ნანახია: 523
თიზ-ის გახსნის მესამეჯერ გადადების მიზეზად კომპანიების არასაკმარისი ინტერესი სახელდება
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, უკვე რამდენჯერმე გადაიდო. როგორც "რაკია ჯორჯია ჰოლდინგში" ივნისის თვეში "ბ&ფ"-ს განუცხადეს, ფოთის თიზი 17 ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა განცხადება განცხადებად დარჩა და ამჯერად მისი გახსნა სექტემბრამდე გადაიდო. მაგრამ ეს სექტემბერი 2010 წლისაა თუ მომდევნო წლების, უცნობია. ფოთის თიზ-ის გახსნის გადადების მიზეზი კვლავ ბუნდოვანი რჩება. როგორც გაირკვა, ზონაში გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები უკვე მოგვარებულია. "რაკიაში" ზონის გახსნის კიდევ ერთხელ გადადების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი მათი წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნა და ერთ-ერთი საემიროს შეიხის სურვილი სახელდება, რომელსაც თურმე ძალიან უნდა თიზ-ის გახსნაზე დასწრება. "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნაზე დასწრება პრეზიდენტსაც სურს და ეს ჩვენი სურვილიცაა. პრეზიდენტი ივლისში ვერ ჩამოვიდა, მოულოდნელად შეწყდა მისი ვიზიტი, მის განრიგში რაღაც შეიცვალა. გარდა ამისა, შეიხიც ჩამოდის და, შესაბამისად, სუბორდინაცია დაცული უნდა იყოს. ესაა შაქ თაქ ბილ მუჰამედ ალ ქასირი, რომელიც რას ხაიმას საემიროს ემირია", - განაცხადეს კომპანიის მარკეტინგის სამსახურში. კულუარული ინფორმაციით კი ფოთის თიზის ოფიციალური გახსნის გადადების ერთ-ერთი მიზეზი, ისევე როგორც წინა თვეებში, ამჟამადაც კომპანიების სიმცირე უნდა იყოს, რომლებიც ზონაში შესვლით დაინტერესდებიან. შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ჯერ კიდევ მაისში უნდა გახსნილიყო, თუმცა მას შემდეგ უკვე ორი თვე გავიდა და იგი კვლავ არ გახსნილა. როგორც ცნობილი გახდა, ზონის გახსნა მინიმუმ სექტემბრამდე გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის ფოთის თიზ-ში კვლავ მხოლოდ ერთი კომპანია - "თბილცემენტი" მუშაობს. "რაკია ჯორჯია ჰოლდინგის" მარკეტინგის სამსახურის განცხადებით, ფოთის თიზ-ით 100-150 კომპანიაა დაინტერესებული, მაგრამ მისივე თქმით, ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი არ გაზრდილა და მათი რაოდენობა კვლავ 22-ს შეადგენს. "ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, "თბილცემენტს" დაწყებული აქვს სამშენებლო სამუშაოები, გარდა ამისა, 22 კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული, რომელთაც შიდა სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. დაინტერესება ფოთის თიზ-ის მიმართ დიდია, 100-150 კომპანიაა დაინტერესებული და ფიქრობს შემოსვლას, მაგალითად, "ზამილი სტილი", "ჯიეპიესი", "განი გლასი". უბრალოდ ელოდებიან მის ოფიციალურ გახსნას, რომელიც, ალბათ, სექტემბერში მოხდება", - განმარტავენ კომპანიის მარკეტინგის სამსახურში. როგორც ცნობილია, ფოთის თიზ-ში უკვე რეგისტრირებულია "არაი თუმოროუ", სამხრეთ-კორეული "ელ ჯი", გარდა ამისა, სომხური, აზერბაიჯანული, ირანული და თურქული კომპანიები. თუმცა, როგორც ჩანს, ეს კომპანიები ოპერატორის მიერ შეთავაზებული პირობებით კვლავ ვერ მოიხიბლნენ, რადგან ფოთში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. ხელისუფლება კი ფოთის თიზ-ის გახსნით ადგილობრივ მოსახლეობას 25 000 ადამიანის დასაქმებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება ჯერ ისევ დაპირებად რჩება.
თეონა ჭიტაძე
|