ნანახია: 462
"აფბას" "ავერსის" დაუსაბუთებელი პასუხი არ აინტერესებს, უპასუხეთ მოსახლეობას, რომელიც ხშირად 1 ლარიან წამალში 4 ლარს იხდის
ჩვენ არაერთგზის ჩავაყენეთ მედია და საზოგადოება საქმის კურსში და საკითხის არსიც გავაცანით. კვლევა გრძელდება. "ავერსის" მესვეურთა საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ "აფბას" კვლევის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ "აფბას" ინიციატივა განპირობებულია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების განუზომლად დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობით, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოში მედიკამენტებზე დანახარჯი არარეალურად დიდია და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 40%-ს აჭარბებს - მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია. "აფბა" მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტუალურებული ინტერესი და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები დროული და კომპეტენტური პასუხების გაცემას საჭიროებს. "აფბას" მიერ ინიცირებული კვლევის მიზანია საზოგადოებისთვის ამ ბაზარზე არსებული რეალური ვითარების გაცნობა. ტენდენციებისა და ფაქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, მართლაც დაუსაბუთებლად ძვირია თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასები და უჭირავთ თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდის შემქმნელ კომპანიებს მოგების უსამართლოდ მაღალი მარჟა. კვლევა მიზნად ისახავს სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას და მიღებული შედეგების შესაბამისად დასკვნების გამოტანას და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას. როგორც ხედავთ, "აფბას" მიზანს ვინმეს ბრალდება და დადანაშაულება არ წარმოადგენს. ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ამ კვლევით ჩვენ მხოლოდ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებაში სიცხადის შეტანაში მივიღებთ მონაწილეობას და დარწმუნებული ვართ, როგორც `ავერსის~ განცხადების დასასრულსაა, "ვისაც ანალიზი შეუძლია, ყველა მიხვდება", სად არის ფაქტებისა და ტენდენციების ობიექტური ანალიზზე დაფუძნებული პირუთვნელი დასკვნები და სად ვიწრო ბიზნესინტერესები. აქვე შევნიშნავთ, რომ თავისთავად ბიზნესინტერესების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, პირიქით, მაგრამ ეს ინტერესები შენი, ჩემი, ჩვენი ინტერესების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. "ავერსის" "პასუხს" (რომლის პრაქტიკულად ყველა გაზეთისა და საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გავრცელებაზეც "ავერსმა" დიდი ჯაფა და ხარჯი გასწია) ჩვენ აქ არ ვუპასუხებთ. ყველა, ობიექტურად თუ სუბიექტურად დაინტერესებული პირი თუ კომპანია, ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევის "აფბასეულ" სრულ სურათს უახლოეს მომავალში მიიღებს. ამჯერად, შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმე ციტატით, უმაღლესი თანამდებობის პირების გამოსვლებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების შედეგად პროდუქციაზე, მათ შორის, ფარმაცევტულ საქონელზე, ფასების მყისიერ ზრდასთან დაკავშირებით და დასასრულს კიდევ რამდენიმე მომენტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. გიორგი ქადაგიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - "მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა გამოწვეული იყო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის