ნანახია: 1386
"სავალუტო ფონდისათვის თავის დროზე ისე უნდა დაგვეჭირა კარები, როგორც ერთ დროს უკრაინაში დაუჭირეს"
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტების გაცვლის კურსებისა და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგს ახორციელებს და განვითარებად ქვეყნებს საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილია სავალუტო ფონდის მიერ, ეხმარება საქართველოს დაძლიოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა, განამტკიცოს ნდობა ქვეყნის მიმართ და მოახდინოს დონორთა დახმარების მობილიზაცია. ეს, რასაკვირველია, თეორიულად, თუმცა რამდენად შეძლებენ ისინი ამის განხორციელებას და რამდენად კონსტრუქციულად იმუშავებენ, მორიგი მისიის შედეგების მიხედვით ვიხილავთ. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუშაობისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. - ბატონო ნოდარ, როგორია თქვენეული ანალიზი, როგორ აფასებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში გატარებულ პოლიტიკას, რამდენად შეძლებს ეს ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ინვესტორთა მოზიდვას და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილიზირებას? - საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ეფექტურობაზე საუბრისას მათი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან პერიოდებად უნდა დავყოთ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურ და პოზიტიურ როლს თამაშობდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, კერძოდ, როდესაც დავძლიეთ ჰიპერინფლაცია, ჩავატარეთ ფულადი რეფორმა და დაქცეული ეკონომიკა ფეხზე წამოვაყენეთ. თუმცა-ღა, სამწუხაროდ, იყო და გრძელდება ის პერიოდი, როდესაც იგი ქვეყნისათვის დესტრუქციულ როლსაც თამაშობს. მაგალითად. ჩემი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნისას, 1992 წლის ბოლოს 1993 წლის დასაწყისი, ქართულ ეკონომიკურ უაზრობაში გაჩნდა იმის იდეა, რომ მიმოქცევაში უფრო მეტი ფული გამოეშვათ ანუ სახელმწიფოს ფულის საჭრელ დაზგაზე ემუშავა. მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობდა ჩაეგონებინა ჩვენი ეკონომიკის მამებისათვის, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სისულელე, თუმცა მათ შესაბამისი კონტრაგენტი არ დაუხვდათ და სავალუტო ფონდმაც პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველო, არ ჩაერია იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაში, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებამ გააღატაკა სახელმწიფოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, საწარმო ობიექტები კი პრაქტიკულად ნოლზე დასვა. შემდგომ პერიოდს განეკუთვნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წელი. 2005 წლის 7 ოქტომბერს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის დელეგაციის თანდასწრებით მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ეკონომისტმა ბატონმა ფიშერმა გააჟღერა, რომ საქართველოში უმოკლეს ვადაში დამარცხდა ჰიპერინფლაცია და ჩატარდა ყველაზე წარმატებული ფულადი რეფორმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაშინ ძალიან პოზიტურად თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლებასთან და ამას მოჰყვა ეკონომიკის საკმაოდ სწრაფი აღმასვლაც, რაც 1996 წლამდე გაგრძელდა. 1997 წელი ინერციით მაინც წარმატებულად გავიარეთ. შემდგომ კი დაიწყო უკან სვლა, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. სავალუტო ფონდმა უღალატა თავის აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის საკუთარ წესდებასაც და ელექტორატზე ზეწოლის კუთხით ქართულ პოლიტიკაშიც ჩერია. ამის ცნობილი მაგალითია 2000 წელი, როდესაც ბიუჯეტის დამტკიცებისას შევარდნაძის ხელისუფლებამ უამრავი დაპირებებით გაბერილი საარჩევნო ბიუჯეტი წარმოადგინა და მისი დანიშნულება მხოლოდ ელექტორატის მოტყუება იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ისევე როგრც ჩვენ, მაშინდელმა ოპოზიციონერებმა, ეს გავაპროტესტეთ. მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ საქართველოს დელეგაციას ვაშინგტონში უფრო რეალური გეგმა უნდა ჩაეტანა, თუმცა ვაშინგტონიდან მალევე დაბრუნებული სავალუტო ფონდი, გეგმის მიღებას დათანხმდა და უფლება მისცა მთავრობას შევარდნაძის მხარდასაჭერად მოეტყუებინა ამომრჩეველი. აპრილის ბოლოს ფონდმა 30%-იანი