ნანახია: 1445
"მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავების მიზეზი პროცესებზე მთავრობების სუსტი რეაგირება იყო''
აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტის მკლევარი და ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი აშშ-ის და ევროპის მთავრობების მიერ ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" ესაუბრა. - აშშ და ევროპის ქვეყნები, კერძო ბანკებში სახელმწიფოს წილს ზრდიან და ამისათვის მილიარდობით დოლარს გამოყოფენ, ამ პროცესს კი საფონდო ბირჟებმა ზრდით უპასუხეს. თქვენი აზრით, რითი არის ეს პროცესი გამოწვეული? - საფონდო ბირჟები ამ შემთხვევაში ნაკლებ ზეგავლენას ახდენს. საფონდო ბირჟების ცვალებადობა სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. უმთავრესი მიზეზი კრიზისის გაღრმავებისა არის ის, რომ ყოველ სტადიაზე მთავრობები სუსტად რეაგირებდნენ პროცესებზე, ამან ნდობის ფაქტორი შეამცირა, რაც კრიზისს განვითარებისკენ უბიძგებდა. თუმცა საბოლოოდ ევროკავშირის სამიტმა ამ ნეგატიურ ტენდენციას წერტილი დაუსვა. მოხდა უფრო მეტი, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. მათი ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. - პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მათი რეაგირება პრობლემისადმი დაგვიანებული იყო და წინასწარ ვერ განჭვრიტეს, თუ რა იყო სინამდვილეში მოსალოდნელი. არსებობს კი რაიმე ეკონომიკური თეორია, რასაც შესაძლოა ისინი დაყრდნობოდნენ? - რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ეკონომიკური თეორია. რაღაც დონეზე, ეს თეორია საკმარისად სარწმუნო ან კარგი რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ყველაფერ ამას წინასწარ შევიტყობდით და ვაცნობებდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუმცა ორი თვის წინ ბევრი ეკონომისტი ნათლად მიუთითებდა, რომ საჭიროა კერძო კომპანიების რეკაპიტალიზაცია და უფრო მეტი გარანტიები. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ბრიტანელების გეგმაში, რომელიც ევროკავშირის სამიტზე იქნა შეთავაზებული. ასე რომ, ორი თვის წინ ანტიკრიზისული თეორიული საფუძვლები უკვე მზად იყო და მე მოხარული ვარ, რომ ის უკვე პრაქტიკაში ინერგება. - მიგაჩნიათ თუ არა, რომ საფინანსო ბაზარი არაპროგნოზირებადი გახდა მათი დერეგულირების გამო? - ამ საკითხს, ალბათ, სულ სხვა კომენტარს გავუკეთებდი. აქამდე არსებობდა ბანკების სისტემა - დიდი შენობები, სადაც მის ფანჯრებს შიგნით ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ფულის მართვით იყვნენ დაკავებულნი. ეს სისტემა კარგად რეგულირდებოდა. თუმცა შემდგომ ჩვენ აღმოვჩნდით ვირტუალურ ფულად ბაზარზე, რომელიც აწარმოებს ფასიან ქაღალდებს და სხვა ტიპის აქტივებს. ამის შესახებ ჩვენ ნაკლებად თუ გვსმენოდა. ჩვენ აღმოვჩნდით სისტემაში, სადაც საბანკო ოპერაციების უმეტესი ნაწილი ორგანიზაციებში ხორციელდებოდა, რომლებიც სულაც არ წარმოადგენდა ბანკებს და ეს საქმიანობა ბანკების მიერ არ რეგულირდებოდა. რეგულირება უნდა შეცვლილიყო ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ამიტომაც აღმოვჩნდით ასეთ კრიზისში. - თქვენ მიიღეთ ნობელის პრემია `ვაჭრობის სტრუქტურის ანალიზი და ეკონომიკური აქტივობის გეოგრაფიული განაწილება~, სადაც თქვენ გლობალიზაციის შედეგებს განმარტავთ, აგრეთვე საუბრობთ საერთაშორისო თავისუფალ ვაჭრობაზე და მოსახლეობის ურბანიზაციაზე.. რას ნიშნავს ყოველივე ეს? - ამის ახსნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება... საერთაშორისო ვაჭრობაში საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მე-20 საუკუნის 80-იან წლებში. ადრე ბრიტანეთი იყო თავად მწარმოებელი და საქონელს ინდოეთთან ცვლიდა, რომელიც აგრარულ ქვეყანას წარმოადგენდა. თუმცა შემდგომ მწარმოებელმა ქვეყნებმა თავად დაიწყეს სამრეწველო პროდუქციის ერთმანეთში გაცვლა. მაგალითად, ფრანგული მანქანები გერმანიაში გაჰქონდათ, ხოლო გერმანული კი საფრანგეთში. მე შევეცადე ყოველივე ეს გამერკვია. მსურდა გამეგო, თუ რატომ განვითარდა ასეთი ვიწრო სპეციალიზაცია და რატომ დამყარდა საერთაშორისო ვაჭრობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან გვანან ერთმანეთს საქონლითაც კი. ზუსტად, აი, ამაში მდგომარეობს "ვაჭრობის ახალი თეორია", როგორც მას ჩვენ ადრე ვუწოდებდით. - თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომ გლობალიზაცია კარგია? - გლობალიზაციასაც გააჩნია თავისი დადებითი მხარე. გლობალიზაცია - ეს არის უღარიბესი ქვეყნების იმედი. თუმცა მას გააჩნია რამდენიმე უარყოფითი ფაქტორიც. ფინანსური გლობალიზაციის გამო, ფლორიდაში მომხდარმა იპოთეკურმა კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური ქაოსი ისლანდიაში, რისი მომსწრენიც ჩვენ უკვე გავხდით. ასე რომ, არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. ზოგადად, მე მხარს ვუჭერ გლობალიზაციას. თუმცა მსგავსი პრობლემების კონტროლი ყოველთვის საჭიროა. - თქვენ უკვე მიიღეთ პრემია 1,4 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. სად აპირებთ მის ჩადებას? სად იქნება თქვენი ფული ყველაზე უსაფრთხოდ? - წარმოდგენა არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციები საკმაოდ უსაფრთხოა. ყველა, როგორც ჩანს მივიდა ამ დასკვნამდე, თუმცა სარგებელი მასზე თითქმის ნულის ტოლია. მე კიდევ უნდა ვიფიქრო ამ საკითხზე, თანხის მუთაქაში შენახვას ნამდვილად არ ვაპირებ. ამბობენ, რომ ხალხს ახლა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების და ბოთლი წყლის შეძენა სურს. ალბათ, მე ობლიგაციებს მივანიჭებ უპირატესობას.
|