ნანახია: 650
ეროვნული ბანკის განცხადებით კი ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) გასულ კვირას ლარის გაუფასურების თემას და ამ პროცესისგან ეკონომიკაში გამოწვეულ უარყოფით შედეგებს კიდევე ერთხელ გამოეხმაურა. ახალგაზრდა ფინანსისტებმა მოიყვანეს კონკრეტული ფაქტები, რომლის თანახმადაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ლარის დევალვაციის მიზეზით ყველა მედიკამენტზე ფასი გაზარდეს. "არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) ლარის გაუფასურებას სახიფათო პროცესის დასაწყისად აფასებს. "აფბა" მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რისკების დროულად შეუფასებლობამ და სავალუტო ბაზარზე ჩარევაზე უარის თქმამ, ქვეყანაში პროდუქტების და მომსახურების მასიური გაძვირება გამოიწვია. სებ-მა ვერ უზრუნველყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება და ვერც ამ პროცესის დროში გაწელვა, რათა მის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე გაცილებით მსუბუქად ასახულიყო", - აღნიშნავენ ასოციაციაში. ამასთან "აფბას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "საქართველოს ეროვნული ვალუტა ზუსტად ერთ კვირაში 3-დან 10 ივნისამდე, აშშ დოლარის მიმართ 4,4%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის განცხადებები, რომ დოლარი ყველა ვალუტის მიმართ მყარდება და ლარის გაუფასურება სწორედ დოლარის სიძლიერემ გამოიწვია, არადამაჯერებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი ბოლო ერთი კვირის მანძილზე არა მხოლოდ აშშ დოლარის, არამედ ევროს, ფუნტი სტერლინგისა და აბსოლუტურად ყველა სხვა ვალუტის მიმართაც გაუფასურდა. მათ შორის, ლარი ყველაზე მეტად კანადური დოლარის, ავსტრალიური დოლარის და იაპონური იენის მიმართ, შესაბამისად, 6,1%, 5,7% და 5,2%-ით გაუფასურდა. თუმცა, როგორც აღინიშნა, ლარმა დევალვაცია, 3-10 ივნისის პერიოდში, აბსოლუტურად ყველა ვალუტასთან მიმართებაში განიცადა. მაგ.: ევრო - 3%; გირვანქა სტერლინგი - 4,1%; თურქული ლირა - 3,5%; ინდური რუპია - 4,6%; რუსული რუბლი - 3,1%; აზერბაიჯანული მანათი - 4,4%; თურქმენული მანათი - 4,4%; მოლდავური ლეი - 4,5%; სომხური დრამი - 4,7%; ტაჯიკური სომონი - 4,2%; უზბეკური სუმი - 4,2%; უკრაინული გრივნა - 4,5%; ყაზახური ტენგე - 4,1%; ყირგიზული სომი - 4,1%. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ევროს დოლართან მიმართებაში გაუფასურებას ლარის კურსის სისუსტეზე, ყველა სხვა ვალუტების მიმართ? კარგი იქნებოდა ეროვნულ ბანკს იმ ერთმანეთზე გაუგებარი განცხადებების გაკეთების მაგივრად ერთი კონკრეტული და საზოგადოებისთვის გასაგები განცხადება გაეკეთებინა და მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რა მოუვიდა ჩვენ ვალუტას ბოლო ერთი კვირის მანძილზე? რატომ გაუფასურდა იგი ყველა ვალუტის მიმართ? რატომ არ იქნა გამოყენებული ამ პროცესის მკვეთრი ხასიათის თავიდან ასაცილებლად სავალუტო რეზერვები (სებ-ს 1,7 მილიარდი დოლარის რეზერვები აქვს). საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რომ ლარის გაუფასურების ტემპი საგანგაშო არაა, იგი ეკონომიკაში უარყოფით მოვლენებს არ გამოიწვევს, კომპანიებმა ფასების ზრდით უპასუხეს. თავიანთ პროდუქციაზე ფასების ზრდა ერთ-ერთი პირველებმა ფარმაცევტებმა ასახეს. 9 ივნისს საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სამმა მსხვილმა კომპანიამ ერთდროულად (?!) გააძვირეს ყველა დასახელების მედიკამენტი, საშუალოდ 7%-ით. მაგ.: აპიპეპატი - 7,37%; აპილაკი - 6,57%; ზინატეფი - 7,57%; ზოფრანი - 7,42%; ვოლტარენ ემულგელი - 7,17%, ზინატი - 7,43%; დეპაკინი ხრონო - 7,44%; 5-ნოკი - 6,9%, ატფ - 6,7%; ა-ფერინი ფორტე - 7,27%, ალბუმინი - 7,42%; ალთეს სიროფი - 7,8%, დიკლოფეროლი - 7,4%; ბისაკოდილი - 8,33%; ბენეფოსი - 7,4%, ბონჯიგარი - 8,33%; ბრომეგექსინი 4მგ/60 მლ - 8,7%; ბრომგექსინი 8მგ #50ტ - 9%; გენეტამიცინი - 8%; გეპარინი - 7,9%; აზალეპტინი - 8,47%; აისოლი - 8,59% და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების გაძვირება ლარის გაუფასურების დაწყებიდან ზუსტად 6 დღეში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ კომპანიებს წამლების გარკვეული მარაგები უნდა ჰქონოდათ, რადგან მედიკამენტების იმპორტი წელიწადში რამდენიმეჯერ ხორციელდება, მაგრამ არა ყოველკვირეულად და ყოველდღიურად. შესაბამისად, წამლების გაძვირება შესაძლებელია პერიოდულად მომხდარიყო, მაგრამ ფარმაცევტებმა ზედმეტ თავისტკივილს ყველა მედიკამენტის ერთი ხელის მოსმით გაძვირება არჩიეს. როგორ მოხდა ეს ყველა კომპანიის მიერ ერთდროულად, თუ კარტელურ გარიგებას არ აქვს ადგილი, ვერავინ ამბობს შესაბამისი უფლებამოსილი პირებიდან. ლარის კურსის 4,4%-ით გაუფასურების მიუხედავად, როგორც უკვე აღინიშნა მედიკამენტების გაძვირებამ საშუალოდ 7%-ი შეადგინა. თუმცა დაფიქსირდა ისეთი ფაქტებიც, როცა ზოგიერთი წამალი 10% და 15%-ითაც გაძვირდა. მაგ.: დიმედროლი - 14%; ბორის სპირტხსნარი - 10%; ბორის მჟავა - 11,1% და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებიც გაძვირდა. პროცენტულად ზუსტად იმპორტირებული წამლების მსგავსად. ჩვენთვის ამიერიდან უცნობია საჯარო ინფორმაცია - კომერციული ბანკების მიერ მოთხოვნილი დოლარის რაოდენობა. სებ-მა ეს ინფორმაცია ვებ-გვერდიდან მოხსნა. მოტივი ფანტასტიკურია - სებ-ი აცხადებს, რომ ხდებოდა ამ ინფორმაციის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია(?!). ზემოთ აღნიშნული ფაქტებზე დაყრდნობით "აფბა" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, რათა გადადგან ქმედითი ნაბიჯები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მიმართონ საგანგებო ზომებს, რათა შეთანხმებული მოქმედებითა და კოორდინირებული გზით თავიდან იქნას აცილებული ეროვნული ვალუტისა და ეკონომიკის კოლაფსი. ამ პროცესის შედეგად გამოწვეული უარყოფითი ტენდენციები სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას".
ადა ექიზაშვილი
|