ნანახია: 910
საზოგადოებამ უნდა იცოდეს - როგორ დაიხარჯება დონორების მიერ გამოყოფილი 4,5 მილიარდი
ომისშემდგომი კრიზისისგან თავის დასაღწევად, საერთაშორისო დონორებმა საქართველოს 4,5 მილიარდის ოდენობის ფულადი რესურსები გამოუყო. ეს გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიიღეს. ამ თანხას 38 ქვეყანა და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია 2008-2010 წლებში გამოყოფს. ქართველი ექსპერტების საერთო შეფასებით, ეს დახმარება ჩვენს ქვეყანას ომისშემდგომ ვითარებაში და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, მართლაც სერიოზულ შვებას მისცემს. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ეს ფული მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. ექსპერტების დიდი ნაწილი, არსებული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ეჭვობს, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი სახელისუფლებო ლაბირინთებში უკვალოდ გაქრება. ეს საკითხი თავის დროზე თვით დონორებმაც წამოწიეს, რასაც საქართველოს მთავრობამ კონტროლის პალატის სტრუქტურული რეფორმით უპასუხა. ამ სახელმწიფო უწყების მუშაობას ქართველი ექსპერტებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. "ამ თანხების მიზნობრივად ხარჯვის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას იძენს კონტროლის პალატის სწორი მუშაობა. მართალია, დღესდღეობით ეს სტრუქტურა სარბიელზე თითქმის აღარ ჩანს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის არ "მომკვდარა" და მხოლოდ "სძინავს", - ეს განცხადება აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ნოემბრის დასაწყისში გააკეთა. სწორედ ამ განცხადებას დაემთხვა მთავრობაში კონტროლის პალატის შესახებ რეფორმის ინიცირება. დონორების მიერ გამოყოფილი 4,5 მილიარდის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო". ამ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ კვლევაში ნახსენებია, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულებაა. კვლევაში წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ამ დახმარების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი და აქტუალური ინფორმაციის ამჟამინდელი დეფიციტი საჯარო სფეროში ამცირებს დახმარების გამოყოფის პროცესის გმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ხარისხს და ზღუდავს დემოკრატიული პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ" ამ დახმარების შესახებ ძირითადი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გთავაზობთ კვლევის შედეგებს.
ძირითადი დონორები ამ თანხიდან 2 მლრდ. დოლარზე ოდნავ მეტი ცალკეულ ქვეყნებსა და ევროპის კავშირზე მოდის. მარტო ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაახლოებით იმავე ოდენობის დახმარებას დაჰპირდა, რასაც ყველა სხვა დონორი ქვეყანა ერთად აღებული. საქართველოსთვის დაპირებული დახმარების თითქმის სამი მეხუთედი, ანუ 2,4 მლრდ. დოლარზე მეტი, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებზე მოდის.
გრანტებისა და სესხების ხვედრითი წილი დახმარების სახით გამოყოფილი თანხა საჩუქარი არ არის. დაახლოებით 2 მლრდ. დოლარი, ანუ საქართველოსთვის დაპირებული მთლიანი დახმარების თითქმის ნახევარი, სესხებზე მოდის, რომელთა დაბრუნება ქართველ გადასახადების გადამხდელებს მომავალ წლებსა და ათწლეულებში მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ორი მიზეზი, ამ ახალი სესხების მიღების მიუხედავად, თუ რატომ არ აღმოჩნდება საქართველო ვალების მახეში. უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული სესხები ძალზედ შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ხშირად მხოლოდ ერთი პროცენტია, საშეღავათო პერიოდები ხანრგძლივია, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დაფარვის საბოლოო ვადა ზოგიერთ შემთხვევაში 40 წელს შეადგენს. ამას გარდა, ვალის გასტუმრების გრაფიკების შეცვლის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სესხების სფეროში გატარებული გონივრული პოლიტიკის წყალობით საქართველოს საგარეო ვალი ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 16% შეადგენს. დონორთა კონფერენციაზე განხილული სამწლიანი პერიოდის დასასრულს საგარეო ვალი, სავარაუდოდ, კვლავაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე ნაკლები იქნება. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა პიკს, სავარაუდოდ, 2013 წელს მიაღწევს, თუმცა, მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ 35% ზღვარზე გაცილებით დაბლა იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 50% აღემატებოდა.
პრიორიტეტული სექტორები
მსოფლიო ბანკის მიერ მოწოდებული ერთგვერდიანი სიის თანახმად, კონფერენციაზე დაპირებული დახმარების ორი მესამედი შემდეგ ოთხ სექტორზე მოდის: · საბანკო სისტემა · ტრანსპორტი · ბიუჯეტი და მაკრო-საფინანსო დახმარება · ენერგეტიკა დაპირებული თანხიდან 766 მლნ. დოლარი ჯერჯერობით არ გადანაწილებულა კონკრეტულ სექტორებზე.
დაპირებული და რეალურად გამოყოფილი თანხების თანაფარდობა მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერთმანეთისაგან განვასხვავოთ დონორთა დანაპირები და მათ მიერ რეალურად გამოყოფილი თანხა. ზოგიერთ შემთხვევაში, დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება დონორი ქვეყნის პარლამენტმა არ დაამტკიცოს. აგრეთვე შესაძლებელია, რომ დონორებს ჰქონდეთ შესაბამისი თანხები, მაგრამ ვერ მოახერხონ მათი გამოყოფა ისე სწრაფად, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. საქართველოს შემთხვევაში დღეისათვის არსებული მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ძირითადმა დონორებმა, როგორც ჩანს, უკვე გამოყვეს ბრიუსელის კონფერენციაზე გამოთქმული დაპირებების თანახმად, 2008 წლისათვის გათვალისწინებული თანხები. თუმცა, როდესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" უშუალოდ დაუკავშირდა დონორებს, რათა დაედგინა, თუ რომელ სექტორებს გამოუყვეს მათ დაფინანსება 2008 წელს, აღმოჩნდა, რომ არსებობს დიდი განსხვავება კონფერენციის მსვლელობისას ამა თუ იმ სექტორისთვის დაპირებული დახმარების ოდენობასა და ამავე სექტორებისთვის დონორთა მიერ ადგილზე გამოყოფილი თანხების ოდენობას შორის.
ლევან მარტაძე
|