ნანახია: 932
გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია
გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დიდ ფულს დებს როგორც ბანკთა სისტემის გადარჩენაში, ასევე გერმანიის ეკონომიკის ოდნავ მაინც "ფეხზე წამოყენებაში". თავად კანცლერისა და გერმანელ ექსპერტთა თქმით, გერმანიისთვის რეცესიის პერიოდი უკვე დიდი ხანია დამთავრდა, სამაგიეროდ, ახლა მწვავე კრიზისის ხანა დადგა. ამასთანავე ექსპერტთა აზრით, გერმანიის კანცლერმა ეკონომიკის სტიმულაციის ახალი პაკეტი უნდა წარუდგინოს გერმანიას. "საუბარია არამარტო კრიზისზე, არამედ კრიზისის შემდგომ კრიზისზე, უმუშევრობისა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით", - განაცხადა პეერ შთაინბრიუქმა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა. როგორც ფედერალურმა სტატისტიკის ოფისმა ვისბადენში განაცხადა, ბოლო მეოთხედის განმავლობაში გერმანიის მშპ-მ 2.1%-ით იკლო; ეს უდიდესი ვარდნაა 1990 წლის შემდეგ და უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე იანვარში (2009) დაფიქსირებული 1.5%-იანი მშპ-ს კლება. გლობალურმა კრიზისმა გერმანიის ბევრი უდიდესი ბანკი დააზარალა, როგორიცაა შპარკასსენ სავინგს ბანკს, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ სტაბილურ ბანკად ითვლებოდა, გარდა ამისა, 2009 წლამდე მიაჩნდათ, რომ გერმანიის 438 ბანკს კრიზისი არ შეეხებოდა, ახლა მათი უმრავლესობა ცდილობს ნაკლებად გამოუშვას მიმოქცევაში ფასიანი ქაღალდები, გასცეს ნაკლები სესხები და კრედიტები. თუმცა კრიზისის უფრო მძიმე ხანა დასავლეთ გერმანიას დაუდგა, ვიდრე აღმოსავლეთს. აღმოსავლეთ გერმანიაში კომპანიათა უმრავლესობა ნაკლებადაა დამოკიდებული ექსპორტზე, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში. გერმანია საკმაოდ ინდუსტრირებული მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ქვეყანაა, თუმცა იგი წელს დიდად დაზარალდა. ქვეყნის ექსპორტმა ჯერ კიდევ აპრილში 22.9%-ით იკლო, ხოლო მოგვიანებით ეს რიცხვი რამდენიმე პროცენტით კვლავ გაიზარდა. 2009 წლის დასაწყისიდან უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა და უდიდეს კომპანიათა ნაწილი დაიხურა. გერმანიის ცენტრალური ბანკის, "ბუნდესბანკის" ცნობით, გლობალური კრიზისის პირობებში ეკონომიკა ქვეყანაში 2009 წელს კიდევ 6.2%-ით იკლებს; ეს ყველაზე მასშტაბური და უდიდესი ვარდნაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ 2010 წლიდანაა ნავარაუდევი. გერმანია კრიზისთან "ჭიდილში" 2013 წლამდე იქნება და მხოლოდ მაშინ მოხდება დაკარგულის ანაზღაურება, ვარაუდობენ ექსპერტები. თუმცა გერმანიაში უმსხვილეს საწარმოთა წყალობით და ასევე ექსპორტიდან შემომავალი ფინანსებით, გერმანიის მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდება ხელფასების უცაბედი კლებით.