სეკვესტრი მოითხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიუჯეტი 30%-ით იყო გაბერილი, სწორედ ეს იყო სავალუტო ფონდის ღია ჩარევა ელექტორატის ტვინებში და საქართველოს საშინაო საქმეებში. ამის მეორე მაგალითია, 1998 წელი, როდესაც საქართველოში მოხდა "შავი პარასკევი" - უცებ დაეცა ლარის კურსი, თუმცა კვირას საღამოს იგი უკვე დასტაბილურდა, ანუ ქვეყანაში მოხდა სავალუტო კრახი - ლარის კურსი 70%-ით დაეცა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს რუსეთს გადააბრალა და სავალუტო ფონდმაც კვერი დაუკრა ეს მეორე ღია დანაშაული. რუსული კრიზისი შეუძლებელია შემოიპაროს პარასკევს და კვრას უკვე გამოსწორდეს მდგომარეობა. გარდა ამისა, სომხეთში, რომელიც რუსეთის ეკონომიკასთან უფრო ახლოსაა, არანაირი კრახი არ მომხდარა. - როგორია სსფ-ს პოლიტიკა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში. თქვენივე თქმით, სავალუტო ფონდის მონაწილეობით ეროვნული ბანკი პრაქტიკულად დაინგრა, რა გახდა ამის მიზეზი? - საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკთან ძირითად ფულად-საკრედიტო ორგანოსთან მუშაობს. ბოლო სამ წელზე მეტია საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აწარმოებდა და ქართული ლარიც გამუდმებით მყარდებოდა დოლართან მიმართებაში. ამ პერიოდში ლარის კურსი ორი და ოციდან ერთი და ორმოცამდე ჩამოვიდა და როდესაც ეროვნული ბანკი ამისთანა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აწარმოებს, სავალუტო ფონდი ვალდებულია მიიღოს ზომები. მაშინდელი პოლიტიკა პრაქტიკულად ლახვარს სცემდა საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს და ხელს უწყობდა მხოლოდ უცხოური იმპორტის შემოტანას, ანუ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა ქართველი ხალხის გაღარიბებას და უცხოელი იმპორტიორების გამდიდრებას, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმპორტის ბიზნესში აქვთ წილი. სავალუტო ფონდს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. 1995 წლის ივლისში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური დახმარების პირობებში, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საბანკო კანონმდებლობა მივიღეთ, მათ შორის კანონი ეროვნული ბანკის შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში ხდება ამ კანონის უსინდისოდ დაჩეხვა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, რადგანაც ეროვნული ბანკის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე კი ბატონმა ნოღაიდელმა საერთოდ სიტყვით მოხსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და დანიშნა ახალი. ეს ნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი არსებული ხელისუფლების დიქტატის გაგრძელების პირობებში თავის პოზიციებს თმობს, რაც ქვეყნისათვის დამღუპველია. საბოლოოდ კი ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია - საბანკო ზედამხედველობა და მას სათავეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაუდგა, რაც ამორალური ქმედებაა სავალუტო ფონდის მხრიდან. ეროვნული ბანკი საერთაშორისო აღიარებით ბანკთა ბანკი და ბანკების მამაა. საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სათუთი სისტემაა. მთელს მსოფლიოში რყევები ეროვნულ ბანკში იწვევს პრობლმებს. ეროვნული ბანკი, როგორც ბანკების მამა, აწარმოებდა ამ ზედამხედველობას, რადგანაც იგი იყო და დღესაც რჩება პასუხისმგებელი კომერციული საბანკო სისტემის გამართულ მუშაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხოლოდ მოჩვენებითი როლი იკისრა საბანკო სისტემის დაცვაშიც, გარკვეულ შემთხვევაში ის გაჩუმდა და სხვას მასზე "ჩარტყმის" უფლებაც მისცა. ხაზგასასმელია, რომ ეს სხვა სწორედ მათივე ფონდის ყოფილი წარმომადგენელი გახლდათ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღეს ძალიან დესტრუქციულ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძირითადად ეროვნულ ბანკთან, ფულად-საკრედიტო ორგანოსთან მუშაობს. სავალუტო ფონდისათვის თავის დროზე ისე უნდა დაგვეჭირა კარები, როგორც მას ერთ დროს უკრაინაში დაუჭირეს. - თქვენი აზრით, კვლავ ეფექტურია თუ არა სსფ-ს მოდელები მსოფლიო ეკონომიკისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში? - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, თავის დროზე ბუშის ადმინისტრაციამ ერაყში ომის დაწყებით გამოიწვია. პარალელურად ამ საბაბით