ნანახია: 645
ბანკებს საპროცენტო განაკვეთზეც შეუძლიათ პროცენტის დარიცხვა
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საშუალებით ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ქვეყანა განუხრელად უახლოვდება დასავლურ ფასეულობებს და მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაშია ევროპის სახელმწიფოების სამართალთან. ხელისუფლება განსაკუთრებული კრიტიკით იხსენებს ედუარდ შევარდნაძის "შავბნელ" ეპოქას და აღნიშნავს საქართველოს განსაკუთრებულ წინსვლას 2003 წლიდან მოყოლებული. აღნიშნულ პათოსს შევხედოთ იურისტის თვალთახედვით და განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის, ვალდებულებითი სამართლის, სასესხო ურთიერთობის მცირე ნაწილი, თუ როგორ შეიცვალა კრედიტორისა და მოვალის მდგომარეობა 2003 წლიდან დღემდე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარიგება დადებული მხარეებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის, გულისხმობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსაზღვრული დროის მითითება არ ათავისუფლებს გარიგების მხარეებს, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოხდეს ვალდებულების შესრულება, თუკი თავისი სურვილით კრედიტორი უარს არ იტყვის ვალდებულების შესრულების მიღებაზე. ხშირად ხელშეკრულება არ განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ვადას, ეს გარემოება, თავის მხრივ, უფლებამოსილებას ანიჭებს კრედიტორს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე პრაქტიკულად ვალდებული ხდება გარიგების პირობა დაუყოვნებლივ შეასრულოს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მოვალე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ვერ ახდენს გარიგების პირობების შესრულების უზრუნველყოფას, რაც, ბუნებრივია, მოვალეს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. კერძოდ: კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ მოვალე ბრალეულია ვალდებულების დარღვევისთვის, მოვალეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მისი განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნამდე კრედიტორმა შესაძლოა გამოიყენოს უფლებამოსილება და მოვალეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუკი არ არის აშკარა, რომ ამ შეღავათს რაიმე შედეგი არ მოჰყვება. ფართოდ გავრცელებულ გარიგებებს განეკუთვნება მხარეთა შორის სასეხხო ურთიერთობა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი (კრედიტორი) საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს (მოვალეს) ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი (მოვალე) იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს გამსესხებელს (კრედიტორს) იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასესხო ვალდებულების პირობები მნიშვნელოვნად ლმობიერი იყო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ შეტანილ ცვლილებებამდე კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, 29.06.2007 N#5127 საკანონმდებლო ცვლილებებამდე სესხის ხელშეკრულების 625-ე მუხლი, ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით. სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. აღნიშნული მუხლის მე-2 წინადადება მნიშვნელოვნად ზღუდავდა ისედაც გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფი კრედიტორის უფლებებს, იგი ვერ მოითხოვდა სესხისთვის იმაზე მეტ პროცენტს, რაც იქნებოდა დადგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დღეს ეს შეზღუდვა მოხსნილია, მე-2 წინადადება ამოღებულია და კრედიტორები, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბოროტად სარგებლობენ ამ უპირატესობით. სასურველია, თუ მოქმედი ხელისუფლება აღადგენდა არსებულ მდგომარეობას და ამით მნიშვნელოვან შეღავათს მისცემდა მოვალეებს. სამწუხაროდ, ეს მუხლი ერთადერთი გამონაკლისი არ არის, სადაც საკანონმდებლო ცვლილებით არასწორი და დისკრიმინაციული მიდგომა განხორციელდა კრედიტორებსა და მოვალეებს შორის. მაგალითად, ამავე კოდექსის მოქმედი რედაქციის 403-ე მუხლის თანახმად: 1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 2. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. (29.06.2007, N5127) მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ იყო ჩამოყალიბებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებამდე: "ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დაუშვებელია". სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლება საუკეთესო პირობებს უქმნის, ისედაც გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფ კრედიტორებს (კრედიტორებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბანკები და მიკოროსაფინანსო ორგანიზაციები იგულისხმებიან) და აძლევს მათ დამატებით ბერკეტებს მოვალის გასაკონტროლებლად, ეს აშკარად არ გულისხმობს სამართლიანობას, კანონიერებას და მხარეთა თანასწორობას. სასურველია, უფრო სწორედ აუცილებელია, თუ მოქმედი ხელისუფლება აღადგენდა კოდექსის არსებულ მდგომარეობას და ამით მნიშვნელოვან შეღავათს მისცემდა მოვალეებს. ვინაიდან ნებისმიერი გარიგების აუცილებელ პირობას, განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოების კანონმდებლობაში, მხარეთა თანასწორობის იდეა წარმოადგენს. ლაშა ქურდაძე
|