ნანახია: 1376
"ოქროს სია" მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ დაამკვიდრა და იგი უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს წევრ ქვეყნებში. "ოქროს სიის" წევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომლებსაც კონკრეტული ქვეყანა შეიმუშავბს. საქართველოს მთავრობამაც შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის გამარტივებას ისახავს, რაც მათ ფინანსური რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მისი შემუშავებისას ევროკავშირის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტების გამოცდილება იქნა გაზიარებული და ის ვარიანტი შეირჩა, რაც ქართული სინამდვილისთვის ყველაზე მისაღები იყო. `ოქროს სიის~ მიზანია, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის თანამშრომლობის თანამედროვე მოთხოვნაზე დაფუძნებული პროგრამის დანერგვა და ურთიერთნდობის ამაღლება, საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების ხელის შეწყობა. "ოქროს სიის" ამოქმედებამ, როგორც მისი ავტორები აღნიშნავენ, საბაჟო ორგანოებს პროცედურების გამარტივების მეშვეობით, ადმინისტრაციული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს. "ოქროს სიის" მონაწილეებს უფლება აქვთ საბაჟო დეკლარაცია ელექტრონულად წარადგინოს, განბაჟება კი საზღვარზე განახორციელოს. ამასთან ერთად, მათ საშუალება ეძლევათ შემოტანილი ტვირთი საბაჟო საწყობის ნაცვლად თავის საკუთარ საწყობში მოათავსონ და დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადი 30 სამუშაო დღეში გადაიხადონ. მოცემულ სიის წევრის მიერ წარდგენილი დეკლარაცია და დოკუმენტები დეტალურ შემოწმებას არ ექვემდებარება. პროგრამით გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონლის გატარების 3 შესაძლო რეჟიმი: მწვანე, ლურჯი ან წითელი. მწვანე რეჟიმში გავა საქონელი, რომელიც დაუბრკოლებლად განბაჟდა; ლურჯ რეჟიმში გატარებული საქონელი განბაჟებულია, მაგრამ გადამოწმებას საჭიროებს; ხოლო წითელი რეჟიმი სრულ საბაჟო პროცედურას ნიშნავს. "ოქროს სიაში" მოხვდებიან ის კომპანიები, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას თეთრად აწარმოებენ, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში მოსახვედრად მხოლოდ კეთილსინდისიერება საკმარისი არ არის. Aარსებობს მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლებსაც ამ სიაში მოხვედრის მსურველი კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ.: კომპანიები დღგ-ს გადამხდელად უნდა იყვნენ რეგისტრირებული, ჰქონდეთ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, არანაკლებ 10 მლნ ლარისა; გადახდილი იმპორტის გადასახდელების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 1,8 მლნ, ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს; კომპანიას არ უნდა გააჩნდეს საბაჟო სამართალდარღვევა; უნა წარადგინოს მინიმუმ 100 000 ევროს საბანკო გარანტია და 100 შევსებული დეკლარაცია. არსებობს რამდენიმე დამატებითი პირობა, რის გამოც კომპანიას შეიძლება "ოქროს სიაში" ჩართვაზე უარი ეთქვას. მათ შორის: საბაჟოსთან ანგარიშსწორებისას არსებული დავალიანება, საერთაშორისო აუდიტები, და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. კომპანიას საბაჟო ორგანოებისთვის ცნობილი საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეს. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლია დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს; საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოებს; საკონსულო დაწესებულებებს; `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამინისტროებს. ექსპერტების აზრით, "ოქროს სიას" აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შეღავათებს მიიღებს მსხვილი ბიზნესი და მცირე და საშუალო ბიზნესი დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ხელისუფლება კი მათ ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საბაჟოზე რიგები სწორედ მსხვილი იმპორტ-ექსპორტიორების გამოა. ექსპერტები ამ სიის ამოქმედების დადებით მხარეს ხედავენ იმაში, რომ საბაჟო ადმინისტრირება და ფუნქციები უფრო ეფექტური გახდება, ხოლო კომპანიებს უფრო სწრაფი და უკეთესი მომსახურების საშუალება მიეცემა. თუმცა დადებითთან ერთად რისკის ფაქტორიც იჩენს თავს და რისკის ფაქტორს, ამ შემთხვევაში, არა მებაჟე, არამედ კომპიუტერი განსაზღვრავს. ზოგი ექსპერტს აზრი საპირისპიროა. ისინი იზიარებენ ხელისუფლების მოსაზრებას და თვლიან, რომ ნებისმიერ საბაჟოზე რიგს სწორედ მსხვილი ბიზნესის ტვირთი ქნის. და თუ ამ პროექტის ამუშავებით საბაჟოს მსხვილი ბიზნესის ტვირთი მოაკლდება, აქედან სარგებელს მცირე და საშუალო ბიზნესიც მიიღებს. ისინი ტვირთს სწრაფად განაბაჟებენ და ეს ფინანსურ დანახარჯებსაც შეამცირებს, ვინაიდან ტვირთის საწყობში გადასატანად მანქანების დაქირავება აღარ მოუწევთ. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი უპირატესობა ტვირთის მარტივად შემოტანა იქნება. მიუხედავად ასეთი მიმზიდველი პირობებისა, "ოქროს სია", რომელიც 15 დეკემბრიდან ამოქმედდა დღესაც ცარიელია. ფინანსთა სამინისტრო მასში 70-75 კომპანიის მოხვედრას ვარაუდობდა, თუმცა სამინისტროში სიაში მოხვედრის მსურველთა არც ერთი განაცხადი არ შესულა. ზოგი ექსპერტი ამის მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ კომპანიები იმდენად გრძნობენ სახელმწიფო რეკეტს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ მათ რამდენადაც გამარტივებული მექანიზმი არ უნდა შესთავაზონ, ხელისუფლებას აღარ ენდობიან. ფინანსთა სამინისტროში კი ამას იმით ხსნიან, რომ იმპორტიორები `ოქროს სიის~ შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად არ ფლობენ. სიაში მოხვედრის მსურველთა განაცხადების შევსების პროცესი განახლებადია . სწორედ ამის იმედი აქვს შემოსავლების სამსახურს. ფინანსთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ `ოქროს სიის~ პრინციპები გამარტივებულ იქნას. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტ ბატონ ნოდარ ხადურს გავესაუბრეთ. - თქვენი აზრით, რა პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია ოქროს სიის ამუშავებას? - რა პოზიტივზეა საუბარი ამ წუთში, ვერ წარმომიდგენია. ამ პროექტის ამოქმედების ერთადერთი პოზიტივი იქნება ის, რომ ფირმებს გაუადვილდებათ საბაჟოსთან ურთიერთობა და ის პროცედურა, რომელსაც მანამდე დიდი დრო სჭირდებოდა, შედარებით ნაკლებ დროში მოგვარდება. - იმუშავებს თუ რეალურად არა ეს პროექტი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მე არ შემიძლია. ალბათ, ეს თვითონ ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ, იმათ, ვინც ეს პროგრამა შეიმუშავა. თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაზე არ გავრცელდება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ ფირმებმა ეს გამოიყენონ სხვა მიზნებისთვის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ რამდენიმე ფირმამ, რომელსაც გარკვეული ტიპის კარგი ისტორია აქვს საბაჟოსთან ურთიერთობაში, შესაძლებელია ასეთი შეღავათი მიიღოს. - რა საფრთხეებს ხედავთ "ოქროს სიის" პროექტის ამუშავებასთან დაკავშირებით? - იმედია, ის ფირმები, რომლებიც შეღავათს მიიღებენ, ბოროტად არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს და ეს არ გახდება კონტრაბანდის წყარო. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა, რომელთაც შეეძლებათ გამარტივებული პროცედურებით გადალახონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ეკონომიკურ სივრცეში შემოიტანონ საქონელი, ეს არ გამოიყენებენ იმისთვის, რომ განბაჟებული საქონლის გვერდით საქართველოს შიდა ბაზარზე კონტრაბანდული საქონელი აღმოჩნდეს.
გვანცა ზავრაშვილი
|