ნანახია: 1676
აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში არსებული ბანკების სრულმა უმრავლესობამ კრედიტების გაცემა დიდი ხნის მანძილზე შეაჩერა. დროთა განმავლობაში ყველა ბანკი ნელ-ნელა იწყებს საკრედიტო სამსახურის საქმიანობის აღდგენას, მაგრამ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით და გამკაცრებული საკრედიტო მოთხოვნებით. 2008 წლის დასაწყისში ბანკები სესხებს მარჯვნივ თუ მარცხნივ ერთმანეთის მიყოლებით შეუზღუდავად გასცემდნენ, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია. მართალია, გაზაფხულზე ბანკები მიხვდნენ, რომ ძველებურად საქმიანობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და საპროცენტო განაკვეთები ყველა სახის სესხებზე გაზარდეს, მაგრამ მათ გაჭირვებას ამანაც ვერ უშველა. ასეა თუ ისე, საქართველოს საბანკო სექტორში პრობლემები უკვე ომამდეც ნათლად ჩანდა, ხოლო ომმა ეს პრობლემები ზედაპირზე ამოატივტივა. აგვისტო-სექტემბერში ბანკებიდან 300 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნა გატანილი, საქართველოში არსებული ბანკების მთლიანი აქტივები კი 700 მლნ ლარით შემცირდა, რამაც, რა თქმა უნდა, კომერციულ ბანკებს კიდევ უფრო გაუმძაფრა არსებული პრობლემები და ზოგიერთი მათგანი კრახის წინაშეც კი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს მოვლენებმა ქართულ საბანაკო სექტორს სიცოცხლე შეუნარჩუნა, რადგან ომის შემდეგ ქართულ ბანკებმა უცხოეთიდან სერიოზული დახმარებები მიიღეს. ამ თანხებმა ისინი გაკოტრებისგან კი იხსნა, მაგრამ ძველებურად საქმიანობის გაგრძელება უკვე შეუძლებელი გახდა. დეკემბერში ქართული ბანკებიდან დაახლოებით 6000 თანამშრომელი გაუშვეს. გათავისუფლებული მოხელეების სრული უმრავლესობა საკრედიტო სამსახურში მუშაობდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკის შესუსტებაზე. რუსული აგრესიისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე, საქართველოში ბანკების საკრედიტო აქტივობა შემცირებულია. სასესხო პოლიტიკა კი გამკაცრებული და შეზღუდული. თითზე ჩამოსათვლელია ის ბანკები, რომლებიც სესხებს გასცემენ და თუ გასცემენ ძალიან გამკაცრებული პირობებით. ბანკების უმრავლესობა მხოლოდ ერთი ან ორი სახის კრედიტს გასცემს, ხოლო დანარჩენი, უვადოდ შეჩერებულია. ჩვენს ქვეყანაში საბანკო-საკრედიტო პროდუქტით სარგებლობა უმეტესწინალ მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხელფასი იმავე ბანკში გერიცხებათ, რომლიდანაც კრედიტის გამოტანა გსურთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბანკთან თანამშრომლობის კარგი საკრედიტო ისტორია გაგაჩნიათ. გადავხედოთ, თუ რა სახის სესხებს და პირობებს გვთავაზობენ ბანკები მომხმარებლებს: დღეისათვის საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან პირს, ვისაც მინიმუმ 560 ლარი სტაბილური შემოსავალი აქვს, ,,საქართველოს ბანკში~ 14 წლიანი 14%-მდე იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია. ასევე შესაძლებელია 5 წლიანი (8%-11%-მდე წლიური გაძვირების) `ავტო ლიზინგით~ სარგებლობა. საკრედიტო ORANGE ბარათის საშუალებით კი ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა. სამომხმარებლო და სხვა სახის სესხები, "საქართველოს ბანკში" დროებით შეჩერებულია. "სახალხო ბანკში" ობიექტურ მიზეზთა გამო (ბანკს წინა კვირაში მფლობელი შეეცვალა) საერთოდ ყველა სახის სესხი დროებით შეჩერებულია. "ტაოპრივატბანკში" განვადებები და სხვა სახის სასესხო მომსახურებები დროებით შეჩერებულია. იგი მხოლოდ საკრედიტო ბარათ PRIVATE CARD-ს გვთავაზობს. თუ სტაბილური შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებითაც შესაძლებელია მომენტალურად, საკრედიტო ბარათის მფლობელი გახდეთ. "თიბისი ბანკში" სამომხმარებლო, იპოთეკური, სტუდენტური და ავტოგანვადების კრედიტებით სარგებლობაა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის მისაღებად საჭიროა თქვენი ხელფასი 300 დოლარს აღემატებოდეს და იგი "თიბისი ბანკში" გერიცხებოდეთ, ასევე გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია. სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელია, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 26%-დან იწყება. სტუდენტური სესხის მისაღებად მსესხებლის