მოხდა ნავთობის ფასების არაადეკვატური და კატასტროფული ზრდა, შესაბამისად, ყველა პროდუქციაზე უსაფუძვლოდ გაიზარდა ფასები და შეიქმნა კაპიტალისტური წარმოების ქვეყნისთვის მიუღებელი სიტუაცია. ამან დაარღვია ყველა შესაძლო და კანონიერი თანაფარდობა ეკონომიკურ კატეგორიებს შორის. ეს ანომალური სიტუაცია არ შეიძლებოდა დიდ ხანს გაგრძელებულიყო, ამას ბუნებრივია, კრიზისი მოჰყვა. მეორე მხრივ, დღევანდელი ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა შორდება ადამიანურ დანიშნულებას და ადამიანის, როგორც ჰომოსაპიენსის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს. როდესაც ნობელის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში დაახლოებით მილიონი დოლარია, ერთი ფეხბურთელი კი 50-60 მილიონი დოლარი ღირს,Aეს იმას ნიშნავს, რომ ტვინის მოქმედება ძალიან ცოტა ღირს და ფეხის მოქმედება ძალიან ბევრი. ფეხბურთელს შეუძლია დღევანდელი აინშტაინები იყიდოს და გაყიდოს რამდენიც უნდა, ანუ მსოფლიოში მიდის არამწარმოებლური ხარჯების უზარმაზარი გაბერვა. ეს შეეხება სპორტს, შოუ-ბიზნესსაც და ბევრ სხვა არამწარმოებლურ სფეროს. შოუ-ბიზნესი, მართალია, ბიზნესია, მაგრამ აქ პროდუქცია არ იქმნება. იმის ნაცვალად, რომ პური მოვიწიოთ და ხალხს ვაჭამოთ, მიდის რაღაც გაუგებარი დევალვაცია ადამიანების უპირველესი ფასეულობისა-გონებისა. ეს არის მსოფლიო გლობალური კრიზისის ხანგრძლივი შემადგენელი ელემენტი და სანამ სავალუტო ფონდი არ გაიაზრებს ამას და არ ამოიღებს ხმას, ეს პრობლემა იარსებებს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, დღევანდელ რეალობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდელები არაეფექტურია. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ამ სიტუაციაზე უნდა დაფიქრდნენ. - რამდენად მაღალია მსოფლიოში სსფ-სადმი ნდობის ხარისხი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? _ ვფიქრობ, საქართველო აქ გამონაკლისი არ არის. თუ ჩვენ არ ვილაპარაკებთ ხელისუფლებაზე და ვილაპარაკებთ საზოგადოებაზე, სავალუტო ფონდს დღეს ძალიან დაბალი დონის ნდობის ფაქტორი აქვს, ანალოგიურია დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულებაც. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას თავისი წონა და ადგილი არა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაფუძნებულია უამრავი სახელმწიფოს მიერ. მათ რომ არ სჯეროდეთ ან არ სჭირდებოდეთ ეს ორგანიზაცია, არც დააფინასებდნენ. რატომ იყო წარმატებული საერთაშორისო სავალუტო ფონდი 1994-95 წლებში და მერე წარუმატებელი? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება. ჩვენი ხელისუფლება მონდომებული რომ ყოფილიყო სავალუტო ფონდი ვერაფერს გააფუჭებდა. მთავარია, ვინ ემუშავება მათ - ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის აყვავება უნდა თუ ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის დაქცევა აქვს განზრახული. ყველაზე ადვილია ჩვენი უბედურება ხან რუსეთის კრიზისს დავაბრალოთ და ხან მსოფლიო ეკონომიკურ სიძნელეებს. მიუხედავად სავალუტო ფონდის დესტრუქციული როლისა, მთავარი დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ნორმალური ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევძლებდით საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან კონსტრუქციულ გზებზე დაგვეყენებინა ჩვენთან ურთიერთობაში, რისი გამოცდილებაც გაგვაჩნია. როცა ვლანძღავთ მას, უნდა ვიცოდეთ, პირველ რიგში, დამნაშავენი ჩვენ ვართ. - როგორ შეაფასებდით საქართველოში რობერტ კრისტიანსენის მოღვაწეობას. ერთ დროს იგი და ბენდუქიძე მოქიშპე მტრები იყვნენ, ხოლო შემდეგ, მოულოდნელად, შეამხანაგდნენ. რით ახსნით ამ ფაქტს? - ეს მარტივი ასახსნელია, თუ კრისტიანსენი და ბენდუქიძე თავის დროზე დაპირისპირებულები იყვნენ, რასაკვირველია, აქ ეკონომიკურ აზრთა სხვადასხაობაზე იყო საუბარი, შემდგომ კი თანამოაზრეები გახდნენ. ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ კრისტიანსენი ბენდუქიძის მხარეს გადავიდა. ბენდუქიძეს თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია. ჩვენ ამას კარგად ვხედავთ, ანუ ზოგადად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქმედებები ქვეყნის დესტრუქციას დაექვემდებარება. ბენდუქიძემ თავის უჭკუო ჭკუაზე გადაიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აქ რაღაც პოლიტიკური ან კორუფციული მოხდა.
ნინო ფარიზოვა
|