ამერიკა მასტიმულირებელი გეგმის გამართლებას ელის - მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ბიუჯეტში ამჟამად 1.75 ტრილიონი დოლარის დეფიციტია
აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობათა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მშპ 3.8%-ით შემცირდა. მომხმარებლის, კომპანიების, სავაჭრო მარაგისა და ექსპორტის დაცემის ფონზე კი ეს მაჩვენებელი 6.2%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები ჯერ კიდევ პესიმისტურად არიან განწყობილნი და გარკვეულ პოზიტივებს არ ელიან. დანახარჯების შემცირება ბიზნესის სფეროშიც ძალიან დიდია: კაპიტალდაბანდებები ბოლო 28 წლის მანძილზე მაქსიმალურად, 21%-ით დაეცა. ხოლო ბიზნესკომპანითა მიერ სხვადასხვა ხელსაწყოს შესყიდვებზე დანახარჯებმა მესამედით იკლო, რაც პირველი შემთხვევაა 1958 წლის შემდეგ. ექსპორტი, რომელიც ამერიკული ეკონომიკის "მთავარ საყრდენად" ითვლებოდა, შარშანდელი წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში, 1971 წლიდან მოყოლებული პირველად, 23.6%-ით შემცირდა. "ეკონომიკის კრახი ძალიან სწრაფად და შეიძლება ითქვას, მოულოდნელადაც მოხდა. მწვავე და ხანგრძლივ რეცესიში კი ჯერ კიდევ დიდი ხნით დავრჩებით", - აცხადებს ბლუმერგი. უმუშევრობის ტემპების ზრდაც მაღალია, ტელეკომპანია CNN-ის თქმით, უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა რიცხვმა უკვე 8.1%-ის მიაღწია, რაც პირველი შემთხვევაა 1983 წლის შემდეგ. მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ბიუჯეტში ამჟამად 1.75 ტრილიონი დოლარის დეფიციტია. მასტიმულირებელმა გეგმამ, რომელიც აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა რამდენიმე თვის წინ, ამერიკის მოსახლეობის თქმით, ვერაფერი შესძინა ვერც დიდ კორპორაციებს, საიდანაც კვლავ ათავისუფლებენ მუშახელს და ვერც უმსხვილეს ბანკებს ეშველათ რამე. ძალიან რთული მდგომარეობაა ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროშიც. `როიტერსის~ ცნობით, ამჟამად აშშ-ს კონგრესი ჯანდაცვის ახალ პროგრამაზე მუშაობს, რათა 46 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმაროს, რომელთაც ჯანმრთელობის დაზღვევა, დაბალი გადასახადები და უკეთესი მოვლა ესაჭიროებათ. პრეზიდენტ ობამას თქმით, ჯანდაცვა მთელ რიგ სხვა საკითხებთან ერთად მისთვის პრიორიტეტად რჩება და ეს სფეროც ბანკთა სისტემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაზღვევებში შედის უმუშევრობის დაზღვევაც; მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში 13.5%-მა დაკარგა სამუშაო და, რასაკვირველია, კონგრესისთვის არც თუ ადვილია გაიღოს ამ ხალხისთვის კუთვნილი სადაზღვევო თანხები, მაშინ როდესაც კომპანიები, საიდანაც ამ ხალხს ათავისუფლებენ, თავად დახმარების მოლოდინში არიან და გაკოტრების პირას დგანან. ასე რომ, ნათელია, ამერიკა მძიმე კრიზისს ახალი თანხებით უნდა გაუმკლავდეს და მალე შესაძლოა შტატები ახალ მასტიმულირებელ გეგმაზე ალაპარაკდეს, რადგანაც ქვეყნის ბიზნესსფეროში კვლავ დიდი საფონდო კრიზისია.
თურქეთში რეცესიას ელიან
გლობალური კრიზისის ფონზე თურქეთის ეკონომიკა არცთუ დიდი საფრთხის წინაშეა; არც თუ ხშირად გვესმის თურქული ბანკების გაკოტრების ამბავი, თუმცა იმის გამორიცხვაც, რომ კრიზისი თურქეთს საერთოდ არ შეხებია, შეუძლებელია. ამჟამად თურქეთი რეცესიაზე საუბრობს, უმუშევრობის ზრდა შეინიშნება ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სტამბული ან ანკარა, რასაკვირველია საფეიქრო მასალის ექსპორტზე გატანაც უფრო გაძნელდა. კლება წარმოებაშიც აღსანიშნავია, დაახლოებით 6.4%-ით, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2006 წლის შემდეგ, როდესაც წარმოებაში ვარდნა 7%-ით დაფიქსირდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით კი სამომხმარებლო ფასების ინფლაცია წლის ბოლოსთვის 11%-ზე მეტი იქნება. ექსპერტთა თქმით, თურქეთს რეცესიის პერიოდი დაუდგა და ახლა მთავრობის ჯერია შეასრულოს მთავარი როლი. ქვეყნის შიდა მოთხოვნის სტიმულირებისათვის 2009 წლის ბოლოსათვის მთავრობამ თურქეთის ეკონომიკა 4%-ით უნდა გაზარდოს. ფისკალური ექსპანსია მცირე კერძო ბიზნესისთვისაც ხელის წაშველებას უნდა მოიცავდეს. რეცესიის მიუხედავად, თურქი ანალიტიკოსები პოზიტიურად არიან განწყობილნი, რომ ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით ისინი წლის ბოლოსათვის უკვე შეძლებენ უცხოური კაპიტალის მოზიდვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში.
