ნანახია: 1147
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა
თაკარა მზის ქვეშ მყოფი საქართველოს მთავრობა, ამავე სახელწოდებით შექმნილ პროექტში, მორიგი კრიტიკისა და მხილების საფუძველი გახდა. სულ ახლახანს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგია შეფასებული. შედეგები საგანგაშოა. უკიდურეს შემთხვევაში, დამაფიქრებელი. პრეზიდენტის 25 მილიონიანი ფონდი, შესაბამისი წესის გათვალისწინებით, ანუ მიზნობრივად, "ახალგაზრდა იურისტების" კვლევის თანახმად, მხოლოდ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯა, გადახარჯვამ კი 13 მილიონი შეადგინა. მთავრობის სარეზერვო ფონდში გადახარჯვა გაცილებით მეტია – 71 მილიონი, თუმცა მიზნობრივად აქაც მთელი თანხის მხოლოდ 7% დაიხარჯა. ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში, ასეთი ინფორმაცია სერიოზული სამთავრობო კრიზისის და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთების საბაბი გახდებოდა, მაგრამ ჩვენთან ამ "ისტორიამ” შეუმჩნევლად ჩაიარა. მხოლოდ რამდენიმე მახვილსიტყვაობის მოყვარული "ღადაობს" იმაზე, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა პრომეთეს (იქნებ ამირანის!) ქანდაკების დადგმა ცირკთან, "ჩელუსკინელების" ხიდის მახლობლად, თუმცა, ამაზე დიდი საგანგებო ვითარება განა იყო 2007 წელს? დიახ, საკითხავია ესეც და ძალიან ბევრი რამ, რაც წარმოდგენილ ანგარიშში ბევრ კითხვით ნიშანს აჩენს. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტმა 25-მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან 2007 წლის განმავლობაში, 37 978 634 ლარი დახარჯა, რაც დასაშვებს 12,9 მილიონი ლარით აჭარბებს. ამ მხრივ, არც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი გახდა გამონაკლისი. აქ დარღვევებმა მასშტაბური სახე მიიღო. გადახარჯვამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის სარეზერვო ფონდიც, რომელიც 25 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, 2007 წლის პირველ ნახევარშივე ათვისებულ იქნა ფონდის საერთო ბიუჯეტზე მეტი მოცულობით – 26 768 713 ლარით. მთავრობის სარეზერვო ფონდში, სადაც სახსრების გამოყოფა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, წლის ბოლოს ასეთი კანონდარღვევით გამოყოფილმა სახსრებმა, სულ 71 მილიონ ლარი შეადგინა. სად იხარჯებოდა თანხები? ანგარიშის მიხედვით ასეთი სურათი გვაქვს: პრეზიდენტის ფონდიდან - მივლინებები და ოფიციალური ვიზიტები - 175 800 ლარი; კულტურული და გასართობი ღონისძიებები – 3 205 137 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 7 410 837 ლარი; ადგილობრივი თვითმმართველობები – 3 978 399 ლარი; ტერიტორიული ერთეულები – 12 587 176 ლარი; ჯილდოები – 1 654 333 ლარი; მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო ღონისძიებები – 3 454 646 ლარი; სტიპენდიები და დახმარებები – 300 000 ლარი; საგანმანათლებლო პროგრამები – 1 000 000 ლარი; სტიქიური უბედურებები – 150 00 ლარი; სხვა ღონისძიებები – 289 818 ლარი. ანალოგიური ტიპის დაფინასების ჩამონათვალია მთავრობის სარეზერვო ფონდის დანახარჯისთვისაც. მაგალითისთვის, რამდენიმე დეტალს გამოვყოფდით. როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის კისერზეა ყბადაღებული პრომეთეს ქანდაკების განთავსების მიზნით, ქანდაკების ესკიზური პროექტის შედგენა – 20 000 ლარით, მუსიკალური კონკურსის "პატრინოტის" გაგრძელებისა და სატელევიზიო ვერსიის შექმნისთვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება – 60 000 ლარით, ამავე კონკურსში გამარჯვებული სიმღერისთვის კლიპის შექმნა – 57 000 ლარით, აგრეთვე სიმღერის "გამარჯობა, აფხაზეთო შენი!" ვიდეო-კლიპში მონაწილე მომღერლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა – 39 000 ლარით, პატრიოტული სიმღერების ნაკრების ავტორებს ფულადი ჯილდოების გადაცემა – 14 000 ლარით, მომღერალ ტოტო კუტუნიოს კონცერტის ტრანსლაციის უფლების შესყიდვა – 166 970 ლარით. უკვე აღარ ვსაუბრობთ რამდენჯერ რამდენი დაიხარჯა პარლამენტის წევრების მივლინებებისას საზღვარგარეთ, ან თუ გნებავთ, ბორჯომის ცენტრალური პარკის განათება, დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება, სიღნაღის რეაბილიტაცია და საზეიმო გახსნა, გორში ჩოგბურთის კორტების მშენებლობა, ზუგდიდში გარე ფასადების შეკეთება, ევროვიზიის კონკურსში საქართველოს მონაწილეობა. ცხადია, ნებისმიერი საკითხი და გადაჭრილი პრობლემა მისასალმებელია, მაგრამ როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდს აქვს განხორციელების სამართლებრივი დათქმები და კონკრეტული გარემოებები. კანონში: "საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ" მე-13 მუხლში, რომელიც ერთადერთი ნორმაა ქართულ სამართლებრივ სივრცეში სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ფორმირებისა და განკარგვის პროცესის დარეგულირების შესახებ, წერია, რომ "საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები." აქვე აღნიშნულია, რომ "ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს. აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობისა და პირობების შესაბამისად." რომელი იყო ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი შემთხვევები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ხასიათის ან გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულების მქონე, ეს უკვე განსჯისთვის მკითხველს მივანდოთ. 