ნანახია: 462
მობილურით სატელეფონო საუბრები აქციზით დაიბეგრება
ხელისუფლება მობილური ოპერატორების ლობირებას განაგრძობს
ახალ საგადასახადო კოდექსში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის გაწეული შეღავათებით ბიუჯეტს რა შემოსავლებიც უნდა მოაკლდეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს დანაკლისი იმ კომპანიების დაბეგვრიდან უნდა ამოიღონ, რომლებიც, მათი თქმით "ზემოგებაზე" მუშაობენ. როგორც უკვე გაირკვა, ახალ საგადასახადო კოდექსში, აქციზის გადასახადი უწესდებათ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს და სასაუბრო წუთებზე მათ 10%-მდე გადასახადს დააკისრებენ. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს კი ამ გადასახადს გაუორმაგებენ (გარდა ღვინისა). საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, ერთ ლიტრ არაყზე აქციზის გადასახადი 3 ლარი იქნება, ლიქიორზე - 4,6 ლარი, ხოლო ლუდის მწარმოებლებს აქციზი 20-დან 40 თეთრამდე გაეზრდებათ. სპირტიანი სასმელების ადგილობრივი მწარმოებლები "გომი" და "სარაჯიშვილი" ამბობენ, რომ ისინი ცუდ დღეში აღმოჩნდებიან და ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. "ყაზბეგის" მფლობელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ აქციზის ზრდის გამო მას დღგ-ის სახითაც მეტი თანხის გადახდა მოუწევს. ამიტომ პროდუქციის თვითღირებულება თითქმის სამჯერ გაეზრდება. აქციზის გადასახადის გაორმაგება განსაკუთრებით ადგილობრივ მწარმოებელთა მდგომარეობას გააუარესებს, რადგან სპირტიან სასმელების იმპორტიორებს საბაჟო გადასახადს უმცირებენ. მთავრობაში ამბობენ, რომ მობილური კომპანიები დაბალ თვითღირებულებაზე მუშაობენ და ზემოგებას იღებენ, ამიტომ ბიუჯეტში მეტი უნდა შეიტანონ. კომპანიები კომენტარისგან თავს იკავებენ და უკვე რამდენიმე დღეა ფინანსთა სამინისტროსთან გაცხოველებულ კონსულტაციებს მართავენ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიაში გადასახადი უსამართლოდ მიაჩნიათ. როგორც კომისიაში ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მობილურით საუბარი აქციზით დაიბეგრება. კომპანიები აქციზის გადასახადს ხარჯთაღრიცხვისას გაითვალისწინებენ და არ არის გამორიცხული, ამას ტარიფების ზრდა მოყვეს. გაზრდილი ხარჯების ანაზღაურებას კომპანიები, ბუნებრივია, აბონენტებისთვის საფასურის გაზრდით შეეცდებიან. ეს მაშინ, როცა ბაზარზე ტარიფების კლება დაიწყო და კომპანიები მობილურით საუბრის გაიაფებასაც გეგმავდნენ. როგორც ჩანს, მთავრობა კომპანიებს ტარიფების შემცირებაში ხელს უშლის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ მობილური ტელეფონით საუბრის ღირებულება 10%-ზე მეტით გაიზრდება, რადგან აქციზი წესდება არა მოგებაზე, არამედ კომპანიის ბრუნვის მაჩვენებელზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: - "კოდექსს შემოაქვს ნორმა, რომ აქციზით შეიძლება დაიბეგროს მობილური კომპანიები. ამის შემდეგ უკვე მთავრობის კომპეტენციაა, დააწესოს მობილური კომპანიების ბრუნვაზე აქციზის გადასახადი 10%-ის ფარგლებში. განაკვეთის ოდენობას მარეგულირებელთან კონსულტაციის შედეგად განვსაზღვრავთ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ტარიფი გაიზარდოს. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, აქციზის გაორმაგება მის საცალო ფასს დაახლოებით 50-70 თეთრით გააძვირებს". ბატონო კახა, მობილურ ოპერატორებისთვის აქციზის დაწესების შემთხვევაში რა კანონიერი გზებით აპირებთ ტარიფების გაზრდაში ხელის შეშლას? მაგიდაზე მუშტის დარტყმით? თუ დედას დააფიცებთ? საერთოდ, ფინანსთა სამინისტრო, საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიმართ. ერთ-ერთი მათგანი "ჯეოსელისთვის" 101 მილიონის ჯარიმის ჩამოწერა იყო. მობილური ოპერატორი "ჯეოსელი" სადაგასახადომ 101 მილიონით დააჯარიმა. კომპანიამ ეს ჯარიმა შემდეგ საგადასახადო ორგანოს დავების საჭოში გაასაჩივრა, რომელმაც იგი ძალაში დატოვა. ამის შემდეგ კომპანიამ სანქცია ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გაასაჩივრა, და ჰოი საოცრებავ, "ჯეოსელს" 101 მლნ. ჯარიმა მთლიანდა გაუუქმეს. საინტერესოა დადგა თუ არა საგადასახადო სამსახურის იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ჯარიმა გამოწერა, რადგან ასეთი დიდი შეცდომა, მინიმუმ სამსახურიდან განთავისუფლებით უნდა მთავრდებოდეს. ხოლო თუ სადაგასახადოს თანამშორმლები არ შემცდარან, მაშინ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოშია სერიოზული ხარვეზები და მათი კომპეტენციის საკითხი უნდა დამდგარიყო ეჭვის ქვეშ, მაგრამ ეს საქართველოა. აქ ერთ დღეს ასტრონომიულ ჯარიმებს წერენ, ხოლო მეორე დღეს მათ სრულიად ანულირებენ. საინტერესოა. . . კარგი იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს ამ საკითხის განმარტებაც გაეკეთებინა, სადაა კომპეტენციის ნაკლებობა, საგადასახადოში და მის დავების საბჭოში, თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში. ხელისუფლება აქციზის გაზრდის (ან დაწესების) გადაწყვეტილებას მოსახლეობისადმი სოციალური ვალდებულებებით ხსნის. "ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი იყოს გათავისუფლებული გადასახადებისგან, ვინაიდან სახელმწიფოს აქვს უამრავი სოციალური ვალდებულება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახია, რომელიც თვიდან თვემდე ელოდება იმ სოციალურ დახმარებას, რომელსაც მას სახელმწიფო აძლევს და ამ სოციალური ვალდებულების შესრულებას სჭირდება ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მობილიზება. ამიტომ, ვარჩევთ ყველაზე ნაკლებად მტკივნეულ სფეროს, რომელიც, ერთის მხრივ, არ მოახდენს გავლენას მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და, მეორეს მხრივ, ეს არ იქნება ისეთი უსაშველო ტვირთი, რომელიც გამოიწვევს ამა თუ იმ ბიზნესის დახურვას", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი. ბატონო გია, რა სოციალურ ეფექტს მივიღებთ ბიუჯეტის შევსებით, თუ მისი შევსების პროპორციულად სხვადასხვა პროდუქტზე ფასები გაიზრდება? ხომ არ აჯობებდა მაღალი მოგების მარჟაზე მომუშავე კომპანიებს ფასები შეემცირებინათ? ეს უფრო მეტ სოციალურ ეფექტს ხომ არ მოიტანდა, ვიდრე ბიუჯეტის შევსება უბრალო ხალხის ჯიბიდან?
გოგა აბრამიშვილი
|