ნანახია: 969
"ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსული ტანკი შემოვიდოდა, მანამდე რუსი ბიზნესმენი და რუსული ფული შემოვიდა"
- ქართულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდის მთავარი მოვლენა მთავრობიდან კახა ბენდუქიძის გაშვებაა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბენდუქიძე უბრალოდ თვალს მოაშორეს, მათი აზრით, ბენდუქიძე ისევ რჩება ქართულ ეკონომიკაში ძირითადი პროცესების მმართველად. ამ აზრს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლაც აძლიერებს, მიხეილ სააკაშვილმა გადაჭრით განაცხადა, რომ არ აპირებს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას. თქვენი აზრით, წავიდა თუ არა ბენდუქიძე რეალურად? - ბენდუქიძეს წასულად მაშინაც კი არ ჩავთვლი, ანტარქტიდაზეც რომ გადასახლდეს. იგი რეალურად წასული იქნება მაშინ, როცა მის მიერ დამკვიდრებული იდეოლოგია, ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც სახელმწიფოსთვის უაღრესად საზიანო იყო, დაიგმობა და არავის აზრად არ მოუვა, რომ აკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ. მე ერთ დაზუსტებას შევიტან თქვენს კითხვაში, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი არ გახლავთ, ის არის გასული წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლების უზურპატორი და სახელმწიფო დამნაშავე. ბენდუქიძის იდეების აქტუალობა და სიცხოველე, არა მხოლოდ მოქალაქე სააკაშვილის პათოსში იგრძნობოდა, მინდა ვახსენო პატარ-პატარა `ბენდუკები~, მათ ასე ბატონმა ვლადიმერ პაპავამ უწოდა, რომლებიც სხვადასხვა ტრიბუნიდან ქადაგებენ ამ იდეებს. საკაშვილი გვეუბნება, რომ საქართველო ევროპისკენ მიდის და ამავდროულად კი ბენდუქიძის იდეების ერთგულნი ვართ და სამაგალითო სახელმწიფოებად სინგაპური და ჰონკონგი მიგვაჩნია. გაურკვეველია, როგორ შეიძლება ერთდროულად მარჯვნივაც იარო და მარცხნივაც. ეს ფაქტები თუ კარგად იქნება გააზრებული, ერთ დასკვნამდე მივდივართ, ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით და თუ რამე ხდება, ესაა მხოლოდ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან სიტყვების უაზრო ბრახუნი, რომელიც გონებაჩლუნგი ობივატელის დონეზეა გათვლილი. ასე რომ, ფიზიკურად სად იქნება ბენდუქიძე ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყნისათვის საზიანო პოლიტიკა ჯერ კიდე მოქმედებს და ძალაშია. - ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კრიზისულ სიტუაციაში. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა, ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, მათი არგუმენტით, გზების მშენებლობაზე მრავალი ათასი ადამიანის დასაქმება შეიძლება. ხელისუფლება ამ შემთხვევაში სარგებლობს ამერიკის, გერმანიისა და სხვა დიდი ქვეყნების გამოცდილებით, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით აპირებენ. თქვენი აზრით, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების მიდგომები? - როგორც აკვნის ბავშვის და ბენდუქიძის რაციონს ვერ შეადარებ ერთმანეთს, ასევე არ შეიძლება საქართველო და გერმანიის ან ინგლისის ბიუჯეტების სტრუქტურების შედარება. უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ევროპა ეს არის პოსტინდუსტრიული საზოგადოება, რომელმაც არამხოლოდ სიმდიდრე, არამედ კაპიტალი დააგროვა და ისეთი