ნანახია: 493
დღგ-დან შემოსული გადასახადები 120 მლნ.ით იზრედბა მთავრობამ 2010 წლის ბიუჯეტს გადახედა და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეიტანა. მართლაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში ერთ-ერთ აქტუალურ თემას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 6 მლრდ 974 მლნ ლარამდე, 215 მლნ ლარით, იზრდება, საიდანაც 150 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე, დანარჩენი კი გრანტებზე მოდის. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 531.8 მლნ ლარით განისაზღვრა, ანუ მატებამ 68. 6 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 2010 წლისთვის შემდეგნაირად გამოიყურება: თუ 2009 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებულ 2010 წლის ბიუჯეტში, წლის ბოლოს, გადასახადებიდან 4 382 000.0 ლარი უნდა შესულიყო, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იგი 4 532 000.0 ლარამდე იზრდება. საშემოსავლო გადასახადიდან, 1 165 000.0 ლარის ნაცვლად, 1 195 000.0 ლარის შემოდინება იგეგმება. მოგების გადასახადს კი ცვლილება არ შეხებია და კვლავ 535 000.0 ლარით განისაზღვრება. არ შეცვლილა აქციზის გადასახადი - 538 000.0 ლარი. საბაჟო გადასახადი 74 000.0 ლარიდან 64 000.0 ლარამდე შემცირდა. სხვა გადასახადებიდან 31 000.0 ლარის ნაცვლად 41 000.0 ლარის შემოდინება იგეგმება. ხოლო, რაც შეეხება დღგ-ს, 150 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებიდან 120 მლნ ლარი სწორედ მასზე მოდის და 2 039 000.0 ლარის ნაცვლად, წლის ბოლომდე 2 159 000.0 ლარის შემოდინება იგეგმება. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას საზოგადოებაში ერთმანეთისაგან განსხვავებულ ახსნას უძებნიან. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტის ზრდას ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ, მაგრამ უფრო რეალურ სურათს იმ ექსპერტთა მოსაზრება წარმოადგენს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ზრდა ლარის გაუფასურებამ გამოიწვია და ამ მოსაზრებას ბევრი ფაქტორი უფრო ამყარებს. ამის ნათელ მაგალითს მიმდინარე წლის ბიუჯეტში დღგ-ს 120 მლნ ლარით გაზრდილი 2 159 000.0 მლნ ლარიანი გეგმა წარმოადგენს. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებული ზრდა სწორედ იმ ასპექტზე მოდის, რაც ბიუჯეტის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ წლის დასაწყისში, როცა ბიუჯეტი დაიგეგმა, ლარი დოლართან მიმართებაში 1.70 იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1.88-ია. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღნიშნავს, ლარის კურსის ცვალებადობა ბიუჯეტზე არა დადებითად, არამედ უარყოფითად აისახა. მისი თქმით, ბიუჯეტის გაზრდის დაბრალება ლარის კურსისთვის ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის შემოსავლები ლარშია და არა უცხოურ ვალუტაში. როგორც ჩანს, მინისტრი, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დღგ-ს გადამხდელი იმპორტიორები ქართული ბაზრის დაახლოებით 75-80%-ს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, იმპორტიორთა მიერ გადახდილი დღგ დღეს ლარებში გაცილებით დიდი თანხაა, ვიდრე ეს წლის დასაწყისში ბიუჯეტის დაგეგმვისას იყო ნაანგარიშევი. ამასთან, ლარი დოლართან მიმართებაში წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იქნება ბიუჯეტის შემოსავლების კვლავ ზრდისა. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადებს, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იგი 30 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან, რადგან საშემოსავლო - ფიზიკური პირის გადასახადია, ჩვენი ხელისუფლების ლოგიკით, საშემოსავლო გადასახადების ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ფიზიკური პირების შემოსავლის, ანუ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის ზრდა ამ შემთხვევაში, არანაირ კავშირშია დასაქმებულთა ზრდასთან, რადგან პირიქით, კადრების შემცირება დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში შესაძლოა გავითვალისწინოთ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული არაერთი პროექტი, რომელსაც საშემოსავლო გადასახადებით შემოსული თანხების ზარდა რეალურად შეეძლო, მაგრამ არა 30 მლნ ლარით. საშემოსავლო გადასახადის ზრდას ექსპერტები კვლავ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას უკავშირებენ. მაგალითად, როდესაც ლარი უფასურდება და მისი მსყიდველობითი უნარი ეცემა, დასაქმებულთა ნაწილის შრომის ღირებულება იმატებს, რაც საშემოსავლო გადასახადს ზრდის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის ხელახალი განხილვისას მოგების გადასახადის გეგმა არ გაზრდილა. გაზრდილი შემოსავლების პარალელურად, მთავრობის მიერ გაწეული ხარჯებიც თანდათან იზრდება, მაშინ როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები სახელმწიფო ხარჯებს ამცირებენ. დღეისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 20%-ით განისაზღვრება, რაც ნამდვილად ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. რადგან მეწარმესა თუ რიგით მოქალაქეს, ეკონომიკური აქტივობის გასაძლიერებლად თუ საკუთარი სოციალური საკითხების მოსაგვარებლად უფრო მეტი თავისუფალი კაპიტალი ესაჭიროება, ვიდრე დეფიციტითა და საბიუჯეტო ხარჯებით გამოწვეული ინფლაციური პროცესები. გარდა ამისა, 2010 წლის ბიუჯეტის ვალდებულებებიც იზრდება. მართალია, ხელისუფლება საგარეო ვალების კლების ტენდენციაზე საუბრობს, მაგრამ პარალელურად ზრდის საშინაო სესხს, იგივე ბანკებიდან აღებულს. როგორც ცნობილია, საგარეო ვალის აღების გეგმა, წინა წელთან შედარებით, 24.3 მლნ ლარით მეტია და 1 337.8 მლნ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, საგარეო ვალის ზრდაზე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამაც იქონია გავლენა, როს გამოც იგი კიდევ უფრო გაიზარდა. გარდა ამისა, 100 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფოს მიერ შიდა წყაროებიდან ასაღები სესხი, რომელიც მიმდინარე წელს 200 მლნ ლარით განისაზღვრება. საშინაო სესხის პროცენტი კი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საგარეო კრედიტის. ასე რომ, სახელმწიფოს რთული მდგომარეობიდან თავდასახსნელად გაზრდილი ბიუჯეტი გამოსავალი ნამდვილად არ არის. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მიერ გადასახდელების კომპონენტები შემდეგნაირად განისაზღვრა: თუ 2009 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებულ 2010 წლის ბიუჯეტში, წლის ბოლოს, ხარჯები 5 476 332.0 ლარით განისაზღვრებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იგი 221 450.6 ლარით გაიზარდა და 5 697 782.6 ლარი შეადგინა. არაფინანსური აქტივების ზრდა 997 023.1 ლარიდან 26 524.3 ლარით 970 498.8 ლარამდე შემცირდა. ფინანსური აქტივების ზრდა 86 934.1 ლარიდან 19 894.5 ლარით 106 828.6 ლარამდე გაიზარდა. ხოლო, რაც შეეხება ვალდებულებების კლებას, 199 41438 ლარიდან 31.2 ლარით გაიზარდა და 199 446.0 ლარი შეადგინა. თეონა ჭიტაძე
|