დავალიანების მქონე პირს, მხოლოდ ოთხი კვირის სამყოფ საკვებს დაუტოვებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დავალიანების მქონე პირს, მხოლოდ ოთხი კვირის სამყოფ საკვებს დაუტოვებენ
ნანახია: 1135

პრობლემური სესხის მქონე ადამიანს თუ მისი ოჯახის წევრებს სხვა არაფერი დარჩებათ, თუ არა დატოვონ ქვეყანა

ვადაგადაცილებული სესხების პრობლემამ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ეკონომიკაში კრიზისის დასრულება "გამოაცხადა", თითქოს, სიმწვავე დაკარგა. მით უფრო, როდესაც ბანკების საუბრის ახალი რიტორიკის თანახმად "კრედიტინფოს" "შავ სიაში" ნეგატიური ჩანაწერების კლების ტენდენცია ფიქსირდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, დათვლის მეთოდიკა შეიცვალა, რეალური პრობლემა და მისი ყველაზე მწვავე ფაქტორები უცვლელი დარჩა.
ბოლო მონაცემებით, "კრედიტინფოს" სიაში ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. ამის შემდეგ კი საუბარი კლების ტენდენციაზე მიდის. ამ პერიოდიდან ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობას აღარ ასახელებენ, ქვეყნდება მხოლოდ ზრდის ან კლების ტენდენციის პროცენტული მაჩვენებლები. თუმცა, საკითხის ასე დასმით პრობლემა რეალურად არ გადაწყვეტილა, ის უბრალოდ მიიჩქმალა. იმ დროს, როდესაც ბანკები ახალ კრედიტებს, პრაქტიკულად, არ გასცემენ, ჩანაწერები მხოლოდ პოზიტიური ისტორიის მქონე მსესხებლებით იზრდება, შესაბამისად, "გაფუჭებული" სესხები არ შემცირებულა, მხოლოდ გაცემული სესხების რაოდენობაში შემცირდა მათი ხვედრითი წილი, ისიც მცირედით.
ვადაგადაცილებული სესხების პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სოციალური მხარეა. ე.წ. "ცუდი" სესხების 80% თითოეული 5000 ლარამდე მოცულობისაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ისეთ ადამიანებს შეექმნათ პრობლემა, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ, ანუ ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა ყველაზე მეტად მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენებს აწვება.
"ცუდი" სესხების მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში, ყველაზე მეტად მცირე და საშუალო სექტორს უჭირს. აქვე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორედ მცირე და საშუალო სექტორს აკისრია ყველაზე დიდი სოციალური დატვირთვა, ვინაიდან მასზე პირდაპირ არის მიბმული დასაქმების პრობლემა.
პრობლემური მსესხებლები, მას შემდეგ რაც მათი კრედიტები მოხვდა "კრედიტინფოს" "შავ სიაში", უახლოესი 7 წლის მანძილზე კარგავენ კომერციული ბანკებიდან კრედიტის მიღების შანსს (ესეც იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სესხების დაფარვას როგორმე შეძლებენ), ეს კი შექმნილ სიტუაციაში, მათ კომერციული საქმიანობის, ანუ ლუკმა-პურის შოვნის შანსს უკარგავს. მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბანკისგან კრედიტს საშუალოდ ოჯახიდან ერთი ადამიანი იღებდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ "შავ სიაში" მოხვედრილი ადამიანების უკან მათი ოჯახები დგას, რაც რეალურად იმის გააზრებისკენ გვიბიძგებს, რომ პრობლემას ვუწოდოთ სახელმწიფოებრივი.
ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა მწვავედ დგას ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეკონომიკური განვითარების პროცესიდან ასეულობით ათასი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის ამოგდება, საქართველოს ეკონომიკისთვის მწვავე დარტყმა იქნება. გავიხსენოთ ის, რომ თავის დროზე სესხები აღებული აქვთ ყველაზე აქტიურ და სიტუაციაში გარკვეულ, მიზანმიმართული ქმედების უნარის მქონე ადამიანებს, ასეთი ადამიანებისთვის ხაზის გადასმა და მათი უგულებელყოფა კიდევ უფრო შეამცირებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას და მატერიალური დოვლათის შექმნას.
ამ ადამიანების, კიდევ უფრო, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანაში შემცირდება შიდა მოხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად გაურთულდება საქმიანობა სხვა ეკონომიკურ აქტორებს.
ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა უშუალოდ ეხება საბანკო სისტემას. უნდა ითქვას, რომ კომერციული ბანკებისთვის ეს პრობლემა ნაკლები სიმწვავით დგას. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბანკები პოტენციურ კლიენტებს კარგავენ, რაც მათ საქმიანობას, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვნად შეზღუდავს, მათ მთლიან საკრედიტო პორტფელში, პრობლემური სესხების წილი არც თუ მაღალია, მით უფრო როდესაც, ბანკები აფიქსირებენ არა სესხების რაოდენობას, არამედ ერთიან თანხაში გამოხატულს. ანუ ბანკები, სიტუაციას უყურებენ საკუთარი პოზიციიდან, რაც პრობლემის სოციალურ-ეკონომიკურ სიმწვავეს არ აკნინებს.

