ნანახია: 469
ახალი საგადასახადო კოდექსი, უკვე ერთი თვეა, საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ამ ხნის განმავლობაში მასზე სახელისუფლებო და ექსპერტულ წრეებში მუდმივად მსჯელობენ. ახალ კოდექსს ბიზნესმენებმა "რევოლუციურიც" კი უწოდეს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა კიდეც. მაგრამ აღფრთოვანებამ თანდათან გაიარა და ახალ საგადასახადო კოდექსში როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეებიც აღმოაჩინეს. მასში გაწერილმა არაერთმა პუნქტმა საზოგადოების აღშფოთებაც კი გამოიწვია, რომლის შედეგად კოდექსში ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა, თუმცა სადავო კიდევ ბევრი დარჩა, რადგან ახალი საგადასახადო კოდექსი ხელისუფლების ინტერესების დაცვისკენ უფროა მიმართული, ვიდრე საზოგადოებისა. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ახალ საგადასახადო კოდექსში გაწერილ მეწარმისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთვალდებულებებზე შევაჩერეთ. საქმე ამ შემთხვევაშიც დარღვევებთან გვაქვს, რადგან კანონის მიხედვით, მათი ერთმანეთისადმი გაწერილი ვალდებულებები არათანაბრად ნაწილდება. კერძოდ კი მეწარმის მიერ საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფოს მიერ მეწარმისთვის დასაბრუნებელ ზედმეტად გადახდილი თანხის უზრუნველყოფის საკითხში. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს მეწარმის მიმართ თითქმის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. მაგალითად, თუ მას მეწარმის მიმართ რაიმე დავალიანება დაუდგინდა, თავისუფლად შეუძლია კანონში გაწერილ ვადაში ეს თანხა არ გადაიხადოს, თუნდაც ეს საკითხი სასამართლოს მიერ მეწარმის სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი. ამისკენ კი სახელმწიფოს, მის მიერ მეწარმისთვის დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხის არაუზრუნველყოფა უბიძგებს. ამის ნათელი მაგალითია, ახალი საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლი, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ. მაგალითად: 62.1. თუ გადასახადის გადამხდელის გადასახადების ან/და საგადასახადო და საბაჟო სანქციების გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და საგადასახადო და საბაჟო სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე: ა) ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში. ბ) ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. აღნიშნული მუხლი 8 ნაწილისგან შედგება. მასში გაწერილია, თუ რა შემთხვევაში, რა ვადებში უბრუნდებათ მეწარმეებს ზედმეტად გადახდილი თანხა სახელმწიფოსგან, მაგრამ არსადაა გაწერილი, თუ რითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ვალი მეწარმის მიმართ. თუ სახელმწიფო არ ენდობა მეწარმეს და რისკების შემცირებისთვის მის გადასახადს სხვადასხვა ქონებით უზრუნველყოფს, მეწარმე რატომ უნდა ენდოს სახელმწიფოს? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს დიდი პრაქტიკა იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს და თუ ასრულებს, ეს არ ხდება კანონში გაწერილი ვადებით. კიდევ ერთი საყურადღებო ჩანაწერია ამ მუხლის 8 პუნქტში. მუხლი 62.8. ზედმეტად გადახდილი თანხა დაბრუნდება. ცალკეულ შემთხვევაში ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საინტერესოა, ამ ცალკეულ შემთხვევაში და ცალკეული გადასახადის გადამხდელში, ვინ შეიძლება მოხვდნენ? ვინც ფინანსთა მინისტრის კეთილ განწყობას დაიმსახურებს? სახელმწიფოსგან განსხვავებით, მეწარმის საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა მთელ რიგ პუნქტებშია გაწერილი. კერძოდ, ახალი საგადასახადო კოდექსის, 212-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა. ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა. გ) ქონებაზე ყადაღის დადება. დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ე) საბანკო ანგარიშზე ოპერაციების შეჩერება. ვ) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალიანების წარდგენა. ზ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება. გარდა ამისა, სახელმწიფო გადასახადის გადახდის ვადის მიხედვითაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. თუ იგი ვალდებულია მეწარმეს, ზედმეტად გადახდილი თანხა, 3 თვის განმავლობაში დაუბრუნოს, მეწარმეს ახალი საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით ეკისრება ვალდებულება, რომ გადასახადი დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ, ან საგადასახადო მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება და თუ ჯარიმასაც არ გადაიხდის, მისი დავალიანება უზრუნველყოფის სახით სახელმწიფოს ქონებაში გადავა. "საერთოდ, კოდექსის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში თანხის გადახდა არის უამრავი რაღაცით უზრუნველყოფილი. ეს არის ჯარიმები, საურავები, იძულების ღონისძიებები, დაჭერა, დაპატიმრება, ციხეში ჩასმა, საქმიანობის ადგილში შევარდნა და ასე შემდეგ. უზარმაზარი სპექტრია ღონისძიებების. ვეკითხები ხელისუფლებას, როცა ის მიწერს კოდექსში, რომ მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში დამიბრუნებს ფულს, ეს რამით არის უზრუნველყოფილი? მას თავისუფლად შეუძლია, რომ ვადას გადაცდეს და ამისთვის არანაირი სანქცია არ დაეკისრება", - აღნიშნავს "აი-ენ აუდიტის" დირექტორი, აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. აღნიშნულ საკითხზე შევეცადეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილეებისგან პასუხი მიგვეღო, ეს ის ხალხია, ვინც კოდექსის შემუშავებაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სახელმწიფოში კი, სადაც მმართველ გუნდს პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე და საუბრობს ლიბერალიზმზე, რატომაა მეწარმე სახელმწიფოსთან მიმართებაში დაჩაგრულ მდგომარეობაში? მაშინ, როდესაც მთავრობას ფართო სპექტრი აქვს კანონის დარღვევის შესაძლებლობების, კარგი იქნებოდა, თუ კერძო სექტორის მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს აიღებდა. იმ კერძო სექტორის მიმართ, რომელიც მას ყოველთვიურად ხელფასს უხდის და სახელმწიფო ყოველდღიური ხარჯების მთავარი დამფინანსებელია. როცა მმართველი გუნდი, ვითომდა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, საგადასახადო კოდექსს ცვლის და ფაქტიურად, უკეთესობისკენ მაინც არაფერი იცვლება. კარგი იქნებოდა კერძო ბიზნესისთვის რეალური ხელშემწყობი ნაბიჯები გადაედგა, რაც, პირველ რიგში, მეწარმეთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებით უნდა გამოიხატოს. "რაიმე ახალი ცვლილება ამ კოდექსში არ არის. ახალი ის არის, რომ მთელი რიგი გადამხდელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მათ შორის იმ გადამხდელების მდგომარეობაც, რომლებსაც ამ კოდექსს ასე ტაშფანდურით აცნობენ და ეუბნებიან, - "ნახეთ, თქვენთვის რა კარგ რაღაცეებს ვაკეთებთო", - აღნიშნავს ირაკლი შავიშვილი.
თეონა ჭიტაძე
|