ნანახია: 431
აწ უკვე რეფორმირებულმა "საქსტატმა" კიდევ ერთი, მოდერნიზაციამდე მისი წინამორბედისთვის დამახასიათებელი მხიარული ინფორმაცია გაავრცელა. თურმე, 2010 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით მინუს 0,3%-იანი ინფლაცია ანუ დეფლაცია დაფიქსირდა. გამომდინარე აქედან, შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებლები, როგორც წინა წლის დეკემბერთან და ასევე, ივნისთან შედარებით, შესაბამისად, 2,0 და 3,7 პროცენტის დონემდე. "საქსტატის" ინფორმაციით მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 5,3%-ით არის გაძვირებული ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 1,1%, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა - 0,8%, კომუნალური და სხვა გადასახადები - 0,7%, ტრანსპორტი - 0,3%, დასვენება-გართობა - 0,1%, უალკოჰოლო სასმელები და თამბაქო - 0,1%. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ამ პერიოდში გაიაფდა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია, რომელზეც ფასი წინა თვესთან შედარებით 2,5%-ით არის შემცირებული. უცვლელია ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ასევეა კავშირგაბმულობასა და სასტუმროებისა და კაფე-ბარების მომსახურებაზე. საინტერესოა, თუ ყველაფერი გაძვირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების გარდა, მაშინ დეფლაცია როგორღა დაფიქსირდა? მკითხველს შევახსენებ, რომ ივნისი ეს ის თვეა, როცა ლარის მკვეთი გაუფასურების გამო, ჯერ ყველა იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდა, დაახლოებით 5-15%-ით, ხოლო შემდეგ მან ჯაჭვური რეაქციით ადგილობრივი წარმოების გაძვირებაც გამოიწვია. ამას მეწარმეები არც მალავდნენ. ივნისი ის თვე იყო, როცა არჩევნების დროს დახარჯული ფული ბაზარზე გავიდა, რამაც იგივე პირველადი მოთხოვნილების პროდუქციაზე პირდაპირ ფასების ზრდა გამოიწვია. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ივნისში ბაზარზე ფასების ზრდით შეშფოთებულმა ეროვნულმა ბანკმა ვადამდელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მოიწვია, სადაც რეფინანსირების განაკვეთის სესხის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5%-დან ერთბაშად 6,25%-მდე გაზარდეს. ივნისში ინფლაციური მოლოდინის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილიც, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, - "ჩვენი პროგნოზით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაციას საშუალოვადიან პერიოდში 6%-ისთვის გადაეჭარბებინა. ამ პროცესისთვის ხელი რომ შეგვეშალა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 16 ივნისის სხდომაზე ჩვენ ავწიეთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ანუ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა". ყველა ლოგიკური თუ ალოგიკური ფაქტორის მიხედვით, ამ თვეში ინფლაცია გაიზარდა. რასაც ნებისმიერი ჩვენგანი თავისუფლად ამჩნევს. თუმცა, "საქსტატი", რისი საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტია, თუ მოსახლეობას უარყოფითი ფიცრებით გაუტეხა გული. იგი ჩვენ ხასიათზე უკვე წლებია ზრუნავს და ამიტომაცაა, რომ ყოველთვის დადებითი მუხტის მატარებელი მაჩვენებლების გამოქვეყნებით გვანებივრებს. რა აზრი ჰქონდა "საქსტატის" რეფორმირებაში მილიონების გადაყრას, თუ მის სამეთვალყურეო საბჭოში ეროვნულ ბანკს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ეყოლებოდათ წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებული, რომ ამ ორგანომ მათთვის დადებითი ციფრები გამოაქვეყნოს. ასეა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. რატომ გამოაქვეყნებდა "საქსტატი" ისეთი ინფლაციის მაჩვენებელს, რომლის გამოც ყველა ეროვნული ბანკისაკენ გაიშვერდა თითს? საინტერესოა, ინფლაციისადმი საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა. სებ-ის წარმომადგენელთა განცხადებით, 3-10 ივნისის პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურება იმიტომ დაუშვეს, რომ ლარის კურსი თავისუფლად მცურავ რეჟიმში უნდათ რომ გადაიყვანონ და თან სავალუტო რეზერვების ხარჯვას მოერიდნენ. ამ მოვლენას კი რაიმე საგრძნობი ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა საქართველოში პროდუქციის ფასების ზრდაზე. მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტის დევალვაციიდან 6 დღეში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და რეფინანსირების განაკვეთის მინიმალური მაჩვენებელი 6,245%-მდე გაზარდა. თუ ლარის გაუფასურების პროცესი ისეთ მოვლენებს იწვევს, რომლის გამოც აუცილებელი ხდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გაუგებარია, რატომ უნდა ებრძოდეს სებ-ი შედეგს და არა მის გამომწვევ მიზეზებს, ანუ სავალუტო ბაზარზე ლარის მკვეთრად გაუფასურებას? დასასრულ აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკს 2010 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ის ნიშნულზე აქვს დაგეგმილი. თუმცა, მისი შესრულება შეუსრულებლობაზე, ალბათ, საუბარიც ზედმეტია, როცა სებ-ს გვერდში ასეთი სტატისტიკის დეპარტამენტი ჰყავს.
მერაბ ჯანიაშვილი
|