კახა ბენდუქიძე: "საქართველოსთვის და მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკია"
10 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი მონეტარული ინსტრუმენტის, სავალუტო აუქციონების დანერგვა დაიწყო. ეს ოპერაციები ბლუმბერგის ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. სებ-ის მიერ ახალი ინსტრუმენტების შემუშავების შესახებ, მიმდინარე წლის 18 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაცხადდა. ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ვაჭრობის წარმართვა სავალუტო ბაზრის ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა სპოტ, ფორვარდ, სვოპ გარიგებები.
სავალუტო სვოპი ერთ-ერთია იმ ახალ მონეტარულ ინსტრუმენტებს შორის, რომლის დანერგვაზეც ამ დროისთვის სებ-ის ექსპერტები მუშაობენ.
სავალუტო სვოპი, რამდენიმე ინსტრუმენტის სინთეზია (ფორვარდი, სპოტი), რომელსაც სავალუტო რისკების დაზღვევის ფუნქცია ექნება. სვოპი წარმოადგენს ერთდროულად ერთი გარიგების ფარგლებში ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის გარიგებას ფულის ჩარიცხვის ორი სხვადასხვა ვადის მიხედვით, რის გამოც არ წარმოიქმნება ღია სავალუტო პოზიცია. ეს აზღვევს სავალუტო რისკს. სავალუტო რისკის დაზღვევის საჭიროება ბანკს წარმოექმნება ვეტო სავალუტო პოზიციისას (მოკლე, გრძელი), ანუ როდესაც უცხოურ ვალუტაში ბანკის აქტივები და ვალდებულებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ვეტო სავალუტო პოზიცია მოკლეა, როცა სავალუტო პასივები აღემატება სავალუტო აქტივებს, გრძელი კი პირიქით.
სებ-ის აღნიშნულ ინიციატივას წამყვან ქართულ ბანკებში მოწონებით შეხვდნენ. "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბაზარზე სვოპების შემოღება მათ მეტი მოქნილობის საშუალებას მისცემს და კურსის ცვალებადობის შედეგად მიღებული ზარალისაგან დაიცავს.
სავალუტო სვოპების შემოღება მიზანშეუწონლად მიაჩნია ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ინსტრუმენტის შემოღებით საქართველოს ეროვნულ ბანკი (სებ) გარიგებებში მონაწილეობით ავტომატურად იღებს კომერციული ბანკების რისკებს, რაც ეროვნული ბანკის არასტაბილურობას განაპირობებს. სვოპები ფართოდ არის აპრობირებული კომერციულ ბანკებში, რაც ბენდუქიძის აზრით, ნორმალურია, რისკები ბანკებს შორის ნაწილდება. ეს ინსტრუმენტები ეფექტიანია ბანკებში, თუმცა ცენტრალური ბანკი ამ გარიგებებში არ უნდა ჩაერთოს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში კი ამის საპასუხოდ ახალი ინსტრუმენტის სარგებლიანობას უსვამენ ხაზს. "სავალუტო აუქციონების ჩასატარებლად ბლუმბერგის სისტემა საკმაოდ მოსახერხებელია. ეს სისტემა იძლევა ნებისმიერი ვალუტით, მათ შორის ლარით, ვაჭრობის შესაძლებლობას, ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ვაჭრობის წარმართვა სავალუტო ბაზრის ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა სპოტ, ფორვარდ, სვოპ გარიგებები. გარდა ამისა, განხორციელდება ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, როგორც ყიდვა-გაყიდვის, ასევე რეპოთი. პრაქტიკულად შეუზღუდავია ფინანსური ინსტრუმენტების სპექტრი და იგი განსაკუთრებით მოხერხებული და მომგებიანია ბაზრის მონაწილეებისათვის, ვინაიდან ნებისმიერ ინსტრუმენტით ვაჭრობა მათთვის შესაძლებელი იქნება ერთ სავაჭრო მოედანზე. მნიშვნელოვანია ბლუმბერგის სისტემის სხვა უპირატესობებიც: იგი, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბანკებს წვდომას აძლევს საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორეს მხრივ, გაუადვილებს უცხოელ ინვესტორებს ქართულ ბაზარზე შემოსვლას. სისტემის მომხმარებელი ხდება მსოფლიოს მომცველი ერთიანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო სივრცის ნაწილი და აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზრებზე, ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ოპერატიულ და ანალიტიკურ ინფორმაციაზე", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
რამდენად ეფექტური იქნება სებ-ის მიერ შემოღებული ახალი ინსტრუმენტი საქართველოს რეალობაში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ერთი კი ფაქტია, რომ კახა ბენდუქიძის სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, იგი საკმაოდ გააქტიურებულია და რჩევას-რჩევაზე აძლევს საქართველოს ეროვნულ ბანკსა თუ საერთოდ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს.
ბენდუქიძის ერთ-ერთი ახალი ინიციატივის თანახმად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა რეფორმას საჭიროებს. მისი განცხადებით, საქართველოში ლართან ერთად თავისუფალ მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაეშვას, რაც ინვესტორებს სავალუტო რისკებისაგან დაიცავს.
ბატონი კახას განცხადებით, საქართველომ, როგორც პატარა ბაზრის მქონე ქვეყანამ, უნდა გამოიყენოს თავისი უპირატესობა და შეეცადოს ინვესტიციების მოზიდვა, სხვა წამყვან ქვეყნებზე ადრე. მისი აზრით, სწორედ ინვესტორების ინტერესების დაცვას ემსახურება მონეტარული სისტემის რეფორმირება. მას ამის მაგალითად მონტენეგროსა და კოსოვოს მაგალითი მოჰყავს, სადაც თავისუფალ მიმოქცევაში ევრო უკვე ჩაუშვეს.
