ნანახია: 1072
ექსპორტიორებს რეალური დახმარება სჭირდებათ
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,8 მლრდ. დოლარს გადააჭარბა
საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის სტიმულირება წარმოადგენს, რამაც ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების შემდგომ გაფართოებას. საქართველო საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურად 1992 წლიდან ერთვება. აქედან მოყოლებული 2008 წლამდე საქართველომ ვერ შესძლო საექსპორტო და გნებავთ, საიმპორტო გეოგრაფიის შეცვლა. აქამდე უცვლელი პარტნიორი რუსეთი იყო და 2007 წელს, რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, საგარეო ეკონომიკურ ბრუნვაში ამ ქვეყანას მეორე ადგილი ეკავა. მხოლოდ ომის შემდგომ, 2008 წლის 9 თვის შედეგების მიხედვით, რუსეთმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. დღეს მას აზერბაიჯანი ჩაენაცვლა. ნომერ მეორე პარტნიორი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში უკვე თურქეთია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რეალურად 2007 წელს, როცა ბევრ პროდუქტზე რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა, საქართველომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლაზე. მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის და ევროპის მხრიდან GSP თუ GSP+ს რეჟიმის საქართველოსთვის მინიჭების შედეგად, მიღებულ შეღავათებს ჩვენს საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე დიდად არ უმოქმედია. 2008 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6531,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქედან ექსპორტი 1352,0 მლნ. ხოლო იმპორტი 5179,2 მლნ. აშშ დოლარია. ამ პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3827,2 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 759,5 მლნ-ით მეტია. სამწუხაროდ, იმ განცხადებების პარალელურად, რასაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, 2008 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი მხოლოდ 21, ხოლო უარყოფითი 104 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის დსთ-ის 4 ქვეყანაა და მათზე მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 29,5% მოდის. ამ წლის მონაცემების მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 1037,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 47,8%-ით მეტია. თურქეთთან საგარეო ვაჭრობის გაზრდას მომავალშიც უნდა ველოდოთ, რადგან 1 ნოემბრიდან საქართველოსა და ჩვენს სამხრეთელ მეზობელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. იმ პირობებში, როცა ქვეყანას ასეთი მოცულობის უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს, ეროვნული ბანკი, თითქოს ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ლარს აუფასურებს დოლართან მიმართებაში. ზოგადად, ასეთი პოლიტიკა ექსპორტის ხელშემწყობია, თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება თანდათანობით დროში გაწელილი პროცესი იქნება. რადგან, ამის შედეგად, ქართული პროდუქცია უფრო იაფია, ვიდრე უცხოური, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოებისა და შესაბამისად, ექსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. 2008 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის შორის "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ". ერთი შეხედვით ასეთი ვაჭრობის პირობები ქართველი მეწარმეებისათვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ ამან შეიძლება ჩვენი სოფლის მეურნეობა და მეწარმეობა საბოლოოდ გაანადგუროს. მიზეზი მარტივია, ქართული პროდუქცია კონკურენციას ვერ გაუწევს თურქულ საქონელს, რომელიც უფრო იაფია. ქვეყნისათვის თავისუფალი ვაჭრობა მაშინაა მომგებიანი, როცა ამ ქვეყნის პროდუქცია კონკურენტუნარიანია და მას პარტნიორი ქვეყნის პროდუქციისაგან ბაზრიდან განდევნის საშიშროება არ ემუქრება. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულებით, ფაქტიურად, ხელი შეუწყო უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდას. ექსპორტის მომგებიანობაზე გადამწყვეტ გავლენას პარტნიორი ქვეყნის სავაჭრო რეჟიმი ახდენს, რომელიც, როგორც წესი, დიფერენცირებულია და ამდენად, პარტნიორ ქვეყნებთან ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმის დამყარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ვაჭრობის შემდგომი გაფართოებისთვის. ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ევროკავშირის GSP-ს სქემის დამატებითი პრეფერენციების ე.წ. GSP+ სისტემა და იგი, სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც გავრცელდა. ეს შეღავათები წინა კვირაში კიდევ სამი წლით გახანგრძლივდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ევროკავშირის ახალი GშP+-ის სისტემა, იძლევა საშუალებას, რომ ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს ნულოვანი საბაჟო განაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე, ქართველმა მეწარმეებმა დღემდე ვერ შეძლეს ამ ბაზრის ათვისება. ამის ძირითად მიზეზად კი ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ევროპელთა მოთხოვნებს. ევროკავშირს დაწესებული აქვს გარკვეული მოთხოვნები იმპორტიორებისათვის, რასაც ყველა უნდა აკმაყოფილებდეს. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობამ 2011 წლამდე გადადო კანონის "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" მიღება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლამდე ქართველი მომხმარებელი დაუცველი იქნება უხარისხო პროდუქციისაგან, ხოლო ადგილობრივი მეწარმეები ვერ შეძლებენ საქონლის ევროპულ ბაზარზე გატანას. ყველაფრი ამის შედეგად კი საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო იზრდება. ასე რომ, ის პოპულისტური განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობოს გზაზეა, ექსპორტი იზრდება, ჩვენი ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში წამყვა პოზიციებზეა და ომმა მას ვერაფერი დააკლო, რეალობას არ შეესაბამება. თუ ომამდე ქვეყნის ასეთი მოცულობის უარყოფით სალდოს, ასე თუ ისე, უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები აბალანსებდა, ომის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციები თითქმის აღარ შემოდის და ჩვენს გაჭირვებულ სახელმწიფოს ისღა დარჩენია უცხოეთში, ქვეყანაში შექმნილი აუტანელი პირობების გამო, წასული ადამიანების იმედად დარჩეს, რადგან სწორედ იმ ხალხის მიერ წვალებით ნაშოვნი და შემდეგ აქ გამოგზავნილი ფულით ქვეყნის ასეთი მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო უნდა დაბალანსდეს.
შოთა ბუჩუკური
|