ნანახია: 1727
საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული ყველა ტენდერი იდუმალებითაა მოცული და მათ უმრავლესობაში უცნობი კომპანიები იმარჯვებენ, რომელთაც გაურკვეველი წარმომავლობა და მფლობელები გააჩნიათ. მორიგი უცნაური ტენდერი ჩატარდა 12 ივნისს ფინანსთა სამინისტროში. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება, რის შემდეგაც საქართველოში 10 წლის განმავლობაში ლატარიების მოწყობის უფლება მხოლოდ ამ კომპანიას ექნება. 2009 წლის დასაწყისში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" ლიცენზიას "ეროვნული ლატარიის ფონდის" ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო გასცემს. ბოლო ეტაპზე ტენდერში ორი კომპანია შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" და ქართულ-ამერიკული შპს "ტექნოლოგია პლუსი" იღებდა მონაწილეობას. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო კომისიას საუკეთესო განაცხადი წარუდგინა. ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც ფინანსთა სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, იყო ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალური ოდენობის თანხის შეთავაზება სახელმწიფოსთვის. "საქართველოს ლატარიის კომპანიამ", რომელიც ქვეყანაში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების 10 წლიანი ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი გახდა, წარადგინა სატენდერო წინადადება, რომ გაყიდული ბილეთებიდან მთლიანი დაგეგმილი შემოსავალი 10 წლის განმავლობაში 4 248 129 000 ლარი იქნება, საიდანაც, სახელმწიფო ბიუჯეტში 913 351 00 ლარს გადაიხდის. ამასთან, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაფაროს ტენდერის მომზადებასთან დაკავშირებული 150 ათასი დოლარიც, რომელიც ებრაულმა კომპანიამ მოამზადა. კანონპროექტით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან შესული თანხის 25% სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება, ხოლო 75% კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტში გადაირიცხება. ჩატარებულ ტენდერთან პრეტენზიები აქვთ კომპანია "ტექნოლოგია პლუსის" წარმომადგენლებს, რომელთა განცხადებით, ჯერ-ჯერობით კომპანიას არ აქვს გადაწყვეტილი, შეიტანს თუ არა სარჩელს ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. "ტექნოლოგია პლუსის" ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით: "ტენდერში გამარჯვებული კომპანია 3 კვირის წინ ჩამოყალიბდა, "ტექნოლოგია პლიუსის" ამერიკელ პარტნიორებს კი ამ სფეროში მოღვაწეობის 120 წლიანი გამოცდილება აქვთ. კომპანია "საქართველოს ლატარია"-მ ტენდერში გასამარჯვებლად არარეალური ციფრები წარმოადგინა და ამხელა თანხის ამოღება, უბრალოდ, შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა კომპანია ტენდერის შედეგებს, რადგან სპეციალისტები მუშაობენ და ითვლიან, თუ რამდენად რეალურია გამარჯვებული კომპანიის წარმოდგენილი შეთავაზება ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სამინისტროს არანაირი განსაკუთრებული კრიტერიუმი არ ჰქონია გამარჯვებულის შერჩევისას და შესაბამისად, კომპანია "საქართველოს ლატარიაც" მხოლოდ იმიტომ იქნა გამარჯვებულად გამოცხადებული, რომ მან რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან ყველაზე მაღალი რაოდენობის თანხა შესთავაზა სახელმწიფოს". როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არანაირი გარანტია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი რეალურად გადაიხდის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში. ანუ ნებისმიერი კომპანია, რომელიც სახელმწიფოს 913 მილიონზე მეტ თანხას შესთავაზებდა, შესაბამისად, გამარჯვებულიც ის იქნებოდა და მას ამისთვის გარანტიას არავინ მოსთხოვდა. რაც შეეხება ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, აქამდე ლატარიის ჩატარების დროებითი ლიცენზია 2 კომპანიას "ჯეოლატსა" და "ფენიქსს" გააჩნდა. ამ დროისათვის გაცემულ ერთ წლიან ლიცენზიებს, ვადა არ გაუგრძელდებათ, ერთიანი ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქმიანობის 2 თვის ვადაში შეწყვეტა მოუწევთ. ამ კომპანიების წარმომადგენლები კანონში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ და მიაჩნიათ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საკმაოდ მცირე დრო იყო. პრეტენზიებს გამოთქვამენ ლატარიების მოქმედი ორგანიზატორების ნაწილიც, "ტვ-ლოტო"-ში ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეუსრულებელი სატენდერო პირობები წარმოადგინა. "მიუღებელი სატენდერო პირობების გამო, ჩვენ ტენდერში მონაწილეობა ვერ მივიღეთ, გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არც ის ვიცით, როდის შეწყვეტს "ტვ-ლოტო" ფუნქციონირებას", _ აცხადებენ "ტვ-ლოტო"-ში. სამინისტროს მოთხოვნით, გამარჯვებულმა კომპანიამ ბიუჯეტში რეალიზებული ბილეთების ღირებულების სულ მცირე 20% უნდა გადაიხადოს, რაც არარეალურია, რადგან ბიზნესის კეთილსინდისიერი საქმიანობის პირობებში ასეთი დიდი გადასახადები უბრალოდ ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს. მაგრამ აქ კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტორი, რომ იგი ბაზარზე მონოპოლისტი იქნება და მოსახლეობას ბილეთების არსებულთან შედარებით მაღალი ღირებულება შესთავაზოს. სავარაუდოდ, საქართველოში დღემდე არსებულ მონოპოლიზებულ სხვადასხვა ბაზარს, ამჯერად ლატარიისა და აზარტული თამაშების ბაზარიც დაემატება. ამ ყველაფრით კი ისევ მოსახლეობა დაზარალდება.
შოთა ბუჩუკური
|