2007 წელს საქართველოში მომხდარი 29 სტიქიური მოვლენიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მხოლოდ ერთი დააფინანსა, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები მოხმარდა მხოლოდ ორი სტიქიური მოვლენის პრევენციული სამუშაოების შესრულებას. როგორც ვხედავთ, პრიორიტეტული მიდგომები იმთავითვე ცხადია, ხოლო ქვეყანაში, სადაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სოციალურად შეჭირვებული და დაუცველია, ძლიერთა ამა სოფლისათა ფონდების სხვა მიმართულებით გახარჯვა, ვგონებთ, უფრო უპრიანი უნდა იყოს. ფონდების თემა ჩვენს სინამდვილეში არაერთხელ გამხდარა განხილვისა და ცხარე დებატის საფუძველი. საზოგადოებას არაერთხელ დაუყენებია ეჭქვეშ დახარჯული მილიონები და ასეთი ფონდების გამჭვირვალობა. ბოლო დრომდე, ვიდრე აგვისტოს ომი მოხდებოდა, მესამე სექტორის წარმომადგენლები, აქტიურად საუბრობდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცის სამინისტროების ბურუსით მოცული სარეზერვო ფონდების ფინანსურ გადანაწილებებზე, თუმცა თემა დაიხურა, ან უნდა ვივარაუდოდ, რომ შეიძლება პოლიტიკური რეიტინგისთვის, სადღეისოდ, უფრო სხვა საკითხები გახდა საჭირო. დღეს აქტუალური მთავრობის პოლიტიკის კრიტიკაა, შესაბამისად, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ხელისუფლების სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული ყველა ისეთი გადაცდომის გამომზეურება, რომელიც ხალხს რეალობას უჩვენებს. საიას ეს ანგარიში უკვე რიგით მერვე დოკუმენტია, რომელიც თავის მიერ დაფიქსირებულ თითოეულ ვარაუდს სამართლებრივი ნორმით ასაბუთებს, რაც ობიექტურობისა და სანდოობის ხარისხს ზრდის და საკითხით სპეკულირების საშუალებას გამორიცხავს. ეს ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებით 2005 წლიდან მუშაობს, აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული მონიტორინგის მნიშვნელობა განსაკუთრებულ აქტუალობას დღეს იძენს, როცა ომის შემდგომი პერიოდის საქართველოსთვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარება, კვლავ ფონდების ანაბარად შეიძლება იქცეს. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის განხორციელებისას, ასოციაცია მრავალ დაბრკოლებას წააწყდა. საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობისას ირღვეოდა ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები და, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი უარის გამო, შეუძლებელი ხდებოდა გამოთხოვილი ინფორმაციის მოპოვება. ასოციაციამ ვერცერთხელ ვერ მიიღო პრეზიდენტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული განკარგულება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. ამ ვალდებულებას ამტკიცებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის თანახმადაც: "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა." ასოციაციამ პრეზიდენტის განკარგულების ასლები ვერც ფინანსთა სამინისტროსაგან მიიღო. სარეზერვო ფონდებიდან პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შესაბამისი სახსრების გამოყოფას, სწორედ ფინანსთა მინისტრი ახდენს. მეტიც, დოკუმენტაცია ვერც საქართველოს კონტროლის პალატისაგან იქნა მიღებული. აღმოჩნდა, რომ ფინანსური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არ ფლობს არანაირ დოკუმენტაციას თავისი მონიტორინგის ობიექტის შესახებ. პალატის 2007 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შეფასება არც კი არის მოცემული. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტროლის პალატას ასეთი შემოწმება არც კი განუხორციელებია ან შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ფონდებიდან სახსრების განკარგვა კანონიერად და მიზანშეწონილად ხდებოდა. თუმცა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონიტორინგის შედეგად დისკრეციული უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი, განკარგულებების დაუსაბუთებლობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემებია გამოვლენილი. და რაც ყველაზე საგანგაშოა, გამოვლენილი ფაქტები კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.
არჩილ კაიკაციშვილი
|