რყევით, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და ამის დადასტურება შეუძლია ყველა პირველკურსელს, თუ ჩაიხედავს ამ ინდუსტრიაში ფასწარმოქმნის პროცედურებში". (ტელეგადაცემა "ბიზნეს-კურიერი") მიხეილ მაჭავარიანი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - "ბიზნესმენები, რომლებმაც ლარის გაუფასურების გამო პროდუქციაზე ფასები გაზარდეს, არ არიან პატიოსანი ბიზნესმენები, მათ უბრალოდ მიზეზი მიეცი, რომ მეტი მოგება ჩაიდონ ჯიბეში". (ამონარიდი გამოსვლიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე) ახლა რამდენიმე რიტორიკული კითხვა: რატომ უხდება საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მყოფ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (განსაკუთრებით მძიმე ეს პენსიონერებისთვისაა) 1 ლარიან წამალში 4 ლარის გადახდა (ციფრები პირობითია, უბრალოდ პროცენტული სხვაობაა მოცემული. მაგ: დუოვიტი, საბაჟოზე დაფიქსირებული ფასთან შედარებით ფასნამატი 247,4%; ვალოკორდინი - 208%; `ენაპი~ (5 მგ #20 ტ) - 212%. ასევეა პროპორციულად ბევრი სხვა ფართო მოხმარების მედიკამენტის შემთხვევაშიც. და კიდევ, - როდის დაიშლება არაფორმალური კარტელი, რომელიც მაფიის ნიშნებს ატარებს. დღემდე გამოუცნობია, როგორ ახერხებს ეს კარტელი ერთ მშვენიერ დღეს ერთდროულად ფასების აწევ-დაწევას, ზუსტად ერთდროულად, ერთნაირი ფასდაკლების აქციების შეთავაზებას? სწორედ ამ კარტელური "შეთანხმების" შედეგი ხომ არ არის ბაზარზე კონკურენციის თითქმის არარსებობა, რაც იწვევს სწორედ გაუმართლებლად მაღალ ფასებს? ამასაც, ალბათ, ნებისმიერი "პირველკურსელი მიხვდება"... ორიოდე სიტყვა, ინდური მასალის თაობაზე, - მარტივად შევნიშნავთ, რომ იგივე გერმანული კომპანიები, როცა იყენებენ ინდურ ნედლეულს, გერმანიაში წამლის ხარისხის უმკაცრესი და რეალური სახელმწიფო კონტროლია. თქვენ კი, ფაქტობრივად, გვეუბნებით, რომ ხარისხის კონტროლი არ არის საჭირო და მხოლოდ ერთი საწარმოს შიდა ლაბორატორიას და შესაბამისად, მხოლოდ ამ საწარმოს მფლობელის კეთილ ნებას უნდა ვენდოთ... თუ კომპანიების მიერ მენეჯმენტის სერთიფიკატების ფლობა ქვეყანაში უხარისხო მედიკამენტების არსებობას გამორიცხავს, მაშინ, რატომაა ევროკავშირში და ამერიკაში, სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, მედიკამენტების ხარისხის ძალიან მკაცრი და მასშტაბური კონტროლი? ახლა, რაც შეეხება Pღ-ს - იგი არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვჭირდება. ჩვენ, უბრალოდ, ევროპაში საცხოვრებლად წასვლას არ ვაპირებთ და აქ, სამშობლოში გვინდა ევროპული დონის საზოგადოების ჩამოყალიბება. და არა ოლიგოპოლიების პარპაში, რისი "ნიშნებიც" აშკარად იკვეთება. ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ხელოვნური მონოპოლისტები თუ მოისურვებენ, მათი ბიზნესების "ჩავარდნის" შემდეგ იოლად იცხოვრებენ საფრანგეთის რივერაზე. მოდით, ჩვენ, დაქცეულ საქართველოს მაინც ნუ დაგვიტოვებთ და თან ბილწ ზრახვებსაც ნუ მოგვაწერთ. უბრალოდ, არ იქნებით მართლები. თანაც, სოციალურად იმდენად მნიშვნელოვანი ბიზნესით ბრძანდებით დაკავებული, რომ თქვენ მხოლოდ ბიზნესის კეთება არ გევალებათ, თქვენ საზოგადოების და საკუთარი ოჯახების წინაშე ხართ პასუხისმგებელნი. და ბოლოს, მოკრძალებით შევნიშნავთ ჩვენი ფარმაბაზრის მაგნატების საყურადღებოდ, "აფბას" ორ შუალედურ დასკვნაში 10-მდე შენიშვნა ("ავერსის" შეფასებით ბრალდება) იქნა წამოჭრილი. თქვენ 3-4 მათგანის გაბათილებას შეეცადეთ, დანარჩენს ეთანხმებით?
მერაბ ჯანიაშვილი ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი
|