ნანახია: 573
გერმანიას შეუძლია ევროპაც გამოიყვანოს კრიზისიდან - აცხადებს გერმანიის პრესაგენტურა. გერმანული Commerzbank-ი აღნიშნავს, რომ წლის მეორე ნახევრისთვის იგივე ტემპით სვლა აღარ იქნება და შესუსტდება. საუბარია 2010 წლის მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკის ზრდაზე, რამაც ივნისის მონაცემებით +2,2% შეადგინა. ამ მონაცემმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც ზრდას მხოლოდ 1,3 - 1,4 პროცენტით ელოდნენ. ხოლო ივნისის მაჩვენებელი კი საუკეთესოა ბოლო 20 წლის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები ფინანსურ კრიზისს განიცდიან, ევროზონის ეკონომიკური მაჩვენებლები მოწმობს, რომ რეგიონის ეკონომიკა იზრდება. "გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყოველ კვარტალში ასეთი ზრდა არასდროს დაფიქსირებულა", - განაცხადა ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ. გერმანული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა ახლა თითქმის ისეთივეა, როგორიც კრიზისამდე იყო. ექსპერტები მოულოდნელად მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროს კურსის დაცემით და გერმანული პროდუქტის ექსპორტის მკვეთრად ზრდით ხსნიან. თუმცა გავიხსენოთ 2008-2009 წლებში გერმანიის ეკონომიკა და მოვძებნოთ გზა, რომლის მეშვეობითაც 2010 წლის ივნისისთვის აღნიშნულმა სფერომ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2008 წლის მეორე ნახევარში გერმანული ეკონომიკა ფსკერისკენ დაჩქარებული ტემპით გაექანა. ეს განაპირობა გლობალურმა კრიზისმა, რომელმაც გერმანიის ინდუსტრიის ყველა სფეროს შეუტია. მსოფლიო ბაზრის მასშტაბით ავტო და სხვა სახის პროდუქციაზე მოთხოვნის კლებამ, გერმანიის საწარმოების მუშაობის შენელება გამოიწვია, რამაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე საგრძნობლად აწია. ასევე პრობლემები ჰქონდათ გერმანულ ბანკებსაც. ექსპერტთა შეფასებით 2008 წლის მეორე ნახევარი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიის ეკონომიკაში. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომელსაც იმ პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ და ეკონომიკური კრიზისის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, განაცხადა, რომ კანცლერის თანამდებობაზე მეორე ვადით მისი ყოფნის დროს პრიორიტეტი გერმანიის ეკონომიკის აღორძინების პერიოდისთვის დაბრუნება იქნებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მერკელმა ეკონომიკური სტიმულირების 31 მილიარდიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სიმცირის გამო დაიწუნეს. 2009 წლის იანვარში კი მან "ბუნდესრატს" დასამტკიცებლად 50 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტი წარუდგინა. ამავე გეგმის მიხედვით, მთავრობა 100 მილიარდ ევროს გამოუყოფდა კომპანიების დასახმარებლად, რომელთაც კრიზისის გამო საკმარისი ფინანსები არ ჰქონდათ. ასეთ ფირმებს სახელმწიფო ბანკებთან კრედიტის გარანტორად დაუდგებოდა ან პირდაპირ ფონდიდან მისცემდა სესხებს, თუმცა ისე, რომ მთავრობა მათ წილს არ შეისყიდიდა. გერმანული სტიმულირების გეგმა კეინზის მოძღვრების საფუძველზე შედგა, რაც კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალებად მეტის ხარჯვას გულისხმობს. აღნიშნული პაკეტი ორ წელზე იყო გათვლილი და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მთავრობა შეამცირებდა გადასახადებს, დაიწევდა საშემოსავლო გადასახადიც და 15.5%-ის ნაცვლად 14.9% გახდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანელები ყოველთვიურად უფრო ნაკლებს გადაიხდიდნენ. შემცირდებოდა ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი. დაიგეგმა ინვესტიციების განხორციელება სოციალურ სფეროში, გაიზრდებოდა კომპანიების სუფსიდირება, ასევე ავტოინდუსტრიის გადასარჩენად მოქალაქეებს მიეცემოდათ გარკვეული სტიმულირება, რომელიც გულისხმობდა 9 წელზე მეტი ასაკის მანქანის გაცვლისთვის ახალ მანქანაზე თანხის 2500 ევროს ოდენობით დამატებას და ა.