ნანახია: 547
"ეკონომიკის მინისტრთან წინადადებები გვაქვს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, მაგრამ ქალბატონმა ვერამ ვერ მოიცალა"
"საერთაშორისო სასაქონლო ბირჟის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თანამედროვე საბითუმო ბაზრის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ამ ფუნქციას ბირჟები დიდი ხანია ასრულებენ სხვა ქვეყნებში და სადაც კი მუშაობენ, წარმატებით ახორციელებენ საქმიანობას. რატომ უნდა იყოს საქართველო გამონაკლისი? თუ თქვენ იკითხავთ, რომ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება თუ არა სასაქონლო ბირჟა, ამაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენი ბირჟა არ არის განკუთვნილი მარტო საქართველოსთვის, ამას აქვს რეგიონული ხასიათი - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი", - ასეთ განმარტებას აკეთებს სასაქონლო ბირჟის ხელმძღვანელი ალექსანდრე გორგიჯანიძე ზოგიერთი ექსპერტის პესიმისტურ განცხადებაზე, რომ ქართული ბირჟა ბაზარზე ფასებს ვერ დაარეგულირებს და მონოპოლიას ხელს ვერ შეუშლის. სასაქონლო ბირჟის გახსნას, მართალია, ექსპერტების და ბიზნესმენების უმრავლესობა მიესალმება, თუმცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ბირჟის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. "სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ რთული თემაა. მომავალი 5 წლის განმავლობაში ამ ბირჟის განვითარების პერსპექტივებს ვერ ვხედავ. ისტორიულად სასაქონლო ბირჟა არის იქ, სადაც მაღალია მოთხოვნა-მიწოდება. ჩვენს შემთხვევაში ვერ ვხედავ პერსპექტივას, რამ უნდა განაპირობოს ამ ბირჟის წარმატება. კარგია ვაჭრობა რომ იწყება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ", - ამბობს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინიციატივით თბილისში საქართველოს საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა 15 ივლისიდან შეუდგება საქმიანობას. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება საშენი მასალები, ქიმიური ნაწარმი - აზოტი, კვების პროდუქტები, ნავთობპროდუქტები. "გვყავს უკვე 17 სერთიფიცირებული ბროკერი, რომელიც 25 კაციდან შეირჩა. რაც შეეხება ვაჭრობის სიტუაციას, მინდა გითხრათ, ზაფხულის პერიოდი ცუდი პერიოდია. ჩვენ ვუკავშირდებით ჩვენს კოლეგებს უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში და ყველგან ერთი სიტუაციაა, ზაფხულის პერიოდში ბირჟების საქმიანობა, ასე ვთქვათ, ნეიტრალდება. ჩვენ ვუკავშირდებით დიდ ფირმებს და ერთ გამოფენაზე იქნება საქონელი, რომელსაც მყიდველი ნახავს, შეაფასებს და შეუძლია იყიდოს და მეორე იქნება კატალოგები", - განმარტავს ალექსანდრე გორგიჯანიძე. ავტორები პესიმისტურად არიან განწყობილი და იმედი აქვთ, რომ ბირჟის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, თანამედროვე საბითუმო ბაზრის შექმნას, საქონელბრუნვის ეფექტურობის გაზრდას, ფასწარმოქმნის მექანიზმის სრულყოფას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რადგან ისეთ ვითარებაში, როცა სასაქონლო ბირჟას უარყოფითი შედეგები არცერთ ქვეყანაში არ ჰქონია, ნაკლებსავარაუდოა საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა იყოს. "არცერთ ქვეყანაში, სადაც ბირჟა მუშაობს, მას უარყოფითი შედეგები არ მოუტანია, არა მგონია, საქართველო გახდეს პირველი ისეთი ქვეყანა, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბირჟა არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას არ სჭირდება. მე მინდა შევხვდე ეკონომიკის ახალ მინისტრს, რადგან ისეთი წინადადებები გვაქვს, რომელიც ჩვენი ერთობლივი საქმიანობით ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე და ჩავეწერე მიღებაზე, მინდა მასთან შეხვედრა და საუბარი. ერთი კვირა გავიდა და ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღე, მინდა შევთავაზო გარკვეული, კონკრეტული წინადადებები., რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყანაში ფასების დარეგულირება, კონკურენტული ფასების შექმნა და მონოპოლიების აღმოფხვრა", - აცხადებს სასაქონლო ბირჟის ხელმძღვანელი ალექსანდრე გორგიჯანიძე. სანამ ახალი ეკონომიკის მინისტრი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო წინადადებების განხილვას დაიწყებს, კომპანიები, რომლებსაც იაფფასიანი პროდუქტი დსთ-ს ქვეყნებიდან შემოაქვთ, ფასებს ევროპული ბირჟების მიხედვით განსაზღვრავენ და ასეთ ვითარებაში ძნელია ბირჟამ ბაზარზე ფასების დარეგულირება მოახერხოს, მითუმეტეს, რომ ქვეყნის ყველა ძირითადი სფერო მონოპოლიზირებულია და ამას ბირჟის ხელმძღვანელიც აღიარებს - "საქართველოში საშინელი მდგომარეობაა, ეს არის მონოპოლისტების ხელში ჩაგდებული ბევრი მიმართულებები, როგორიცაა საწვავი, ფარმაცია. თუ შეიძლება რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ღირებულება იყოს 1.60 ლარი, რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ზუსტად იგივე ბენზინზე, ვთქვათ, Socar-ში, Wissol-ში და Lukoil-ში? როგორც ჩანს, ეს პატარა ბენზინგასამართი სადგურები არ წარმოადგენენ მათთვის საშიშროებას. მსგავსი ვითარებაა ფარმაცევტულ ბაზარზეც. ჩვენ ბუდაპეშტის ფარმაცევტული ბირჟის ფასები ვნახეთ. ზოგიერთი წამალი ღირს, მაგალითად, 3 დოლარი, ანალოგიური წამალი ჩვენს "ავერსში" და "პსპ"-ში კი 15 დოლარი. რატომ უნდა ღირდეს ასე? – იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ კონკურენტი და თვითონ აწესებენ ფასებს. სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებას ეცდება სასაქონლო ბირჟა".
ნინო თამაზაშვილი
|