ნანახია: 708
"უნდათ ისაუბრონ, რომ საქართველოში არის უცხოური ინვესტიციები, თუმცა რეალურად ქვეყანაში არანაირი უცხოური ინვესტიციები არ არსებობს"
19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე, მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ გობეჯიშვილის წერილზე ისაუბრა და იგი ინვესტორებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა. წერილი გობეჯიშვილის მიერ "ამერიქენ მონოლითისთვის" იყო გაგზავნილი. "ეს გრიგოლ გობეჯიშვილი, ალბათ, საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ, ქელეხებსა და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეები არიან მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია. აი, ვინ არცხვენს საქართველოს", _ განაცხადა პრეზიდენტმა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღიარა, რომ გობეჯიშვილის მიერ ხელმოწერილი ინვესტორისადმი გაგზავნილი წერილი პრეზიდენტს მან გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით ეს ინვესტორი, რომელსაც ფოთში მიწის აღებაზე გობეჯიშვილმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა კი ეკონომიკური განვითარების ყოფილ მოადგილეს გაქსუებული უწოდა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, ყაზახური "სილქროუდ ჯგუფის" შვილობილი კომპანია `ამერიქენ მონოლითია~, რომელმაც სახელმწიფოსთვის 900 ათასიანი გარანტიის წარდგენა ვერ შეძლო. კულუარული ინფორმაციით, ამ კომპანიის მფლობელებად ქართველები და კერძოდ ზემო სვანეთი–სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია მოიაზრებოდა. "მე მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ამერიქენ მონოლითის" მფლობელები არ არიან ყაზახები. ყაზახური ბიზნესი საერთოდ საქართველოში ნომინალური არის, მათში იგულისხმება ისეთი, როგორიც არის რამიშვილი და ასეთი პირები. საუბარი არის იმაზე, რომ "ამერიქენ მონოლითი" არის ერთ-ერთი მათი კომპანია. ამ ინფორმაციის დადასტურება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ როდესაც კითხვები ჩნდება, წესით, ამის შესახებ კომენტარს უნდა აკეთებდეს თავად ეკონომიკის სამინისტრო. მე პირადად 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მომეწოდება არაოფიციალურად, აბსოლუტურად სანდო და სარწმუნო არის, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებას არცერთხელ არ უცდია მისი უარყოფა. "ამერიქენ მონოლითი" ეს არის ჩვეულებრივი ქართული ბიზნესი, უბრალოდ მისმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ იმისთვის, რომ მეტი პრივილეგიები ჰქონდეთ და ნაკლებად იყვნენ შეზღუდული ხელისუფლებისგან, შექმნეს "ამერიქენ მონოლითი". ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. თუ მე ვიცი, ხელისუფლებას ხომ საერთოდ ხელის გულზე უდევს ეს ყველაფერი, უბრალოდ, მას აწყობს ეს და სხვა მოტივებიც აქვს. უნდათ ისაუბრონ, რომ საქართველოში არის უცხოური ინვესტიციები, თუმცა რეალურად ქვეყანაში არანაირი უცხოური ინვესტიციები არ არის. ჩვენთან არც ერთი ამერიკული ინვესტორი არ არსებობს და, ბუნებრივია, არც იქნება, რადგან ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ არსებობს", - აცხადებს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა. მთავრობის სხდომაზე, სადაც "ამერიქენ მონოლითისათვის" ფოთში მიწის მიყიდვის საკითხი იხილებოდა, ვერა ქობალიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც კომპანია 3 ათასი კვადრატული მეტრის მფლობელი სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, უნდა გამხდარიყო, სანაცვლოდ კი კომპანია 9 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. იგივე კომპანიამ ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტრობის პერიოდში ფოთში სიმბოლურ ფასად 3 ათასი კვ.მ მიწა მოითხოვა, მაშინ როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ.მ ფართობი მინიმუმ 100 დოლარი ღირდა. ამავე დროს, კომპანიამ ვერ მოახერხა გობეჯიშვილისთვის გარკვეული გარანტია წარმოედგინა, რის საფუძველზეც გობეჯიშვილმა წერილი მისწერა, რომელშიც დასაბუთებული იყო, რომ საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმართველობის პრეროგატივა იყო. საბოლოოდ, მთავრობა და "მდგრადი" მინისტრი შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ "ამერიქენ მონოლითი" ფოთში მიწის შესაძენად რეალურ საფასურს გადაიხდის და დაპირებული 9-მილიონიანი ინვესტიციისთვის მინიმუმ 900 ათასიან გარანტიას წარმოადგენს, მთავრობა კომპანიისთვის მიწის მიყიდვის საკითხს დაუბრუნდება. როგორც ირკვევა, არამარტო "ამერიქენ მონოლითი", რომელსაც სააკაშვილი ყვარლის სანახებში კბილებით იცავდა და მისი ერთგული ჩინოვნიკებიც კი გადააყოლა, არის ის ერთადერთი კომპანია, რომელიც ქართველებს ეკუთვნის. "ეს არის საქართველოში გავრცელებული ფორმა ბიზნესის დაზღვევისა. ბევრმა ქართველმა ბიზნესმენმა გაყიდა თავისი წილები ქართულ კომპანიებში, იყიდა წილები უცხოურ კომპანიებში და მერე იმ უცხოურ კომპანიებს აყიდინა წილი ქართულ კომპანიებში, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, დღეს უცხოური კომპანიები უფრო დაცულები არიან საქართველოში, ვიდრე ქართველი ბიზნესმენები. მაგალითად, ქართული კლასიკური შემთხვევა იყო, როდესაც ვანო ჩხარტიშვილმა გაყიდა თავისი წილი "გაერთიანებულ ქართულ ბანკში", იყიდა "ნეშტორ ბანკში" და მერე ამ ბანკმა იყიდა წილი "გაერთიანებულ ქართულ ბანკში". იგივე მოხდა ნავთობის ბიზნესში, როდესაც "სოკარი" შემოვიდა ქართულ ბიზნესში და იყიდა ბევრი სხვადასხვა ობიექტი. ეს ახალი ყაზახური ფირმები არის უბრალოდ შირმა ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ეშინიათ სახელისუფლებო რეკეტის, რადგან უფრო დაცულად თვლიან თავს, თუკი ყაზახეთის რომელიმე კომპანიის, განსაკუთრებით კი ყაზახეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიის სახით შეიძენენ აქციებს საქართველოში. ისინი თვლიან და მართალიც არის, რომ ასეთ შემთხვევაში რეკეტისგან უფრო დაცულები იქნებიან", - განმარტავს კახა კუკავა.
ნინო თამაზაშვილი
|