შ. აღნიშნულ ეკონომიკურ პაკეტს მერკელის მიერ არასწორად გადადგმულ ნაბიჯად თვლიდნენ ის დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდნენ კრიტიკის ფონზე. თუმცა შედეგი ყველასთვის ნათელი გახდა, როდესაც ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ (ZEW) დაფიქსირებული ინდექსით, ინვესტორთა ნდობა გერმანიის ეკონომიკის მიმართ, ბოლო თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. ცხადი გახდა ისიც, რომ გერმანიაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად გერმანელი მომხმარებელია. ზრდის ძირითადი მიზეზი კი ექსპორტია. გერმანია მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორია. სწორედ გერმანულ საქონელზე არსებულმა მოთხოვნამ გამოიწვია ეროვნული ეკონომიკის აღდგენა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდა მოხმარება. აღსანიშნავია, რომ გერმანია პოზიტიურ მაჩვენებელზე იმ ფონზე გავიდა, როცა ორი ძირითადი ქვეყნის – აშშ–ისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესუსტდა. პრაქტიკაში, ერთი ქვეყნის სავაჭრო პროფიციტი ყოველთვის წარმოქმნის მეორე ქვეყნის დეფიციტს. ანუ ექსპორტიორთა პროფიციტები ფინანსდება მათი სავაჭრო პარტნიორთა დეფიციტებით. აქედან გამომდინარე, გერმანიის მაღალი პროფიციტი ფინანსდებოდა სხვა ევროპული ქვეყნების დეფიციტებით. გამოდის, რომ გერმანია ევროპის ქვეყნებში რეალურად აფინანსებდა მოთხოვნას გერმანულ საქონელზე, ხოლო მომხმარებელიც სიამოვნებით ყიდულობდა გერმანულ საქონელს გერმანული ფულით. დღეისათვის გერმანია ცდილობს შეინარჩუნოს ყველაფერი ძველებურად, ანუ სურვილი აქვთ უცხოელი მომხმარებელი ყიდულობდეს ძველებურად, მაგრამ ამასთანავე ქვეყანამ არ უნდა დაუშვას მფლანგველური კრედიტების გაცემა. გერმანული კომპანიები კონცენტრაციას აკეთებენ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე, ამიტომაც არის მისი შიდა ბაზარი ასეთი კონკურენტუნარიანი. გერმანია უფრო მეტ ექსპორტს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა და სარგებელს თავისი მფლანგველი მეზობლებისგან ნახულობდა. თან, არც იმავე რაოდენობის იმპორტი შემოჰქონდა. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის კი მთავარ თემად რჩება საკითხი, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ის დისბალანსი, რასაც გერმანიის კონკურენტუნარიანობა ქმნის. თუმცა ეს არასაკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ გერმანიამ წარმოება შეამციროს. პრობლემის გადაჭრის ერთერთი გზა შესაძლოა იყოს, თუ გერმანია მოხმარების სფეროში გადასახადებს შეამცირებს. მაგრამ ამით აუცილებლად მოხდება ბიუჯეტის დეფიციტის გაუარესება. საბოლოო შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე კვარტალში +2,2%- ით გერმანიის ეკონომიკის ზრდა ექსპორტის გაზრდის ხარჯზე მოხდა, რაც თავის მხრივ გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუმჯობესებამ გამოიწვია, ამიტომაც გაიზარდა შეკვეთები საექსპორტო პროდუქციაზე. გერმანული ინტერნეტ გამოცემის - Statista-ს თქმით, ამ წლის ეკონომიკური განვითარების დონის აწევა განაპირობა OECD-სთან ერთობლივმა პროგრამამ მიმზიდველი ექსპორტის და ღია ინვესტიციების კუთხით. ბერლინის მერის - კლაუს ვოვერაიტის განცხადებით, ბერლინი კარგ გზას ადგას, ტურიზმის განვითარების ახალი ციფრები ცხადყოფენ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს. სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის იანვრიდან ივლისამდე, ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ გერმანიის დედაქალაქში 4,2 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 11,7%-დან 14,2%-მდე ზრდით გამოისახება. ერთ-ერთ გერმანულ ინტერნეტგამოცემაში Pressemappe დაიდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ ადამიანთა 77% თვლის, რომ გერმანიის ეკონომიკური განვითარება სულ უფრო მაღლა მიიწევს და ეს საგრძნობლად შესამჩნევია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაუსაქმებელ ადამიანთა რიცხვი 217 000 - ით შემცირდა, რაც თავისთავად მეტყველებს ეკონომიკურ ზრდადობაზე.
გიორგი გამხიტაშვილი
|