდებლობა შეუზღუდეს და ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარეს, ქართველი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა სტატისტიკის დეპარტამენტის მუშაობას კრიტიკულად აფასებს, მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არავინ ენდობა და ზოგიერთი მათგანი კი ინფორმაციების შესახებ კომენტარსაც კი არ აკეთებს. სტატისტიკურ მონაცემებს და რეიტინგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გლობალური საფინანსო კრიზისის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სარეიტინგო კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც ასახელებენ. ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარზე განვითარებულ კრიზისს სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებული არასწორი რეიტინგების საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებს უკავშირებენ. ამ საკითხს სამართალდამცავებმაც კი მიაქციეს ყურადღება. მსგავსი შედეგების დაკავშირება ქართულ სიტუაციასთანაც შეიძლება, საქართველოში დაწყებული საბანკო კრიზისი, რომელიც აგვისტოს მოვლენების ფონზე უკანა პლანზე გადავიდა, სწორედ რეალობასთან შეუსაბამო ოფიციალური ინფორმაციების ვითარებაში განვითარდა. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ იმ დროს გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებს ეყრდნობოდა. ფასების სწრაფი მატების ფონზე, სტატისტიკის დეპარტამენტი ამტკიცებდა, რომ წლიური ინფლაცია 12%-ს არ აღემატებოდა, ამ დროს კი ექსპერტების შეფასებების მიხედვით, სამომხმარებლო კალათის ფასების მატების ინდექსი 30%-საც კი აღწევდა. ერთი სიტყვით, მაჩვენებლები ქვეყნდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ახალი მიღწევებით იამაყოს და არა იმისთვის, რომ პრობლემა რეალურად დაფიქსირდეს და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკის გატარებაზე იფიქროს. შექმნილ სიტუაციაში, საინტერესოდ მოგვეჩვენა ეროვნული ბანკის ინიციატივა, რომელიც ახალი წლიდან სტატისტიკური ინფორმაციის უფრო ეფექტიანი გზით შეგროვების დაწყებას გულისხმობს. თუმცა სებ-ის განცხადებით, ალტერნატიული ოფიციალური სტატისტიკის წარმოება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. რით იქნება ის განსხვავებული დღევანდელი სტატისტიკის დეპარტამენტის საქმიანობისგან, ამის შესახებ ეროვნული ბანკი გვპასუხობს, რომ "ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და ეროვნული ბანკის სტატისტიკის დეპარტამენტი, მუშაობენ სხავადასხვა საკითხებზე. მათი ფუნქციები ნათლად არის გამიჯნული. ეროვნულ ბანკში ხდება საბანკო სტატისტიკის შეგროვება კომერციული ბანკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე". მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მტკიცებით, ახალი სამსახური არ შეიქმნება და არც მათი და სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქციების გადაკვეთა მოხდება, ნამდვილად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია სებ-ს არ აკმაყოფილებს და სტატისტიკის შეგროვების ახალ გზებს ეძებს. საბანკო სტატისტიკის შეგროვება, რასაც სებ-ი აპირებს, სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქციაშიც შედის. საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როცა ეროვნული ბანკი ოფიციალურად არ აღიარებს სტატისტიკის დეპარტამენტის უფუნქციობას, მაგრამ ქმნის სტატისტიკის შეგროვების ალტერნატიულ სისტემას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 2007 წლის ნოემბერში, როდესაც ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, ქართული ეკონომიკის პროგრესის გზაზე, სტატისტიკის დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქართული ეკონომიკა უზარმაზარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, უკვე დაეწია და ასწრებს ჩრდილოელ მეზობელს და ხშირი პერიოდულობით იპყრობს ახალ-ახალ მწვერვალებს, მაგრამ ამას სტატისტიკის დეპარტამენტის გარდა ვერავინ გრძნობს. რა ხდება რეალურად, როგორია ქართული ეკონომიკის სტატისტიკა, ეს არავინ იცის, არავინ იცის, ეშველა თუ არა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ის ნამდვილად იციან, რომ სტატისტიკის დეპარტამენტს არ ეშველა. . .
ადა ექიზაშვილი
|