ნანახია: 563
"ბლექ სი პროდაქტის" შესახებ ინტერნეტშიც კი არ არის ინფორმაცია
როდესაც სუფსაში ტერმინალი გაკეთდა, მაშინ სანაპირო ძალიან დაბალი იყო, ამიტომ გემებამდე ტივტივა შედიოდა. დღეს ამბობენ, რომ იქ სიღრმე 22 მეტრია, ან მაშინ ტყუოდნენ, ანაც ახლა
სუფსაში პორტის მშენებლობის პროექტი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, როგორც გურიიის რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში 700 მილიონიანი პროექტის განხორციელება, შეიძლება ითქვას, მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებში გახდეს ადგილზე დასაქმების ერთერთი მთავარი ცენტრი. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოება, განსაკუთრებით გურიაში, ყურადღებით ადევნებს თვალს სუფსის პორტის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას. თუმცა, ეს ინფორმაცია მწირია, და ეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს გარკვეული ეჭვების გამოთქმის საფუძველს აძლევს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი შესახებ, რომელმაც პროექტისთვის 700 მილიონი უნდა მოიზიდოს, ინტერნეტსივრცეშიც არ მოიპოვება ხელშესახები ინფორმაცია. "ბლექ სი პროდაქტის" წარმომადგენელი შალვა წაქაძე და ოფიციოზი კატეგორიულად აფიქსირებენ, რომ სუფსის პორტი _ ეს რეალობაა და ის დიდ შემოსავლებს მოუტანს როგორც ლანჩხუთს, ასევე მთლიანად ქვეყანას. "ეს არის ძალიან დიდი პროექტი, სუფსის პორტი ქვეყანაში გახდება #1 პორტი. ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მდინარე სუფსას, სადაც პორტი კეთდება, აქვს ის სიღრმე, რაც სხვა ქართული პორტებისთვის მიუწვდომელია. ეს არის 18-მეტრიანი სიღრმე, ზოგ ადგილზე კი 22-მდეც აღწევს. სწორედ ეს სიღრმე იძლევა იმის წინაპირობას, რომ ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ყველა გემმზიდი, რომელსაც ბოსფორის სრუტე გაატარებს. ეს პროექტს კონტინენტური მნიშვნელობისად ხდის _ თუ აქამდე რიგი ევროპული ქვეყნებისთვის გემების ჩამოცლა ხდებოდა მალტაში, იტალიასა თუ საბერძნეთში, სადაც ასევე არის შესაძლებლობა სიღრმის გამო, ახლა ეს მოსახერხებელი გახდება საქართველოშიც და კონკრეტულად ეს მოხდება სუფსის პორტში. რა უპირატესობა გვექნება თუნდაც ზემოხსენებულ პორტებთან შედარებით? დიდი სიახლე არავისთვისაა, რომ ტვირთის გადატანა უფრო იაფი ჯდება, რაც უფრო მეტ ნაწილს წყლით დაფარავს. სუფსის პორტის ამოქმედება ამ მხრივ მისწრებაა და ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი", _ აცხადებს "ბლექ სი პროდაქტის" გენდირექტორი. ამ განცხადების პათოსს ერთი ძალიან საინტერესო გარემოება აყენებს ეჭვქვეშ. საუბარია ჯერ კიდევ 2 წლის წინ "გახნილ" და ჯერაც გაუხსნელ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ფოთში მთელ შავიზღვისპირეთში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შექმნილიყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადებები განცხადებებზე აკეთა. "ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა გვინდა და ეს ეკონომიკური ზონა მხოლოდ ფოთს არ მოიცავს. იგი სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებსაც მოემსახურება... ეს იქნება ზონა, სადაც ნულოვანი ბიუროკრატია იქნება... ის მოებმება ახალ სატრასპორტო ინფრასტრუქტურას", _ აცხადებდა სააკაშვილი. სწორედ ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, გაჩნდა იმედი, რომ სუფსაში ამხელა ინვესტიციის მოზიდვა მართლაც რეალური იქნებოდა. საკმაოდ საინტერესო მოსაზრება აქვს ექსპერტს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში თამაზ იმნაიშვილს: "თავისუფალი ეკონომიკური ზონების ისტორიის ანალიზი ნათლად აჩვენებს ერთ მთავარ რამეს: გეოპოლიტიკურად აქტიურ ზონებში თეზ-ის შექმნა უმთავრესი პრინციპით ემსახურება "შავი ფულის" გათეთრებას. ორი კლასიკური განსხვავებული ტიპის თეზ-ის ისტორია შეიძლება იქნას მოყვანილი: წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ლიბანში თეზ-ის შექმნამ ბიზნესჯგუფების ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია, ამან კი 25-წლიანი სამოქალაქო ომის სახე მიიღო და სანამ ლიბანი მიწასთან არ გასწორდა, ომი არ დამთავრდა; მეორე: სინგაპურის მაგალითია _ ეს ქვეყანა გეოპოლიტიკური აქტიურობის მესამე სარტყელში იმყოფება. თეზ-ში გათეთრებული "შავი ფული" ისევ ამ ქვეყნის ეკონომიკაში ჩაიდო და ქვეყანას დღეს უკვე "გაკეთილ-შობილებული" მაფია მართავს. სინგაპური არის არადემოკრატიული მმართველობის მძლავრად განვითარებული ქვეყანა, სადაც მთავარი პრინციპი საძოვარზე მიშვებული ნახირის მენტალიტეტით არის გაჟღენთილი. პრეზიდენტ სააკაშვილის პროგრამა "საქართველო სიღარიბის გარეშე" ძალიან წააგავს იმ პროგრამას, რომელსაც სიმბოლურად "სინგაპურიზაციის გზა" შეიძლება დაერქვას. აქ საუბარი პოსტსაბჭოურ და ახლო აღმოსავლურ სივრცეში უკანონო გზით მოპოვებულ 150-200 მილიარდი დოლარის გათეთრებაზე მიდის, სადაც ადგილზე შეიძლება 25-30 მილიარდი დოლარის დალექვა მოხდეს. ეს იმდენად დიდი ფულია, რომ სხვადასხვა სახელისუფლო თუ გავლენიანი პირების უკან მდგომი ინტერესჯგუფები მზად იქნებიან საქართველო საერთოდ შეჭამონ". თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმოქცეული ფულის წარმომავლობა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის უფრო საინტერესოა, რომ ფული აუცილებლად იმოძრავებდა და სუფსის პროტის პროექტიც რეალური გახდებოდა. თუმცა, არის რამდენიმე სერიოზული ფაქტორი, რის გამოც პროექტის რეალურობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას. ამ ფაქტორებზე გურიაში "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენელმა რომან ბიწაძემ ისაუბრა. - ბატონო რომან, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა უკვე რამდენჯერმე გადაიდო, რატომ? - როგორც ჩანს, ეს იყო პიარი! ამბობენ, რომ არაბული კომპანიის უკრაინულით ჩანაცვლება ხდება! თუ გავითვალისწინებთ, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობას, საქართველო-უკრაინის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებულ სკანდალს, ჩათვალეთ, უკრაინა ვერ გაბედავს საქართველოში ამ საქმის წამოწყებას. - ამ ფონზე, რამდენად რეალურია სუფსის პორტის პროექტი? ოფიციოზი და "ბლექ სი პროდაქტი" შემოსავლებს უკვე ითვლიან... - სუფსის პორტის რეალურობა და აქ 700 მილიონის მოზიდვა, ჩემი აზრით, პირდაპირაა მიბმული ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ფოთის პროექტი ჩავარდება, არც სუფსის პორტს ექნება მომავალი. ამ განწყობას მიძლიერებს ისიც, რომ ინტერნეტში "ბლექ სი პროდაქტის" შესახებ, ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რა პროექტები აქვს განხორციელებული, რა ავტორიტეტი აქვს მას და ასე შემდეგ. აშკარაა, ეს არის შუალედური კომპანია, თუმცა ფულის ჩამდები რეალურად ჯერ არ ჩანს თუ დავაკვირდებით, პრეზიდენტიც კი, რომელსაც ძალიან უყვარს ვირტუალურ პროექტებზე საუბარი და ტრაბახი, არ საუბრობს ამ პროექტზე. გაგიგიათ და გსმენიათ როდესმე, მილიარდიანი კი არა მილიონიანი პროექტი რომ იყოს, სააკაშვილს არ გაეპიარებინოს? - ამ ფონზე ისმის კითხვა, რა ხდება, რატომ დაიწყო ამ პროექტზე საუბარი? _ უბრალოდ, გარკვეულმა ჯგუფმა შეიძინა მიწები და რაღაც საწყისი სამუშაოები ჩატარდება. _ რა მიზნით? ამ მიწებს სამომავლოდ გაყიდიან უფრო ძვირად? _ ესეც არ გამოირიცხება, მაგრამ უფრო წილში შესვლაზე იქნება საუბარი. ოღონდ ჯერ არ ჩანს მილიარდის ჩამდები. ამასთან, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სუფსის სანაპიროზე სიღრმე ყველაზე მაღალია, 30 მეტრიც კი დასახელდა. _ დიახ, "ბლექ სი პროდაქტის" გენდირექტორმა, შალვა წაქაძემ განაცხადა ამის შესახებ, 22 მეტრი დაასახელა... _ არადა, წლების წინ, როცა ტერმინალი გაკეთდა, მაშინ ითქვა, რომ სიღრმე არ იყო და ამიტომაც ტივტივა შედიოდა გემებამდე. ვერ გეტყვით, მაშინ იტყუებოდნენ თუ ახლა იტყუებიან, თუმცა დამეთანხმებით, ეს ნიუანსიც დამაფიქრებელია, რამდენად რეალურია ის, რასაც ამბობენ.
თომა ჩალაძე
|