ნანახია: 426
"ლარის კურსის ვარდნისას პროდუქციაზე ფასების მატება რა დროშიც აისახა, იმავე დროში უნდა დაიკლოს" - შოთა მურღულია
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსმა თანდათანობით გამყარება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი მიმდინარე წლის დასაწყისიდან განიცდის ეტაპობრივ ვარდნას, არჩევნების შემდგომ კი მასშტაბური ხასიათი მიიღო და მიმდინარე წლის 22 ივნისს 1 დოლარის ღირებულებამ 1.89 ლარსაც კი მიაღწია. ექსპერტთა განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა კომერციული ბანკების ანგარიშებზე უცხოური ვალუტის ნაშთების შემცირებამ გამოიწვია. ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად კი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების პროცენტის გაზრდა და დოლართან მიმართებაში ევროს გამყარება სახელდება. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ევროს გამყარებას თუ გაუფასურებას, ლარის კურსის ცვალებადობაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა ნაკლებად შეუძლია. საერთოდ, კურსის კორექტირება მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. ამჯერად სებ-ს სავალუტო ბაზარზე არსებული აჟიოტაჟის განსამუხტად ივნისში რეზერვის დაგეგმილ ოდენობაზე მეტის გაყიდვა მოუწია, რამაც სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია მართლაც რომ განმუხტა. სებ-ის ინფორმაციით, 24 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 მლნ დოლარი შეისყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1 აშშ დოლარი 1.851 ლარი, 29 ივნისის მონაცემებით კი 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 1.8497 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში სებ-მა 4 სავალუტო აუქციონზე 47 მლნ. აშშ დოლარი გაყიდა, რაც ბევრად განსხვავდება მაისის მონაცემებისგან, როდესაც სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა თანხამ 85 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა, საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის, გაჩნდა ეჭვი, რომ ლარის გაუფასურებით მავანმა და მავანმა დიდი ფული იშოვა. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზანი ბაზარზე პროდუქციის გაძვირების მაპროვოცირებელი უნდა ყოფილიყო, რათა სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლები მიეღო და მიიღო კიდეც, რადგან ლარის კურსის ვარდნის პერიოდში ბიუჯეტი დღგ-დან შესული გადასახადები საგრძნობლად გაიზარდა, რამაც მთავრობას ბიუჯეტის 231 მლნ ლარით გაზრდისკენ უბიძგა. ლარის მკვეთრი გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე მომენტალურად აისახა. გაძვირდა გამაგრილებელი სასმელები, რამდენიმე სახეობის ლუდი, საყოფაცხოვრებო ნივთები, გარკვეული სახეობის პროდუქტები თუ მედიკამენტები, თუმცა რამდენად სამართლიანად, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. რადგან თუ ლარის გაუფასურებას პროდუქციის გაძვირება სამართლიანად მოჰყვა, ლარის გამყარებისას გაძვირებული პროდუქტი კვლავ უნდა გაიაფებულიყო. "ლარის გამყარებისას, როგორც წესი, პროდუქციის ფასი ძველ ნიშნულზე არასოდეს აღარ ბრუნდება. ორი ნაბიჯით თუ იზრდება პროდუქციის ფასი, შემდგომ ერთი ნაბიჯით იწევს დაბლა. ასე რომ, ასეთ გარემოებას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნავს ექსპერტი სოსო არჩვაძე. "ლარის კურსის ვარდნისას პროდუქციაზე ფასების მატება რა დროშიც აისახა, იმავე დროში უნდა დაიკლოს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ბაზარი აჟიოტაჟმა მოიცვა. ეს იყო შიში და ფასების მატებამ პროცენტულად გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ლარის ვარდნა იყო. ლარის კურსის ვარდნა დაახლოებით თუ 10%-იანი იყო, ფასების მატებამ 15% შეადგინა", - აღნიშნავს ექსპერტი შოთა მურღულია. მართლაც, გაძვირებული პროდუქციის გაიაფებაზე დღეისთვის თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები საუბრობენ. მაგალითად, ფარმაცევტულმა კომპანია "პე ეს პე"-მ, ლარის კურსის ვარდნისას 7%-ით გაძვირებული მედიკამენტები ლარის გამყარებისას 4%-ით გააიაფა. "მედიკამენტების ფასი დამოკიდებულია უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის მიმართებაზე. თუ ლარის კურსი კიდევ გამყარდება, მედიკამენტებზე ფასები, შესაბამისად, დაიწევს", - განაცხადა "პე ეს პე"-ს გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგოლაშვილმა, 24 ივნისს კომპანიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ექსპერტთა მოსაზრებით, ფარმაცევტული კომპანიის მიერ მედიკამენტების გაიაფება ლარის კურსის ცვალებადობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. "ფასების დაწევა დავაბრალოთ არა ლარის გამყარებას, არამედ იმ სტრატეგიებსა და იმ გარკვეულ რეზერვებს, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას ფასების შემცირებისთვის," - აღნიშნავს სოსო არჩვაძე. მაგრამ, თუ მაინც და მაინც, პროდუქციაზე და ამ შემთხვევაში მედიკამენტების გაიაფებას, ლარის გამყარებას დავაბრალებთ, მაშინ რატომ სხვა იმპორტიორები არ აუბამენ მათ მხარს და ისინიც არ გააიაფებენ პროდუქციას, ან თუნდაც ის ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებმაც ლარის კურსის ვარდნა მომენტალურად ასახეს თავიანთ პროდუქციაზე? "რაც შეეხება პროდუქტზე ფასების დაკლებას, ბაზარი ამას თავისთავად დაარეგულირებს და ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება. ამ პერიოდში კი შიში იმისა, რომ ლარი შესაძლოა კვლავ დაეცეს, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს. ფარმაცევტული ბაზარი კი აბსოლუტურად სხვა ბაზარია, აქ სულ რამდენიმე კომპანია ოპერირებს. ესაა ოლიგოპოლური ბაზარი და, შესაბამისად, ოლიგოპოლურ ბაზარს თავისი რეგულირება სჭირდება. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა", - აღნიშნავს შოთა მურღულია. დღევანდელი გადასახედიდან, მიუხედავად ლარის გამყარებისა, ბაზარზე პროდუქციის გაიაფების ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა, შესაძლოა არც გაიაფდეს და არსებული ნიშნული შეინარჩუნოს კიდეც. თუნდაც იმიტომ, რომ ლარის კურსის ვარდნის საშიშროება კვლავ არსებობს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით კი არსებული სავალუტო რეზერვები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად იძლევა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მისი გონივრული და დროული გამოყენება მოხდება. მათივე განმარტებით, იმპორტიორების ნაწილი დამშვიდებულია, რადგან ლარის კურსის გაუფასურებამ მათი შემოსავალი გარკვეულწილად გაზარდა კიდეც.
თეონა ჭიტაძე
|