პრობლემის გამომწვევი მიზეზები
ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების პრობლემის ასე მწვავედ დადგომა რამდენიმე ძირეულ მიზეზთან არის დაკავშირებული.
მსოფლიო ფინანსური კრიზისი - მსოფლიო ფინანსური კრიზისი სხვადასხვა მასშტაბებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომელთა ეკონომიკის ძირითადი საფუძველი ფინანსური სისტემა გახლდათ.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის მოდელის შეფასება სხვა მსჯელობის თემაა, თუმცა აქვე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების ეკონომიკა სწორედ ქართულ საფინანსო სექტორზე გახლდათ დაფუძნებული. ფინანსური კრიზისის პირობებში ქართული კომერციული ბანკებისთვის უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვა უფრო უნდა გართულებულიყო, თუმცა, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დონორების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ ეს პრობლემა გარკვეულწილად მოხსნა.
ფინანსური კრიზისის პირობებში, მთელს მსოფლიოში გავრცელებულმა იმპულსებმა და ტენდენციებმა, ქართულ საბანკო სისტემაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა, შეიცვალა ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა, მათ შორის, რისკების შეფასების კრიტერიუმები, იგი გაცილებით კონსერვატული გახდა. სხვა მსჯელობის თემაა, კარგია ეს თუ ცუდი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებამ შეამცირა ეკონომიკური აქტივობა.
ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ დღეს შექმნილ სიტუაციიაზე ყველაზე მთავარი გავლენა მოახდინა.
ეროვნული ბანკი - ხელისუფლების ინიციატივით, მოხდა ეროვნული ბანკისთვის კომერციულ ბანკებზე ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება, რამაც განაპირობა ბანკების კიდევ უფრო მეტად "გათამამება" და მისცა მათ საშუალება გამოეცხადებინათ "უგზოუკვლო" საკრედიტო ბუმი. სწორედ ამ მიმართულებით იკვეთება მთავრობისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი შექმნილ მდგომარეობაზე, რაც უთუოდ უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ მიზეზად შექმნილ მძიმე ვითარებაში. ამ არასწორი პოლიტიკის შედეგმა არ დააყოვნა და 2008 წლის მეორე ნახევრიდან ბანკებს სერიოზულად გაუჩნდათ კრედიტების ამოღების პრობლემა.
სახელმწიფო პოლიტიკა - ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების მთავარი ორიენტირი გახდა ვირტუალური და არა რეალური ეკონომიკის შექმნა. უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირებამ, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ პრივატიზაციაზე და არა წარმოების შექმნაზე, ქვეყნის ეკონომიკა გარეგანი ფაქტორების მიმართ ძალიან მგრძნობიარე გახადა, რის გამოც ეკონომიკამ ვერ შეძლო ისეთი სერიოზული ნეგატიური მოვლენების მიმართ სასურველი სიმტკიცის გამოჩენა, როგორიც იყო მსოფლიო საფინანსო კრიზისი და რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი. მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, ინვესტიციების შემოდინების შეჩერებამ, უკიდურესად შეზღუდა ეკონომიკური აქტივობა. ამას დაერთო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რომლის შემდეგაც, ნულამდე დაეცა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა.
სახელმწიფო პოლიტიკა პრობლემასთან მიმართებაში - ცალკე პრობლემად გამოვყავით ვადაგადაცილებული სესხებისადმი სახელმწიფოს მიდგომა. სახელმწიფოს მიერ უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემის არაღიარება და სირაქლემას პოზიცია, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის შექმნილ ვითარებას და ართულებს სწორი ორიენტირების გაკეთების შესაძლებლობას, ზღუდავს ეკონომიკური აქტივობის განახლებას და შოკიდან გამოსვლას.
კომერციული ბანკები - 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკის ზრდას საბანკო სექტორის სწრაფმა განვითარებამ შეუწყო ხელი. 2004-დან 2008 წლამდე საბანკო პროდუქტები ხელმისაწვდომი ხდებოდა მოსახლეობის უფრო მეტი რაოდენობისთვის. ბანკები საკმაოდ მარტივად გასცემდნენ სესხებს და ნაკლებად ითვალისწინებდნენ რეალურ რისკებს. მათი ერთი ნაწილი აქტივების ხელოვნური გაბერვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რეალური ეკონომიკის საჭიროებების იგნორირებით ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი კლიენტის მიზიდვას, ერთი შეხედვით, მომხიბლავი და მაცდუნებელი პირობებით. ამასთან, კრედიტების ძირითადი ნაწილი სამომხმარებლო ხასიათისა იყო. საკრედიტო ბუმის პირობებში, ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის და ეკონომიკის ვირტუალური ზრდის შთაბეჭდილება შეიქმნა. კრედიტების ხელმისაწვდომობამ საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ საბანკო პროდუქტების დახმარებით ყველას შეეძლო ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების შეძენა. ანუ, ბანკებმა წაახალისეს მოთხოვნა კრედიტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ეკონომიკაში, რეალურად, არ არსებობდა.