"საქართველოსთვის და მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკია, რადგან ეს ხელოვნურად ზრდის ინვესტორებისათვის სავალუტო რისკებს. თავისით (ევროპის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმების გარეშე) ევროიზაცია გააკეთა მონტენეგრომ, რის შემდეგაც მონტენეგროს ეკონომიკური ზრდა ორნახევარჯერ აჩქარდა, ხოლო ინფლაციის დონე საშუალოდ 3-ჯერ შემცირდა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს ევროიზაცია და პარალელურად ასევე დოლარის თავისუფალი მიმოქცევა. ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს უფრო მოქნილად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და ასევე ხელს შეუწყობს ამერიკულ ინვესტიციებს", - აცხადებს GBჩ-ისთან ინტერვიუში ყოფილი კანცელარიის უფროსი.
ამასთან კახა ბენდუქიძე ევროზე გადასვლის შემთხვევაში მის დადებით მხარეებს უსვამს ხაზს. "ევროზე გადასვლის დადებითი მხარეებია: ფასების სტაბილურობა - დროთა განმავლობაში საქართველოში ინფლაციის დონე გაუთანაბრდება ევროპის ინფლაციის დონეს. სავალუტო რისკების გაქრობა, რასაც აუცილებლად მოყვება ინვესტორების მხრიდან მეტი დაინტერესება საქართველოში ბიზნესის კეთების მიმართ; ბანკებში საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ხოლო კრედიტის ვადა გაზრდა. ასევე გაიზრდება საერთაშორისო ვაჭრობა, ვინაიდან ექსპორტიორებს და იმპორტიორებს აღარ მოუწევთ ვალუტის კურსებს შორის სხვაობის დანახარჯების დაფარვა და მათი დაკრედიტება გამარტივდება. სავალუტო რისკების საპირწონეთ ბანკებს აღარ მოუწევთ რეზერვების ქონა, რაც გამოიწვევს ბიზნესებისთვის გაცემული სესხების მოცულობის ზრდას. ევროიზაციის გარდამავალ პერიოდში, შესაძლოა, ქვეყანას კომპიუტერული პროგრამების შესაბამისობაში მოსაყვანად დასჭირდეს საკმაოდ მცირე ერთჯერადი ხარჯების გაღება", - აღნიშნავს ბენდუქიძე.
ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ბენდუქიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველოში ევროს თავისუფლად მიმოქცევაში ჩაშვება ქვეყნის ეკონომიკას ააყვავებს. აქ კი ისმის ერთი სრულიად ლოგიკური კითხვა, თითქმის 5 წელი, როდესაც ბატონ კახას საქართველოს მთავრობაში ნაირ-ნაირი ადგილები ეკავა, მთელი ამ ხნის მანძილზე ფაქტიურად საქართველოს ეკონომიკის მამა-განმგებლად ითვლებოდა, თუ ამდენი იცოდა და ამდენი შეეძლო, რატომ არ ააყვავა ჩვენი ეკონომიკა?
ბენდუქიძის მოღვაწეობის დროს მისმა ლიბერტარიანულმა ექსპერიმენტებმა კი რა დონემდეც მიიყვანა საქართველოს ეკონომიკა, ამას, ალბათ, ყველა ნათლად ხედავს.
განა არ გვეყო ის დრო, როცა ბენდუქიძის აზროვნების ნაჟურს ძალად თუ უნებლიედ ვუჯერებდით და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა ფსკერისკენ მიდიოდა.
ბენდუქიძის ინიციატივაში კიდევ ერთი ფაქტია საგულისხმო. მონტენეგროში ცენტრალური ბანკი არ არსებობს. ბატონო კახა, იქნებ ეგეც გვირჩიოთ, რომ საქართველომ საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე უარი განაცხადოს და ბარემ ეროვნული ბანკიც გავაუქმოთ, თქვენ ხომ ამ მიზნის მისაღწევად დიდი ხანი იღწვოდით?
თვითონ ქვეყნები კოსოვო და მომტენეგრო, ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოები არიან. ისინი რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიღწევებით არ გამოირჩევიან. მაშ, რატომ უნდა მივბაძოთ, ამ ორ მსოფლიო რუკაზე "შემთხვევით" გაჩენილ სახელმწიფოს? ხვალ სომალმა ან თუნდაც კონგომ დამოუკიდებლობაზე უარი რომ განაცხადონ, რომელიმე სხვა ქვეყანას მონებად ჩაბარდნენ და ამ პროცესებმა ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული წინსვლები გამოიწვიოს, განა მეორე დღეს საქართველომაც უნდა თქვას საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე? არ ვიცი, ბატონი კახა, ყველაფრის მცოდნეა და ამ კითხვაზე, ალბათ, ის უფრო კარგად გვიპასუხებს.
მგონი დროა, რომ ჰონ-კონგს, სინგაპურს, მონტენეგროსა და კოსოვოს მიბაძვას თავი დავანებოთ და ჩვენს ქვეყანას მივხედოთ. დროა, მაგალითი, მსოფლიოს რომელიმე კარგად განვითარებული სახელმწიფოსგან ავიღოთ და ისიც საქართველოს რეალობასთან შესაფერისი. ზუსტადაც, რომ დროა, თორემ, ეს ჩვენი მშვენიერი და საყვარელი სახელმწიფო ბევრს ვეღარ გაუძლებს და ერთ დღესაც თავზე ჩამოგვენგრევა.
მერაბ ჯანიაშვილი