და სტუდენტის პირადობის მოწმობებია საჭირო. სესხის მაქსიმალური თანხა 3 000 ლარია, ვადა 1 წელი, მინიმალური ხელფასის მოთხოვნა კი 300 ლარი. "თიბისი ბანკის" ავტოგანვადება ახალი და მეორადი ავტომობილის განვადებით შეძენის საშუალებას იძლევა. Gგანვადების მაქსიმალური თანხა ახალ მანქანაზე 30 000, ხოლო მეორად მანქანაზე 20 000 აშშ დოლარია. წლიური საპროცენტო განაკვეთი, ორივე შემთხვევაში 20%-ს შეადგენს. იპოთეკური სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 10 წელია, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმალური, 18%-დან იწყება. "თიბისი ბანკი" სწრაფ სამომხმარებლო სესხით სარგებლობისთვის საჭიროა, მინიმუმ, 300 ლარი ყოველთვიური ხელფასი "თიბისი ბანკში" გერიცხებოდეთ და დადებითი საკრედიტო ისტორია გქონდეთ. "თიბისი ბანკი" თავის საკრედიტო ბარათს TBC Card-საც გთავაზობთ, რომლითაც სავაჭრო ობიექტებში გადახდა და ნებისმიერ ბანკსა თუ ბანკომატში თანხის განაღდებაა შესაძლებელია. TBC Card-ის მიღება ნებისმიერ არანაკლებ 20 წლის, მინიმუმ 6 თვის სამუშაო გამოცდილების და 300 ლარი ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირს შეუძლია. "კორ სტანდარტ ბანკი" ბიზნეს, სამომხმარებლო, ავტო და იპოტეკური სესხებს გასცემს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიური სტაბილური ხელფასი ამავე ბანკში გერიცხებათ. "ბაზისბანკი" იპოთეკურ, ბიზნეს, სტუდენტურ და სამომხმარებლო სესხებს გასცემს. ოღონდ ყოველთვიური ხელფასი მინიმუმ 400 ლარი ამავე ბანკში უნდა გერიცხებოდეთ. საბავშვო ანაბრის გახსნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სესხი დაბალი საპროცენტო განაკვეთით, კერძო საბავშვო ბაღის ან სკოლის დაფინანსებისთვის. სესხის ვადა 12 თვეს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 10%-ია. "ბაზისბანკში" სამომხმარებლო სესხით სარგებლობა ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია, რომელსაც ფიქსირებული შემოსავალი 300 ლარი აქვს. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი კი 18%-დან იწყება. სტუდენტური სესხი - ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამისთვის, ვადა 10 წელია. სამაგისტრო სასწავლო პროგრამის სასესხო ვადა კი 5 წელი, სასესხო მოცულობა სწავლის ღირებულების შესაბამისი, საპროცენტო განაკვეთი ორივე შემთხვევაში წლიურ 15%-ს შედგენს. "ბაზისბანკი" საკრედიტო ბარათებსაც გვთავაზობს. "ვითიბი ბანკი" დღესდღეობით მხოლოდ სამომხმარებლო სესხებს გასცემს. თუ სტაბილური შემოსავალი 400 ლარი "ვითიბი" ბანკში გერიცხებათ, თქვენ შეგიძლიათ ამ სესხით ისარგებლოთ. "პროკრედიტ ბანკი" ყველანაირ სესხებს გასცემს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ხელფასი და სად გერიცხებათ. "პროკრედიტ ბანკის" კრედიტის გაცემას საკრედიტო ოფიცრები ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად წყვიტავენ. თუ "ბანკ რესპუბლიკაში" მინიმუმ 300 ლარი ხელფასი გერიცხებათ, მაშინ შესაძლებელია ბანკის სასესხო პროდუქტებით ისარგებლოთ. ბანკში ყველა სახის კრედიტების გაცემა მიმდინარეობს. "HSBC საქართველო" სესხებს იმ შემთხვევაში გასცემს, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე და ყოველთვიურად მინიმუმ 600 ლარი ამავე ბანკში გერიცხებათ. იპოთეკური სესხის სარგებლობისთვის თქვენი ხელფასი 900 ლარს უნდა აღემატებოდეს. სესხის ვადა 240 თვეა, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი 14%-დან 17%-მდე მერყეობს."HSBC საქართველო"-ში ასევე შეგიძლიათ ავტოსესხით ისარგებლოთ, თუ არანაკლებ 3 თვის სამუშაო გამოცდილება გაქვთ, ხოლო ხელფასი, რა თქმა უნდა, ამ ბანკშივე უნდა გერიცხებოდეთ. ავტოსესხის ვადა 60 თვეა, საპროცენტო განაკვეთი კი 15%-დან 17%-მდეა. "ხალიკ ბანკს" დღესდღეობით ყველანაირი კრედიტის გაცემა შეჩერებული აქვს. სესხების განახლება გაზაფხულზე, მარტის თვიდან იგეგმება. ასე რომ, თუ თქვენ სესხის აღება გინდათ, ბანკების არჩევანზე დიდი თავის მტვრევა არ მოგიწევთ, რადგან კრედიტის აღების შანსი მხოლოდ იმ ბანკში გაქვთ, რომელშიც ხელფასი გერიცხებათ. ხოლო თუ თქვენ ხელფასი ბანკში საერთოდ არ გერიცხებათ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ბანკმა თქვენთვის სესხის მოცემაზე თავი შეიწუხოს.
ადა ექიზაშვილი
|