ტექნოლოგიები აქვთ, რომელიც საშუალებას აძლევს, დაივიწყოს ის პრობლემები, რომელიც ჩვენთვის დღეს აქტუალურია. ევროპაში არ არის ფიზიკური შიმშილის პრობლემა. ამიტომ ვიდრე ვინმეს შევედარებით, ჯობია, დავფიქრდეთ. როდესაც ქვეყანა დალხინებულია, მთავრობას შეუძლია თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცეს. გერმანიის ყველაზე ძლიერი მხარე, ბავარიის დედაქალაქი მიუნხენი, საახალწლოდ ისე არ იყო საზეიმოდ განათებული, როგორც თბილისი. მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვსო. ჩვენთან კი, სადაც მოსახლეობის 20%-მდე შიმშილობს, ამ დროს თბილისის მერიას ასეთი ფუფუნების უფლება ჰქონდა? თუნდაც ლამპიონგამოშვებით რომ ყოფილიყო განათებული თბილისი და უმწეოებისთვის ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდებინათ, რა დაშავდებოდა? როცა საინვესტიციო პროექტს ახორციელებს საფრანგეთის ან ინგლისის მთავრობა, ეს სხვაა და როცა, საინვესტიციო პროგრამას ზიზილ-პიპილოების ელფერი დაჰკრავს ეს უკვე დანაშაულია. რაც შეეხება იმ საკითხს, შეიძლება თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ინვესტიციად ჩავთვალოთ, მინდა ვთქვა, რომ ინვესტიცია მისი ბუნებით შორს დგას სახელწიფოსა და ბიუჯეტისაგან. ავიწყდებათ რა არის ინვესტიცია. ინვესტიცია არის ბიზნესში ჩადებული ახალი რესურსი. იგი უნდა იდგეს ჩვეულებრივი ბიზნესრისკების ქვეშ დაყენებული. ინვესტიცია გადის რა წარმოების და რეალიზაციის ეტაპებს, ქმნის ახალ დამატებით ღირებულებას და ვიდრე იმ დამატებით ღირებულებას შექმნის, მანამდე ქმნის სამუშაო ადგილებს. გვეუბნებიან, ქვეყანაში საინვესტიციო ბუმიაო, ამ დროს ქვეყანა უმუშევრობით კვდება. სად არის ინვესტიციისთვის დამახასიათებელი უცილობელი ნიშანი - სამუშაო ადგილი? სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლება გვაჩეჩებდა და გვეუბნებოდა, ამდენი ინვესტიცია შემოვიდა და გავიდაო, მხოლოდ საპნის ბუშტები იყო. როდესაც ფულს მიწის გაყიდვით იღებ, ეს არ არის ინვესტიცია, რადგან არაფერი შექმნილა. ნამდვილი ინვესტიცია ნიკოლოზის დროს იყო, როცა ცარიელ ადგილზე ბათუმის `ინტურისტის~ შენობა აშენდა. რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ახლა გააკეთა, ეს უბრალოდ დაგროვილი კაპიტალის შეჭმა იყო და მეტი არაფერი. მაშინდელი ინვესტიციის შედეგს, კაპიტალს, მესაკუთრე შეეცვალა. ახალი კაპიტალი კი არ შექმნილა. - რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ 2009 წელს საქართველოში 1 700 000 დოლარის ინვესტიცია შემოვა, ქვეყანაში არსებული მთავარი ობიექტები, რომელთა გაყიდვაც შეიძლებოდა, გაყიდულია. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ციფრი, რა დარჩა გასაყიდი? - ძირითადად ჩვენს აქტივებს, განსაკუთრებით, სტრატეგიულ აქტივებს, რუსეთის სახელმწიფო კაპიტალი ყიდულობს. ძალიან ცუდად მოხვდა ყურს ის ამბები, რომელიც "ბორჯომს" უკავშირდება. როგორც ჩანს, თუ "ბორჯომს" ქართული ან ქართულ-ევროპული კომპანია ჩამოასხამს, ეს რუსი მომხმარებლისთვის საზიანო და უხარისხო იქნება, თუ "ბორჯომს" რუსები ჩამოასხამენ, მხოლოდ მაშინ იქნება ის რუსული ბაზრისთვის მისაღები. თავის დროზე, "ბორჯომის" საბადოს ათვისების საკითხში უხეში შეცდომები იყო დაშვებული და მე ამაზე მივუთითებდი. ეს არ ესიამოვნათ იმათ, ვინც ტენდერში გაიმარჯვა. ვგულისხმობ იმას, რომ მონოპოლიის დაშვება არ შეიძლებოდა. ჩვენ შევარდნაძის მიმართ საყვედურების დიდი წყება გვქონდა, მაგრამ სააკაშვილმა შევარდნაძე სანატრელი გაგვიხადა. ჩვენზეა ნათქვამი, არც მარტმა დამაყარა ხეირი და არც აპრილმაო. ამ ქვეყანაში ყველაფერი ფასეული ნელ-ნელა მეთოდურად რუსულ სახელმწიფო კაპიტალს გადაეცა. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეს ინვესტიციაა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ინვესტიცია კი არა, ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეს ეკონომიკური ექსპანსიაა. ჯობია,ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და შელამაზება საჭირო არ არის. ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსული ტანკი შემოვიდოდა, მანამდე რუსი ბიზნესმენი და რუსული ფული შემოვიდა. ის რომ ყოფილიყო კერძო ბიზნესმენი და გამჭვირვალე მოტივაცია ჰქონოდა, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყებდა. მაგრამ საქართველოში რუსი ბიზნესმენი კი არ შემოვიდა, არამედ კრემლი და მისი წარმომადგენლები. როგორც კიკუ გაიყიდა, ისე გაყიდეს ყველა ის სიმდიდრე ჩვენმა ვაი მამებმა, რომელსაც თვალის ჩინივით უნდა დაჰკანკალებდნენ. -დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გასაყიდი ობიექტი რკინიგზაა. არავინ იცის, რა ხდება რკინიგზის გარშემო. ერთადერთი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას იდეალურად გამოსდის, არის ის, რომ მოსახლეობას მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას უმალავს. ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუნდაც რკინიგზის, თუნდაც ენგურჰესის შესახებ სიმართლის გაგება მოსახლეობას არ მოეწონება. -თქვენ მწარედ აკრიტიკებთ ხელისუფლებას. მინდა თქვენგან, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლისგან, მოვისმინო, როგორ ხედავთ ქვეყნისთვის უმთავრესი, დასაქმების პრობლემის მოგვარებას. - მე წარმოვადგენ ეროვნულ ფორუმს. ამაყი ვარ, რომ ფორუმში გაერთიანებულია პატრიოტული და ეროვნული, პროფესიული ნიშნით განვითარებული ადამიანები. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც მუდმივად ახლდება. თუმცა, პროგრამას ერთი ცუდი თვისება აქვს, იგი ვერ ადგება მაგიდიდან და თავისით ვერ განხორციელდება. პროგრამის განხორციელებას მენეჯმენტის გუნდი სჭირდება. სახელმწიფო პროგრამებს მთავრობა უნდა ახორციელებდეს და რაგინდ კარგი პროგრამაც უნდა გვქონდეს, თუ კარგი მთავრობა არ იქნა არაფერი გვეშველება. პირველი ამოცანა დღეს ქვეყნისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ნორმალურად წარმართვაა. ამას, კი ნორმალური ხელისუფლება სჭირდება. რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული კანონების 80% შესაცვლელია, ასევე დამახინჯებულია კონსტიტუციაც. ყველაზე მთავარია, რომ სასამართლოს წნეხი სასწრაფოდ უნდა მოეხსნას და რეალური მართლმსაჯულების ორგანო უნდა გახდეს. დღევანდელ პირობებში იდეალური კანონებიც რომ გვქონდეს, თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვექნება, აზრი არ აქვს. დამოუკიდებელი სასამართლო გამართულ ეკონომიკასთან და ძლიერ ბიზნესთან პირდაპირ კავშირშია. პოტენციურმა ინვესტორმა იცის, რომ ვინმე ძალაუფლებით აღჭურვილი პირი თავზე დაადგება და წვალებით აწყობილ ბიზნესს წაართმევს და სამართალს ვერსად იპოვის. წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით შეუდგება ასეთი პერსპექტივის შემყურე ბიზნესის დამწყები კაცი საქმიანობას. ასევე აუცილებელია საკუთრების დაცვის კანონის მიღება, რადგან ინვესტრორებს აუცლიებლად სჭირდებათ მსგავსი გარანტიები. შემდეგი პრიორიტეტი უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა. ქვეყანას უმუშევრობა და შიმშილი ახრჩობს. დღეს კი სოფლის მეურნეობა უპატრონოდაა დატოვებული. ზუსტად ვიცი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 2002 წლიდან დევს სამინისტროში, მაგრამ როცა სოფლის მეურნეობის მინისტრად ისეთ კაცს ნიშნავ, ვინც დედალ და მამალ ძროხას ვერ არჩევს, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. კანონმდებლობის დონეზეა საგანგებო სტიმულები შესამუშავებელი გადაუმუშავებელი მრეწველობის საწარმოებისთვის. თუ ფერმერს გარანტიას მისცემ, რომ პროდუქტი არ გაუფუჭდება და საქონელს გაასაღებს, მაშინ წარმოების მოტივიც გაჩნდება. დღევანდელ სიტუაციაში კი ჩვენ უცხოურ უხარისხო პროდუქციას ვუხსნით ბაზარს, გენმოდიფიცირებული და უხარისხო საქონელი, რა თქმა უნდა, უფრო იაფია და ქართულ ხარისხიან პროდუქციას მასთან კონკურენცია უწევს. იმპორტირებულ საქონელს აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებაში შემდეგი ეტაპი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა სეგმენტზე მუშაობა, ევროპის თუ აზიის ბაზარზე ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტის გატანა. საქართველოში არის ზონები, სადაც ათწლეულების მანძილზე შხამქიმიკატები არ შესულა და ორგანულად აბსოლიტურად სუფთაა. ასევე, ღვინის მეურნეობაში დღემდე არ დაადგა საშველი ფალსიფიკაციის აღმოფხვრას. ეს ჩვენი ხელისუფლების უმსგავსო საქციელის და პოლიტიკური ნების ბრალია. ცალკე სფეროა ენერგეტიკა, სადაც პროგრამა ჟვანიას დროს შემუშავდა, მიმართულება აბსოლიტურად სწორი იყო. ჩვენ ჰიდროენერგორესურსების პოტენციალის გამოყენებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, დღეს საქართველოს აქვს ამის საშუალება, რომ დღეს არსებული პოტენციალები 4-5-ჯერ გაზარდოს. გვაქვს ექსპორტის პოტენციალი, ასევე შესაძლებელია ელექტროენერგიით ბუნებრივი არის ჩანაცვლება. ერთი სიტყვით, ყველაფერს სერიოზულად უნდა მიდგომა. - თქვენ საკმაოდ საინტერესოდ გაიაზრეთ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა 5 ლარიანი სახელმწიფო დაზღვევის შესახებ. თქვენი მიგაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა უბრალოდ არარეალურია, რას ეფუძნება თქვენი მოსაზრება? - გამოვიყენოთ მარტივი არითმეტიკა. ხუთლარიანი სადაზვევო პაკეტი, სააკაშვილის თქმით, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს 8000 ლარის მომსახურების მიღებას. ხსენებული 5 ლარიდან 2/3-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 1/3-ს მოქალაქე. თქვეს, რომ ამ პროგრამისთვის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარი ჩაიდება, თუ ამ თანხას დავამატებთ მოსახლეობის წილს, დაახლოებით ამ პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება. 20 მილიონი რომ 8000-ზე გავყოთ, გამოდის 2500, ანუ 8000 ლარიანი დაზღვევის მიღებას მხოლოდ 2500 ადამიანი შეძლებს. უმწეოთა პროგრამაში მილიონზე მეტი ადამიანია. ეს ნამდვილად არ არის საყოველთაო დაზღვევა.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე
|