ბულგარეთის ეკონომიკა ოფიციალურად რეცესიის ფაზაში შედის
ბულგარეთის მზარდმა შიდა პროდუქციამ (მშპ) 2009 წლის პირველ მეოთხედში 3,5%-ით იკლო, მთლიანად კი ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა, რითაც ოფიციალურმა პირებმა საბოლოოდ დაამტკიცეს ბულგარეთის რეცესიის ფაზაში შესვლა. 2009 წლის პირველ მესამედში ბულგარეთის ექსპორტმა და იმპორტმა თითქმის მესამედით იკლო, ექსპოტის ვარდნა 17.4%-ით დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის - 21.1%-ით. რასაკვირველია, მოთხოვნაც გარკვეული ზრდის შემდეგ, რომელიც 2008 წელს დაფიქსირდა, დაახლოებით 5.4%-ით შემცირდა. "ბულგარეთის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევიდა და ამგვარი მდგომარეობა დაახლოებით კიდევ ერთ მეოთხედს გასტანს,~ - აღნიშნა პეტარ გენიმ (მარკეტინგის ეკონომიკის ინსტიტუტიდან) "დარიქ რადიოს" ეთერში. "ორი მეოთხედის განმავლობაში ზედიზედ მშპ-ს კლება სწორედაც რომ რეცესიის მანიშნებელია. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება უმუშევრობის ზრდით..." - ამბობს გენიმი. მისივე თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დაფუძნებულია მხოლოდ გარე ფაქტორებზე, მაგრამ გარკვეულწილად ბულგარეთის მთავრობამაც უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განაცხადა, ბულგარეთის ეკონომიკას კიდევ 3%-იანი ვარდნის გადატანა მოუწევს, 2010 წელს კი 1%-იანის. ბულგარეთის რეცესიის შემდგომი ეტაპები ისეთ წამყვან ქვეყნებზეა დამოკიდებული, როგორიცაა აშშ ან გერმანია, რადგანაც საბჭოთა ბანაკის ყოფილი ქვეყანა უკვე დიდი ხანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ბირჟებზე საერთაშორისო ბაზარზე და ექსპორტიც გააქვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს ეკონომიკის ვარდნა 1%-ზე მეტი არ იქნება.
რუსეთი რეცესიაშია – რუსულმა აქციებმა მსოფლიო ბაზარზე მარტის შემდეგ 20%-ით იკლო
22 ივნისს რუსეთის "მიკექს ინდექსმა" 20%-ით დაიწია. ფაქტიურად, აქციათა ფასების ვარდნა ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. რუსეთის ეკონომიკაში მთლიანად 9.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, პირველი ამგვარი მაჩვენებელი 15 წლის მანძილზე. ამჟამად კომპანიები მეტი ფულის გამომუშავებას ცდილობენ, რათა დაფარონ მუშათა ხელფასები და ამავე დროს მომხმარებლის მოთხოვნაც დააკმაყოფილონ. ინდუსტრიული საქონელი ბაზარზე 17.1%-ით შემცირდა. "რამდენიმე რუსული მსხვილი ინდუსტრიული კომპანიის ციფრები მეტად დამამწუხრებელია, რადგანაც ყველა იმის მაჩვენებელი გახლავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმე რეცესიის წინაშეა და სწრაფი V-ს ტიპის აღმავლობის ხანა ჯერ კიდევ შორსაა", - განაცხადა მიაქლ ვანგმა, "მორგან სტენლის" მარკეტინგულმა სტრატეგმა ლონდონში. საბოლოო ჯამში, პროგნოზი ამგვარია: რუსული კომპანიების მოგება შესაძლოა 61%-ით დაეცეს, რაც განვითარებული ქვეყნების უკუსვლის 24%-ია; თუმცა ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსისა და ამავე დროს "სითი გრუფ ინკორპორეიშენის" (ნიუ იორკში) აზრით, რუსეთის უმსხვილესი კომპანიები უკვე 2010 წელს 12%-იან მოგებას ნახავენ.
მოამზადა ნინო ფარიზოვამ
|