სამწუხაროდ, ის, თუ რა ვალდებულებებთან იყო დაკავშირებული სამომავლოდ, საბანკო მომსახურების ანგარიშმიუცემლად გამოყენება, მომხმარებლებს კარგად არ ჰქონდათ გააზრებული. ეს გახდა კიდეც სადღეისოდ შექმნილი კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი.

ხელისუფლების "საახალწლო საჩუქარი" ყველაზე გაჭირვებულებს
უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემის აღიარებას, სახელმწიფომ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არჩია. 2009 წელს, როდესაც ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა დღითიდღე მწვავდებოდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებდა, სახელმწიფოს, პრაქტიკულად, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ბანკებისა და "კრედიტინფოს" მიერ "დასჯილი" ადამიანების დასახმარებლად. ახალი წლიდან კი სპეციალურად ამ ადამიანებისთვის "საახალწლო საჩუქარი" მოამზადა.
საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით შეიქმნა ე.წ. მევალეთა რეესტრი. ახალი რეგულაციით, თუკი სასამართლოს მიერ დადასტურებული ადამიანს ვალი აქვს და ვალდებულებას 7 დღის განმავლობაში ვერ ისტუმრებს, მას მევალეთა რეესტრში შეიყვანენ.
მთავარი ისაა რაც ამის შემდეგ ხდება, დავალიანების მქონე ადამიანს სახლში "ესტუმრება" აღმასრულებელი და ნებისმიერ ნივთს რასაც ბინაში აღმოაჩენს, უახლოესს ერთ თვეში საჯარო აუქციონზე გაყიდის. დავალიანების მქონე პირს, მხოლოდ ოთხი კვირის სამყოფ საკვებ, საწვავ და სანათ საშუალებებს დაუტოვებენ, თუკი ამ აუქციონით ვალი კიდევ არ დაიფარა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში "დამრღვევს" ჩამოართმევენ ნებისმიერ ქონებას თუ შემოსავალს რომელიც მას გაუჩნდება.
საინტერესო მიდგომაა, აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, პრობლემური სესხის მქონე ადამიანს თუ მისი ოჯახის წევრებს სხვა არაფერი დარჩებათ, თუ არა დატოვონ ქვეყანა.
პრობლემის გადაწყვეტას სხვა გზებით ხედავს ”დებიტორული დავალიანებების მომსახურების საინფორმაციო-სავაჭრო ცენტრის” დამფუძნებელი დავით დობორჯგინიძე. "დღეს, როგორც ახალი საქართველოს არცერთ პერიოდში აუცილებელია მეორადი ფინანსური ბაზრის დაფუძნება და განვითარება. აუცილებელი ხდება ვალდებულებების ამსახველი ფასიანი ქაღალდების - თამასუქების მიქმოცევის, რეგისტრაციის, შესრულების, გადაფორმების საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის გაუმჯობესება, რომ ბაზრის სუბიექტებმა შეძლონ ფიქსირებული დავალიანებების ოპერატიული და შეუფერხებელი დელეგირება; დავალიანებათა ნაწილის თამასუქიზება და თავისუფალ ბაზარზე გატანა. ამ ნაბიჯს დღეს არსებითად ითხოვს ის სურათი, რომელსაც ვაფიქსირებთ ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორში, და ახლა უკვე ზოგადად ეკონომიკაში. თუ საქართველო პირველი გახსნის რეალურად მოქმედ მეორად ფინანსურ ბაზარს და თუ საქართველო პირველი იქნება ამ საქმეში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისი ისევ აღიდგენს რეგიონის წამყვანი საბანკო-საფინანსო ცენტრის სტატუსს.
მეორეს მხრივ, საკრედიტო-საფინანსო ბაზრის ვერანაირი ვაუჩერული და დოტაციის მიდგომები ვერ უზრუნველყოფენ სისტემის დაბალანსებას. ყველა სხვა გზა გვიღრმავებს და გვირთულებს ამ პროცესს. სიტყვა ”ვალი” ყოველდღიურად მეტად და მეტად რელევანტური ხდება. სიტყვა ”ვალი” დღეს ყველა დარგსა და სფეროში არსებითია. ეს პრობლემა ვერ მოგვარდება სააღსრულებლო სამსახურების უფლებამოსილებისა და მოდერნიზების გზით. მაშინ, როდესაც ჯერ არ ჩამოყალიბეული თავისუფალი ბაზარი ითხოვს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, - დაუშვებელია არასრულფასოვანი აღსრულებითი ქმედებები, კარს მომდგარი არჩევნებისა და სხვადასხვა დარგებში, პარალელურად განვითარებული რეფორმების ფონზე", - აცხადებს დავით დობორჯგინიძე.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48